logo_geo
eng_logo
ნათია მეზვრიშვილი: ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ ევროკავშირისა და გაერო-ს ანგარიშში დადებითად არის შეფასებული სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯები
- +

18 ოქტომბერი. 2019. 13:32

 

„საკმაოდ ბევრი მიმართულებით ექსპერტის მიერ ანგარიშში ასახულია პროგრესი და დადებითად არის შეფასებული სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯები“, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ ევროკავშირისა და გაერო-ს დამოუკიდებელი ანგარიშის წარდგენის შემდეგ განაცხადა.

 

მისი თქმით, დადებითად არის შეფასებული  სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური შექმნა და მისი საგამოძიებო ფუნქციით აღჭურვა, შინაგან საქმეთა სამინისტროში ადამიანის უფლებების დეპარტამენტის შექმნა და ასევე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი.

 

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია დამოუკიდებელი ექსპერტის შეფასებები ადამიანის უფლებების საკითხებზე, სწორედ ასეთი ანგარიშის პრეზენტაცია იმართება დღეს. საკმაოდ ბევრი მიმართულებით ექსპერტის მიერ ანგარიშში ასახულია პროგრესი და დადებითად არის შეფასებული სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯები, მაგალითად ისეთ საკითხებზე, როგორიც არის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური შექმნა და მისი საგამოძიებო ფუნქციით აღჭურვა, ვგულისხმობ სამოხელეო დანაშაულს. ისეთი, როგორიც არის ადამიანის უფლებების დეპარტამენტის შექმნა შინაგან საქმეთა სამინისტროში და ამ მიმართულებით მიღწეული პროგრესი, ისეთი როგორიც არის მაგალითად არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი და ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები. რა თქმა უნდა, არის გარკვეული გამოწვევები და არის გარკვეული შენიშვნებიც ამ ანგარიშში, თუმცა ჩვენ ამ შენიშვნებს არ გავურბივართ, პირიქით, ასეთი დამოუკიდებელი შეფასებები და მათ შორის მწვავე კრიტიკული მოსაზრებები გვეხმარება იმაში, რომ კიდევ უფრო მეტი ნაბიჯი გადავდგათ პროგრესისკენ ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

 

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თქმით, ადამიანის უფლებათა საბჭოს განახლებასთან დაკავშირებით არსებობს საერთაშორისო საზოგადოების და არასამთავრობო სექტორის მოლოდინები და უახლოეს მომავალში ეს საბჭო აუცილებლად განახლდება.

 

„ერთი, რაც შემიძლია ცალსახად განვაცხადო და ეს კონფერენციაზეც აღინიშნა, დიდი ხანია, საერთაშორისო საზოგადოების და არასამთავრობო სექტორის მოლოდინები არსებობს, ადამიანის უფლებათა საბჭოს განახლებასთან დაკავშირებით, რომელსაც, როგორც მოგეხსენებათ, პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს. ეს საბჭო აუცილებლად განახლდება უახლოეს მომავალში და ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმა იმისათვის, რომ ჩვენ ერთად შევკრიბოთ საერთაშორისო პარტნიორები, არასამთავრობო სექტორი, სახელმწიფო უწყებები და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით რა გამოწვევებიც გვაქვს, ამაზე ვიმსჯელოთ და მივიღოთ კონკრეტული გადაწყვეტილებები“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

 

სასტუმრო „რედისონში“ გამართულ ღონისძიებას ესწრებოდნენ ევროკავშირის ელჩი საქართველოში, გაერო-ს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში, საქართველოს სახალხო დამცველი, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ექსპერტები და ადამიანის უფლებების მიმართულებით მომუშავე ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner