logo_geo
eng_logo
ანრი ოხანაშვილი: „ნაცმოძრაობა“ არის მეხუთე კოლონა, რომელიც საზოგადოების და ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს
- +

17 ივლისი. 2019. 18:20

 

 

„ნაციონალური მოძრაობა“ არის მეხუთე კოლონა, რომელიც საკუთარი საზოგადოების და ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს. ისინი ყველაფერზე არიან წამსვლელები, გაწირავენ საზოგადოებას და ქვეყანას, თუკი როგორმე მიეცემათ ხელისუფლებაში ძალადობრივი გზით მოსვლის შესაძლებლობა“, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

 

ოხანაშვილის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ქვეყნის განვითარების და გამთლიანების არანაირი ინტერესი არ ამოძრავებს.

 

„ჩვენ ვნახეთ და ყველამ ვიცით, რით დასრულდა ხელისუფლებაში მათი ყოფნა, როგორი სავალალო შედეგები ჰქონდა ჩვენთვის როგორც ტერიტორიული მთლიანობის, ასევე დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით. შესაბამისად, მათი ეს ქმედებები ერთი-ერთში მტრის წისქვილზე ასხამს წყალს. ყველა მათი ნაბიჯი, თუკი მათ კარგად დავუკვირდებით და დარწმუნებული ვარ, ჩვენი საზოგადოება ამას ძალიან კარგად ხვდება, ემსახურება სწორედ რუსეთის ინტერესებს. ჩვენ არ ვითანამშრომლებთ „ნაციონალურ მოძრაობასთან“, ვისთვისაც სულ ერთია ადამიანის უფლებები, ადამიანის ღირსება, ჩვენი ქვეყნის განვითარება, მათთან ჩვენ არ ვითანამშრომლებთ”, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

 

რაც შეეხება სხვა პარტიებს, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, ჯერ ამ პარტიებმა უნდა უზრუნველყონ მომხრეების მობილიზება, არჩევნებზე წარდგომა და შესაბამისი მხარდაჭერის მოპოვება.

 

„ჩვენი თანამშრომლობისთვის მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი ქვეყნის სტაბილური განვითარება, მშვიდობა, უსაფრთხოების დაცვა ქვეყანაში და მისი შემდგომი დემოკრატიული განვითარება. რომელი პარტიებიც ამ ღირებულებებს გაიზიარებენ და შეძლებენ მხარდამჭერების მობილიზებას, ამაზე უკვე შემდგომ ვიმსჯელებთ“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner