logo_geo
eng_logo
მაია ცქიტიშვილი: ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ინტერესთა გამოხატვის გამოსაცხადებლად ვემზადებით
- +

28 იანვარი. 2020. 14:43

 

„ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით ინტერესთა გამოხატვის გამოცხადებისთვის ვემზადებით“, – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

 

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან ხელშეკრულება შეწყდა და ვემზადებით, რომ ახალი ინტერესთა  გამოხატვა გამოვაცხადოთ, რომლის საფუძველზეც შეირჩევა ახალი ინვესტორი, რომელიც შეძლებს და ექნება საკმარისი ფინანსური რესურსი, გამოცდილება, რათა ეს პროექტი განახორციელოს. ამ ეტაპზე, ინტერესთა გამოხატვის პირობებზე მიმდინარეობს მუშაობა. წინა ინტერესთა გამოხატვა 2014 წელს გამოცხადდა, მას შემდეგ ძალიან ბევრი რამ შეიცვალა. უშუალოდ საინვესტიციო ხელშეკრულებაშიც კი ახალი პირობები იყო ჩამოყალიბებული. ასევე მოგეხსენებათ, ბანკებთან მოლაპარაკებების შედეგად, გარკვეულ ცვლილებებზე დათანხმდა მთავრობა. შესაბამისად, ახალ ინტერესთა გამოხატვაში ყველა ეს ცვლილება უნდა ჩაიდოს“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

 

მისი თქმით, მთავრობა აუცილებლად იმუშავებს საერთაშორისო პარტნიორებთან, საერთაშორისო ბანკებთან, რომლებიც შესაძლოა, მომავალშიც მოიაზრებოდნენ აღნიშნული პროექტის დამფინანსებლებად.

 

„შესაბამისად, ინვესტორებს უკვე ერთიან პოზიციას, ინტერესთა გამოხატვის ერთიან პირობებს შევთავაზებთ“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

 

საქართველოს მთავრობამ ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ხელშეკრულება 9 იანვარს ოფიციალურად შეწყვიტა. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ 14 იანვარს გავრცელებული განცხადების თანახმად, მთავრობა ანაკლიის პროექტის ხელახალი სატენდერო წინადადების მოსამზადებელ პროცედურებს იწყებს.

 

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner