logo_geo
eng_logo
ბარნოვის ქუჩაზე მოკლული ქალის ბებია ეჭვობს, რომ მკვლელობაში ბრალდებული სახლის გადაწვასაც ცდილობდა
- +

16 აპრილი. 2018. 00:08

 

ორი დღის წინ თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე მოკლული 25 წლის ქალის ბებიას ეჭვი აქვს, რომ მკვლელობაში ბრალდებული სახლის გადაწვასაც ცდილობდა, თუმცა განზრახვის სისრულეში მოყვანა ვერ მოახერხა. ამის შესახებ მერი გობაძემ პირველ არხთან საუბრისას განაცხადა.

 

„სახლში რომ შევიდნენ, ბენზინის სუნი მდგარა. ტანსაცმელი, რომელიც იქიდან გამოიტანეს, ბენზინის სუნითაა გაჟღენთილი. მოკლულის მცირეწლოვანი შვილი შეშინებული იყო და აქამდე არაფერს გვეუბნებოდა. დღეს თქვა, რომ ვეფხო ბოთლიდან სითხეს ოთახებში ასხამდა და ბავშვსაც ბენზინის სუნი ასდიოდა“, – იხსენებს მერი გობაძე და აღნიშნავს, რომ ვეფხია ბაქრაძეს და ნათია გობაძეს ურთიერთობა მას შემდეგ დაეძაბათ, რაც ნათიამ შვილები საცხოვრებლად თავისთან, თბილისში გადაიყვანა. ქმარს არ მოსწონდა, რომ ნათია გობაძე მათზე ფულს ხარჯავდა და ამაზე სულ ჩხუბობდა.

 

„ვიცი, რომ ვეფხო ტოტალიზატორში თამაშობდა და ფულს ცოლს სძალავდა. ზოგჯერ ჩანთიდან მალულადაც აცლიდა. რომელი დედა იტყვის ქმრის გამო შვილებზე უარს. ამიტომ მიატოვა“, – ამბობს გარდაცვლილის ბებია.

 

მისივე თქმით, ვეფხია ბაქრაძე მას შემდეგ, რაც ცოლის უმოწყალო ცემისთვის სასჯელს იხდიდა და პრეზიდენტმა შეიწყალა, ერთ-ერთ კომპანიაში ტაქსის მძღოლად მუშაობდა.

 

„ვეფხო რომელიღაც კომპანიაში, გამოძახებით ტაქსისტად მუშაობდა. როგორ შეიძლება ასეთ კაცს მგზავრების გადაყვანა ანდონ, ან მისი შეწყალება როგორ შეიძლებოდა?!“ – აცხადებს მერი გობაძე და აღნიშნავს, რომ მისმა შვილმა, ნათია გობაძემ პოლიციას ბევრჯერ მიმართა, თუმცა არ სჯეროდა, რომ შემაკავებელ ორდერს რაიმე ეფექტი ექნებოდა.

 

„ახლა ხომ ყველამ ნახა, რა უბედურებაც მოხდა“, – აცხადებს მოკლულის ბებია.

 

მკვლელობა თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე 13 აპრილს მოხდა. ყოფილმა მამინაცვალმა ახალგაზრდა ქალს მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით ყელის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.

 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მკვლელობაში ბრალდებული გუშინ დააკავა.

 

მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალი დღეს დაუმძიმდა. საქმის წარმოება სსკ-ის 108-ე მუხლიდან გადაკვალიფიცირდა.

 

ვეფხია ბაქრაძეს, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 16-დან 20-წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

 

ვეფხვია ბაქრაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მთავარი პროკურატურა სასამართლოს ხვალ მიმართავს.

 

ამასთან, დაკავებულია კიდევ ერთი პირი, რომელსაც დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან.

 

ინციდენტამდე რამდენიმე საათით ადრე, თაკო გამრეკელაშვილი დედასთან ერთად პოლიციაში იმყოფებოდა, სადაც მამინაცვლის მხრიდან მუქარასა და ზეწოლაზე განცხადება შეიტანეს. ეჭვმიტანილის წინააღმდეგ შემაკავებელი ორდერიც გამოიცა.

 

მკვლელობისთვის დაკავებული პირი, შსს-ს ინფორმაციით, ადრე ნასამართლევია ოჯახური ძალადობის ბრალდებით და ის პრეზიდენტის შეწყალებით რამდენიმე თვის წინ გათავისუფლდა. აღნიშნულ საკითხზე პრეზიდენტი განცხადებას ხვალ გააკეთებს.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner