logo_geo
eng_logo
„ექსპო ჯორჯიაში“ ქართულ-ბელარუსული საქმიანი საბჭოს სხდომა გაიმართა
- +

20 მარტი. 2019. 17:39

 

 

საგამოფენო კომპლექს „ექსპო ჯორჯიაში“ საქართველოსა და ბელარუსის სავაჭრო-სამრეწველო პალატების ორგანიზებით, ბელარუსული პროდუქციის გამოფენა გაიხსნა. ასევე, გაიმართა ქართულ-ბელარუსული საქმიანი საბჭოს სხდომა.

 

ღონისძიების ფარგლებში საკუთარი პროდუქცია და მომსახურება 70-ზე მეტმა ბელარუსულმა კომპანიამ წარმოადგინა, რომელთა ნაწილი უკვე დამკვიდრებულია ქართულ ბაზარზე, ნაწილს კი, ადგილობრივი პარტნიორების მოძიების სურვილი აქვს. გამოფენაზე წარმოდგენილი კომპანიების საქმიანობის სფეროებია: ნავთობქიმიური მრეწველობა, ფარმაცევტული ნაწარმი და სამედიცინო სერვისები, სამშენებლო მასალები და ინფრასტრუქტურა, სოფლის მეურნეობა და საკვები პროდუქტები, ასევე მომსახურების სფერო და განათლება.

 

გამოფენა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ გახსნა, დამსწრეებს სიტყვით მიმართა ბელარუსის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოადგილემ, მიხაილ რუსმა. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ქართულ-ბელარუსული საქმიანი საბჭოს სხდომა, რომელიც საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა, ნინო ჩიქოვანმა გახსნა. საბჭოს სხდომაში მონაწილეობდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია, ბელარუსის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოადგილე მიხაილ რუსი და ბელარუსის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე სერგეი ნაბეშკო.

 

საქმიანი საბჭოს ფორმატში, 14-მა ქართულმა და 14-მა ბელარუსულმა კომპანიამ ხელი მოაწერეს ხელშეკრულებებს, რომელთა ჯამური ღირებულებაც 2 806 780 აშშ დოლარია. მხარეებს შორის ხელშეკრულებები გაფორმდა მსხვილ სასოფლო სამეურნეო ტექნიკაზე (ტრაქტორები და კომბაინები), ლიფტებზე, ქართული ჩაის ექსპორტზე და სამკურნალო პრეპარატების მიწოდებაზე. ასევე გაფორმდა შეთანხმებები სამეცნიერო სფეროში თანამშრომლობის კუთხით.

 

ღონისძიების ფარგლებში ქართულ და ბელარუსულ კომპანიებს შორის ორმხრივი ბიზნეს-შეხვედრებიც (B2B) გაიმართა. ღონისძიებას 150-ზე მეტი ქართული კომპანიის წარმომადგენელი დაესწრო.

 

2018 წლის მონაცემებით, საქართველოსა და ბელარუსს შორის სავაჭრო ბრუნვა 87,10 მლნ აშშ დოლარია. ექსპორტი გაიზარდა და 28 641 მლნ აშშ დოლარით განისაზღვრა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner