logo_geo
eng_logo
Eurasia Daily Monitor: საქართველოს ახალი მთავრობა აბალანსებს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს
- +

20 ივლისი. 2018. 17:37

 

 

ჯეიმსთაუნის ფონდის გამოცემა „ევრაზია დეილი მონიტორი“ საქართველო-რუსეთის ურთიერთობას სტატიას უძღვნის. მასში ნათქვამია, რომ ის ფაქტი, რომ რუსეთ-საქართველოს ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობები განუხრელად იზრდება, მიუთითებს ურთიერთობების დათბობაზე და საქართველომ  მთავრობამ ასევე განაცხადა მისი უცვლელი ერთგულების შესახებ ევროატლანტიკური თანამშრომლობის და ინტეგრაციის პოლიტიკის მიმართ. 

 

„საქართველოს ახალი მთავრობა, რომელსაც 36 წლის პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ხელმძღვანელობს, აშკარად აპირებს რუსეთთან სავაჭრო და კულტურული ურთიერთობების გაუმჯობესებაზე ფოკუსირებას მისი პროგრამის - „თავისუფლება, სწრაფი განვითარება და კეთილდღეობა“ ფარგლებში. ბახტაძემ რეპორტიორებს განუცხადა: „სავაჭრო, ეკონომიკური და კულტურული კონტაქტების და ადამიანებს შორის ურთიერთობების ხელშეწყობა გაგრძელდება რაციონალური პოლიტიკის და რუსეთის ფედერაციის მიმართ პოლიტიკის დეესკალაციის ფარგლებში“. თავისუფლების, სწრაფი განვითარების და კეთილდღეობის ინიციატივა გაგრძელდება 28 თვის განმავლობაში, 2020 წლის შემოდგომამდე, როდესაც ჩატარდება შემდგომი საყოველთაო საპარლამენტო არჩევნები.

 

მაშინ, როდესაც ამ ახალ სამთავრობო პროგრამას შეუძლია მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს საქართველოს და რუსეთს შორის არსებული ათწლიანი დაძაბული ურთიერთობები, რომლებიც არსებობს მათ შორის 2008 წლის ხანმოკლე ომის შემდეგ, პროგრამის რუსეთთან დაკავშირებული კომპონენტი მხოლოდ ნაწილია თბილისის ფართო საერთაშორისო ინიციატივისა, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს საგარეო პოლიტიკის დაფუძნებას მის „შეუქცევად ინტეგრაციაზე“ ევროკავშირსა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში. ამ ორი მოვლენიდან მოსკოვისთვის არცერთი იქნება სასიამოვნო“, - ნათქვამია სტატიაში.

 

გამოცემა წერს, რომ როგორც პრემიერი ბახტაძე, ისე მისი წინამორბედი გიორგი კვირიკაშვილი, რომელიც ივნისის შუა რიცხვებში შიდაპარტიული ბრძოლის და ქუჩის მზარდი საპროტესტო გამოსვლების გამო გადადგა, არიან მმართველი კოალიციის – „ქართული ოცნების“ წევრები, რომლის საგარეო პოლიტიკის მთავარი მიზანია საქართველოს ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაცია.

 

„ბახტაძის საქართველოს მთავრობის ახალ ხელმძღვანელად სწრაფმა დამტკიცებამ ამ მომენტისთვის შეაჩერა რამდენიმე წლის განმავლობაში მზარდი პოლიტიკური დაძაბულობა. მისი შედარებით ახალგაზრდა ასაკის მიუხედავად, ბახტაძეს აქვს შთამბეჭდავი „რეზიუმე“; პრემიერ-მინისტრის პოსტის მიღებამდე ის იყო საქართველოს ფინანსთა მინისტრი 2017 წლის სექტემბრიდან, მანამდე კი ოთხი წლის განმავლობაში მუშაობდა „საქართველოს რკინიგზის“ უფროს აღმასრულებელ ოფიცრად. „საქართველოს რკინიგზამდე“ ის „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კომპანიის“ აღმასრულებელი დირექტორი იყო. 

 

მან განაცხადა მთავრობის ზომის შემცირების და ამავე დროს უფრო საიმედო სოციალური კეთილდღეობის და ფისკალური რეფორმების უზრუნველყოფის საკუთარი გეგმის შესახებ.

