logo_geo
eng_logo
ეკატერინე ტიკარაძე: შეიძლება, გარკვეული პერიოდის შემდეგ ტესტირება ყველა უსიმპტომოსაც ჩავუტაროთ
- +

9 აპრილი. 2020. 23:09

 

 

 

საპატრულო პოლიციისა და თავდაცვის ძალების კვლევით პროცესში ჩართვა სრულიად ლოგიკურია და არანაირ კითხვას არ უნდა ბადებდეს, თუ რატომ ვზრუნავთ მათზე ისევე, როგორც ჩვენს ექიმებზე“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე“ განაცხადა.

 

თავდაცვის ძალების ალგორითმში მოხვედრა აბსოლუტურად ლოგიკურია, რადგან ისინი აქტიურად არიან ჩართული კონტროლის პროცესში. ისინი წინა ხაზზე არიან ისევე, როგორც ჩვენი საგანგებო სიტუაციების მართვის, სასწრაფოს და ოჯახის ექიმები. ასევეა საპატრულო პოლიციაც. მათი კვლევით პროცესში ჩართვა სრულიად ლოგიკურია და არანაირ კითხვას არ უნდა ბადებდეს, თუ რატომ ვზრუნავთ მათზე ისევე, როგორც ჩვენს ექიმებზე“, – განაცხადა ტიკარაძემ.

შეკითხვაზე, რა შემთხვევაში მოხდება სასულიერო პირის ტესტირება და ჩაუტარდება თუ არა ტესტი უკლებლივ ყველა სასულიერო პირს, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით საზოგადოება შეცდომაში შევიდა.

საქართველოში გვაქვს ტუბერკულოზის პროგრამის ძალიან კარგი პრაქტიკა და როცა ამ პროგრამას ვახორციელებდით, რომელიც ძალიან წარმატებით შესრულდა, იქ შეტანილი იყო სასულიერო პირთა და მონასტრების კვლევაც, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ვინაიდან გარკვეულწილად, ეს დაწესებულებებიც ითვლება მოწყვლად ჯგუფებად. სწორედ აქედან გამომდინარე ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ მნიშვნელოვანია მათი უსაფრთხოების დაცვა და გაფართოებულ ალგორითმში სწორედ ამ ფაქტებზე დაყრდნობით იქნა შეტანილი ამ პირების კვლევაც“, – განაცხადა ტიკარაძემ.

 

ჯანდაცვის მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ დღესდღეობით, საქართველო არ იმყოფება გავრცელების იმ ფაზაზე, რომ მოქალაქეებისთვის სწრაფი ტესტის ჩატარება მოხდეს ანტისხეულებზე.

 

ჩვენი ყველა კვლევა აჩვენებს, რომ მოსახლეობაში ჯერ არ არის გავრცელების ის კოეფიციენტი, სადაც შეიძლება, გადატანილი ინფექციები ვეძებოთ. აქედან გამომდინარე, ჯერ ალგორითმის გაფართოება ამ კუთხით არ იგეგმება. თუმცა, რა თქმა უნდა, დღის წესრიგში დგას და ჩვენ განვიხილავთ იმასაც, რომ შეიძლება, გარკვეული პერიოდის შემდეგ ტესტირება ყველა უსიმპტომოსაც ჩავუტაროთ“, – განაცხადა ტიკარაძემ.

 

მისი თქმით, ამ ეტაპზე უსიმპტომო მოქალაქეებს ტესტირება ეპიდემიოლოგების და პირველი ჯანდაცვის რგოლის მხრიდან მიტანილი ეჭვის საფუძველზე ჩაუტარდებათ.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner