logo_geo
eng_logo
ოთარ ანგურიძე: ეს სარეიტინგო შეფასება უფრო მეტად გააძლიერებს საერთაშორისო ინვესტორების ინტერესს ჩვენი ქვეყნის მიმართ
- +

25 თებერვალი. 2019. 15:53

ექსპერტი ოთარ ანგურიძე სარეიტინგო კომპანია „Fitch“-ის მიერ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის ერთი ნიშნულით, „BB-“-დან „BB“-მდე გაუმჯობესებას დადებითად აფასებს.

 

ექსპერტის თქმით, ეს ფაქტი ხაზს უსვამს იმ რეფორმების მნიშვნელობას, რომლებიც მიზნად ისახავს საქართველოს ეკონომიკის გაჯანსაღებას:

 

„ის ფაქტი, რომ „Fitch“-მა რეგიონში ყველა ქვეყნის სარეიტინგო შეფასება უცვლელი დატოვა და მხოლოდ საქართველოს პოზიცია გააუმჯობესა, უფრო მეტად გააძლიერებს საერთაშორისო ინვესტორების ინტერესს ჩვენი ქვეყნის მიმართ“.

 

ამ რეფორმებიდან ოთარ ანგურიძე ყურადღებას ამახვილებს ისეთ მიმართულებებზე, როგორიცაა დღგ-ს ზედმეტობის დაბრუნება, ლარიზაციის გაზრდისთვის გადადგმული ნაბიჯები, დეპოზიტების დაზღვევის რეფორმა, ჭარბვალიანობის შემცირებისთვის განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები, გადახდისუუნარობის რეფორმა, საჯარო და კერძო თანამშრომლობის რეფორმა და სხვა.

 

„ასეთი რეფორმების შედეგად გაუმჯობესებულია ეკონომიკის სტრუქტურა, დაჩქარდა პოტენციური ეკონომიკური ზრდა და მაკროეკონომიკური სტაბილურობის თვალსაზრისით შეიქმნა მყარი საფუძველი შემდგომი განვითარებისთვის, რაც ზრდის ნდობას ქვეყნის მიმართ და ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის შემდგომ ინტეგრაციას საერთაშორისო ასპარეზზე“, - აღნიშნა ანგურიძემ.

 

მისი მოსაზრებით, აუცილებელია, საქართველოს მთავრობამ გააგრძელოს რეფორმების პროცესი, რომელიც ორიენტირებული იქნება ეკონომიკის სტრუქტურულ გაუმჯობესებაზე, ეკონომიკურ შესაძლებლობებზე ინკლუზიური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე, პროდუქტიულობის ზრდაზე, ქვეყნის შეფარდებითი უპირატესობების გამოყენებასა და ბიზნესგარემოს შემდგომ გაუმჯობესებაზე.

 

 

„მსგავსი ტიპის რეიტინგების გაუმჯობესება იძლევა საფუძველს, ვივარაუდოთ, რომ მომავალში გაიზრდება საინვესტიციო ნაკადები, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ზრდის დაჩქარებას“, - განაცხადა ოთარ ანგურიძემ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×