 

ჯერჯერობით არ ჩანს, შეძლებს თუ არა ბახტაძე მისი ამბიციური დღის წესრიგის შესრულებას. თუმცა სტატუს კვოს საზღვრების დარღვევით ბახტაძის წინადადებამ რუსულ პრესაში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ერთი შეხედვით გარდაუვალი პოლიტიკური პოზიციის გვერდის ავლით, ის ფაქტი, რომ რუსეთ-საქართველოს ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობები განუხრელად იზრდება, მიუთითებს ურთიერთობების დათბობაზე. 2017 წელს სავაჭრო ბრუნვამ $1.08 მილიარდ დოლარს მიაღწია. 2018 წლის იანვარში რუსეთი გახდა საქართველოს უდიდესი საექსპორტო პარტნიორი; საერთო სავაჭრო ბალანსის თვალსაზრისით, რუსეთი ამჟამად მეორეა თურქეთის შემდეგ და ოდნავ უსწრებს აზერბაიჯანს.

 

შიდა განზრახვების გარდა, ბახტაძის მთავრობამ ასევე განაცხადა მისი უცვლელი ერთგულების შესახებ ევროატლანტიკური თანამშრომლობის და ინტეგრაციის პოლიტიკის მიმართ. ეს პოლიტიკა მოიცავს ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ ვალდებულებების გაფართოებას. რუსეთ-საქართველოს ომიდან ათი წლის შემდეგ, სამხრეთ კავკასიის ქვეყანა სტაბილურად არის ერთ სულ მოსახლეზე აშშ-ის საგარეო დახმარების უდიდესი მიმღები.

 

ბახტაძის პრემიერ-მინისტრის პოსტზე დანიშვნა ასევე ემთხვევა აშშ-ის კონგრესში „საქართველოს მხარდამჭერი აქტის“ წარდგენას. 26 ივნისს ტედ პომ (რესპუბლიკური პარტია) და ჯერალდ კონოლმა (დემოკრატიული პარტია), აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრებმა, წარადგინეს ორპარტიული კანონპროეტი  საქართველოს შემდგომი დახმარების შესახებ. მას შემდეგ, რაც კონგრესმენმა პომ აღნიშნა ამ ქვეყნის წვლილი ავღანეთში NATO-ს ოპერაციებში, კონგრესმენმა კონოლიმ შენიშნა: „საქართველო არის აშშ-ის ღირებული სტრატეგიული პარტნიორი“. „საქართველოს მხარდაჭერის აქტი“ ახდენს აშშ-ის მიერ მტკიცე მხარდაჭერის დემონსტრირებას საქართველოს სუვერენულობის, მუდმივი დემოკრატიული განვითარების და უსაფრთხოების მიმართ, განსაკუთრებით რუსული აგრესიის ფონზე.  საქართველოს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში რუსეთმა დაარღვია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და ჩაიდინა ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევები, მათ შორის, ამჟამად ადგილი აქვს დაკავებებს და მკვლელობებს“ . კანონპროექტი შესაბამისად განსახილველად გადაეცა საგარეო საქმეთა, მართლმსაჯულების და საბიუჯეტო კომიტეტებს. თუ ის კენჭისყრაზე გავა, სავარაუდოდ მიღებული იქნება.

 

ამჟამად საქართველო ახორციელებს მოქნილ სტრატეგიას, რომ საკუთარი თავის პოზიციონირება მოახდინოს, როგორც არაანტირუსულმა სახელმწიფომ და ამავე დროს უარს არ ამბობს მის პროდასავლურ კურსზე. ახლანდელი მთავრობის პოლიტიკის მიმართულების მიხედვით თბილისის იდეალური სცენარი იქნებოდა, რომ ყველა მეზობელ ქვეყანას საქართველოს უსაფრთხოებაში გარკვეული წილი ჰქონდეს. მაშინ, როდესაც სატრანსპორტო და ენერგეტიკულმა ინციატივებმა, როგორიცაა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და ამჟამად ოპერირებადი ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, გააღრმავა საქართველოს ურთიერთობები მონაწილე მეზობელ ქვეყნებთან, გაზარდა ვაჭრობა და გადაზიდვები აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, თბილისისთვის ყველაზე რთულ საგარეო პოლიტიკად და გორდიას კვანძად  კვლავ რუსეთი რჩება. 

 

ბრიუსელში NATO-ს ორდღიანი სამიტის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპა, როდესაც მას ჰკითხეს საქართველოს ალიანსის მომავალი წევრობის შესახებ, უბრალოდ უპასუხა: „კარგით, გარკვეულ ეტაპზე მათ ექნებათ შანსი, მაგრამ არა ახლა“. ასეთი ცივი მხარდაჭერა ბახტაძის რეალპოლიტიკას უფრო პრაგმატულს ხდის“, - წერს ჯეიმსთაუნის ფონდის გამოცემა Eurasia Daily Monitor.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner