logo_geo
eng_logo
„თუ ქართველები გადაწყვეტენ, რომ მეხუთე მუხლი ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ გავრცელდეს, ჩვენ შეგვიძლია ამის მიღება და პროცესის დაწყება“
- +

10 სექტემბერი. 2019. 11:51

 

„ქართველებმა უნდა იმსჯელოთ, მისაღებია თუ არა უსაფრთხოების ორგანიზაციაში გაერთიანება ისე, რომ საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიები მეხუთე მუხლმა არ დაფაროს“, – ამის შესახებ NATO-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა, თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა.

 

რასმუსენის თქმით, თუ საქართველოში ამას გადაწყვეტენ, ქართველებს შეუძლიათ, საკითხის დაყენება, რის შემდეგაც NATO-ს მოკავშირეებს სამსჯელო ექნებათ.

 

„ახლა იმ წევრებისთვის, რომლებიც თავს იკავებენ ადვილია თქმა, რომ საქართველოს აქვს გადაუწყვეტელი სასაზღვრო საკითხები რუსეთთან. ჩვენ არ შეგვიძლია საქართველოსთვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემა და მეხუთე მუხლის მთელ საქართველოზე გავრცელება. მე ვფიქრობ, პირველი ნაბიჯი ამ საკითხზე მსჯელობისთვის საქართველოში უნდა გადაიდგას და შემდეგ უნდა წავიდეს NATO-ში. თუ თქვენ კითხულობთ ყოველწლიურ პროგრამებს, საქართველო თითქმის ყველა პირობას ასრულებს, მაგრამ ჯერ კიდევ გაქვთ პრობლემები საზღვრებთან დაკავშირებით. მაგრამ ამავე დროს, ჩვენ ვერ მივცემთ პუტინს ვეტოს უფლებას, ეს მან არ უნდა გადაწყვიტოს, შეუერთდება თუ არა საქართველო NATO-ს. ეს საქართველოს მთავრობის და NATO-ს საბჭოზეა დამოკიდებული“, – განაცხადა NATO-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა.

 

ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებით, ვლადიმერ პუტინს შეუძლია, თავისი თამაშების გაგრძელება და ეს საქართველოს სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის გარდა ეხება ყირიმს, დონბასს, დნესტრისპირეთს და მთიან ყარაბაღს, რადგან პუტინი ფიქრობს, რომ მეზობლების დასუსტება და კონფლიქტებზე ფოკუსირება მათი NATO-ში და ევროკავშირში გაწევრიანების პრევენციას მოახდენს.

 

„პუტინმა კარგად იცის, რომ NATO-ში და ევროკავშირში არ სურთ გადაუწყვეტელი სასაზღვრო დავების იმპორტირება. ჩვენ არ შეგვიძლია, მას ნება დავრთოთ, რომ ეს დე ფაქტო ვეტოს უფლება შეინარჩუნოს. ჩვენ პროცესი უნდა დავიწყოთ და თუ ქართველები გადაწყვეტენ, რომ მეხუთე მუხლი ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ გავრცელდეს, ჩვენ შეგვიძლია ამის მიღება, რომ აღნიშნული მუხლი, მხოლოდ საქართველოს მთავრობის კონტროლირებულ ტერიტორიაზე გავრცელდეს. ამის შემდეგ ჩვენ შეგვიძლია პროცესის დაწყება. ამით ჩვენ შევძლებთ კრემლისთვის ცხადი სიგნალის გაგზავნას, არ გააგრძელოს ეს გზა, რადგან პოზიტიური განვითარება არ ექნება მისთვის“, – განაცხადა ანდერს ფოგ რასმუსენმა.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner