logo_geo
eng_logo
ირაკლი კოვზანაძე: ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები დაბეგვრის ნაწილში თითქმის შესრულებულია
- +

10 ივლისი. 2020. 15:11

 

 

„პარლამენტი ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე ინტენსიურად  მუშაობს, მათ შორის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ჩართულობა ამ პროცესში განსაკუთრებით აქტიურია, ფაქტიურად კომიტეტმა  დაბეგვრის ნაწილში ვალდებულებები შეასრულა. ევროდირექტივებთან ჰარმონიზაცია კი ჩვენი ქვეყნისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია“, - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ ფინანსური მომსახურების, აუდიტის და საგადასახადო სფეროში ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების 2020 წლის სამოქმედო გეგმის კომენტირებისას განაცხადა.

ირაკლი კოვზანაძის თქმით, საგადასახადო კანონმდებლობის ევროკავშირის  დირექტივასთან დაახლოების მიზნით შემუშავებულ საგადასახადო კოდექსში ცვლილებებს,  მესამე მოსმენით პარლამენტი მომავალ კვირას მიიღებს, ამით კი დაბეგვრის ნაწილში ასოცირებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება ფაქტიურად დასრულდება.   

 

„საგადასახადო კოდექსში საკმაოდ კომპლექსური ცვლილებები განხორციელდა, რაც პირველ რიგში   დღგ-ის მიმართულებას ეხება. ეს არის მნიშვნელოვანი პაკეტი,  კომპლექსური, როგორც გადახდის გამარტივების კუთხით, ასევე - საკმაოდ ინვენტარიზებული დახასიათებაა  დღგ-ის თვალსაზრისით“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

 

გარდა ამისა, როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ევროკავშირში შესაბამის დირექტივებზე დაყრდნობით პარლამენტმა უკვე მიიღო  მთავრობის მიერ  ინიცირებული „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ კანონში ცვლილება. რაც ირაკლი კოვზანაძის განცხადებით,  ფასიანი ქაღალდების ბაზრის გამჭვირვალობას  და ამ პროცესისადმი  ინვესტორის მაღალ ნდობას უზრუნველყოფს. 

 

რაც შეეხება სხვა შესრულებულ ევროდირექტივებს: პარლამენტმა 2019 წლის საშემოდგომო სესიაზე დაამტკიცა „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, საქართველოში კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია.

 

ასევე, დირექტივასთან დაახლოების მიზნით, საქართველოს პარლამენტმა 2017 წლის  მაისში მიიღო კანონი „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“. 2020 წლის  1 ივლისიდან   დეპოზიტების დაზღვევის ზღვარი 5000-დან  15 000 ლარამდე გაიზარდა. 

 

შესრულებულ ვალდებულებებშია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკანონმდებლო პაკეტი საგადასახადო კუთხით: ახალი საბაჟო კოდექსი, რომელიც პარლამენტმა გასული  წლის 28 ივნისს მიიღო და  2019 წლის 1 სექტემბერიდან ამოქმედა.

 

„კოდექსით  გათვალისწინებულია საქართველოში ევროკავშირის მსგავსი საბაჟო პროცედურების დანერგვა, ამასთან შენარჩუნებულია  ყველა მარტივი პროცედურა, რაც საგადასახადო და საბაჟო ვალდებულებების ერთიან ადმინისტრირებას უკავშირდება“, -აღნიშნა კოვზანაძემ.

 

ასოცირების შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის  2020 წლის  სამოქმედო გეგმის მიმდინარეობის და შესრულების ანგარიშები საფინანსო-საბიუჯეტო და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტებმა, გაერთიანებულ სხდომაზე, გუშინ  მოისმინეს და ცნობად მიიღეს.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner