logo_geo
eng_logo
მერაბ კაჭახიძე ბიძინა ივანიშვილს: მთავარია, შენ არ შედრკე და დაიღალო
- +

20 აპრილი. 2019. 20:35

 

 

ყოფილი პარლამენტარი მერაბ კაჭახიძე ბიძინა ივანიშვილს ღია წერილით მიმართავს:

 

„გრიგორიჩ, მტერი გაგიმრავლდა ძალიან. ისე დაემსგავსა მათი ტექსტები ერთმანეთს, უკვე ვეღარ ვარჩევ, ვინ ვინაა - მემარცხენე, მემარჯვენე, ლიბერალი, კონსერვატორი, იმისტი, ამისტი... ყველა ერთ ხმაში გაჰკივის.

 

ბევრ მათგანს, ვინც სახალხოდ, ეკრანებიდან იმოძღვრება, კარგად ვიცნობ, შემიძლია ვთქვა, შენზე უკეთესადაც კი. ვიცი, ვინ ვინ არის, ვის როდის რა უკეთებია და როგორ ქართულ პოლიტიკაში.

 

ზოგს დღესაც პატივს ვცემ, მიუხედავად იმისა, მათ დღევანდელ რიტორიკას არ ვეთანხმები, მაინც ვთვლი, ცუდი ზრახვანი არ აქვთ, უბრალოდ, ამბიციებს ვერ მოერივნენ. უმრავლესობა კი, მშვენივრად ვიცი, რისთვის იგლეჯს ხმის იოგებს.

 

ხელისუფლება, ხელისუფლება და კიდევ ხელისუფლება. ეს არის მათი მთავარი მიზანი და თუ გნებავს - ოცნებაც.

 

ნაცრეჟიმის ხელისუფლებიდან მოცილების შემდეგ, გაიწიე გვერდზე და შენს დღევანდელ ოპონენტებს, თითქმის ყველას მიეცი საშუალება, ემართა ეს ქვეყანა.

 

პირდაპირ ვთქვათ, ვერ მოაბეს თავი. მეტიც, ხალხის უკმაყოფილების შენკენ დაძრულ ტალღასაც კი თავს არიდებდნენ, მეტწილად - დუმილით. თითქოს მიანიშნებდნენ, ჩვენ რა შუაში ვართო...

 

ამიტომაც მოგიწია პოლიტიკაში მობრუნება, რათა 2012 წელს დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანო.

 

შენ არ ხარ პოლიტიკოსის კლასიკური ნიმუში. მეტსაც გეტყვი, არა ხარ პოლიტიკოსი, ანუ იმის მაგივრად, ერთს ფიქრობდე, მეორეს ამბობდე და მესამეს აკეთებდე, რასაც ფიქრობ, იმას ამბობ და იმასვე აკეთებ. ეს ე.წ. სიალალე, 2011 წლის წერილიდან მოყოლებული, ბოლო ინტერვიუს ჩათვლით, შენს გამოსვლებს წითელ ხაზად გასდევს.

 

ეტყობა, ბევრმა ამიტომაც ვერ გაგიგო, გიგუა თუ აგიტანა.

 

ჰოდა, შენგან შერისხულმა, გაშვებულმა ადამიანებმა გადახედეს ერთმანეთს და თქვეს: ეს ვინ არის, ამან როგორ უნდა გვაჯობოს?! რა, ჩვენზე მეტი იცის პოლიტიკაში, ჩვენზე უკეთ მეტყველებს თუ ქარიზმა აქვს ჩვენზე მეტიო და ატყდა ის ბაკქანალია, რაც დღეს სუფევს ქვეყანაში, რომ იტყვიან, ძაღლი პატრონს ვერ ცნობს.

 

უზარმაზარ მონსტრს ეჭიდავები, გრიგორიჩ, ეჭიდავები თანაც მარტო, რადგანაც გუნდი, რომლითაც იბრძვი, მაპატიე და, რბილად რომ ვთქვა, სუსტია.

 

დიდი არჩევანი არ გქონდა, ვისაც სხვადასხვა პერიოდში დაეყრდენი, ყველა სათავისოდ გაიწია და საყვედური რომ უთხარი, ტლინკები ყარა, თუმცა ვფიქრობ, სელექციისთვის მეტი დრო რომ დაგეთმო, უკეთესის გამოდნობა შეიძლებოდა.

 

რას ვიზამთ, იდეალური რა არის ამ სამყაროში, რომ მთავრობა იყოს და ისიც საქართველოში.

 

მთავარია, სვლა გაგრძელდეს მიზნისკენ, რომელსაც ქვეყნის იმ მოჯადოებული წრიდან გამოყვანა ჰქვია, რომელშიც ბოლო ოცდაათი წელია ტრიალებს.

 

შენ ხომ გჯერა შენი სიმართლის და შენი საკეთებელის?!

 

ჰოდა, იცოდე, მიუხედავად ყოველი მხრიდან ატეხილი ამ ჯოჯოხეთური კაკოფონიისა, მიუხედავად ამ კაკოფინიის ფეხის ხმას აყოლილებისა, არის საზოგადოება და არავისზე ცოტა, რომელიც სწორად ხედავს და აფასებს დღევანდელობას, სჯერა შენი და მოგყვება ამ ბრძოლაში.

 

მთავარია, შენ არ შედრკე და დაიღალო. ვფიქრობ, ამხელაზე შეტოპილს აღარც გაქვს უფლება.

 

გამარჯვებულებს, მითუმეტეს, ქვეყნის ხვალინდელ დღისთვის ბრძოლაში გამარჯვებულებს, არ კი არა, ვერ ასამართლებენ.

 

უკაცრავად, მსმენელო (მკითხველო) საზოგადოებავ, თუ გადაგღალეთ“, - წერს კაჭახიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×