logo_geo
eng_logo
თეა ფირცხავალა: 3 მარტს დაიბადა ჩვენი ეროსი მანჯგალაძე
- +

3 მარტი. 2020. 19:05

 

„...თხემით ტერფამდე შენ იყავი მართლა ქართველი

და მაინც დარჩი ავთანდილი უშერმადინო,

არ მინდა გითხრა, სხვებისათვის რაც მაქვს სათქმელი,

ვაითუ, ახლაც, სიკვდილშიაც გული გატკინო“.

 

შოთა ნიშნიანიძის ეს ლექსი ეძღვნება კაცს, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება სიკეთის კეთებაში გალია და თავისი როლებითა და მოღვაწეობით სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი ქართული კინოს და თეატრალური ხელოვნების ისტორიაში. არადა, სახელიც შესაბამისად მეტყველი ჰქონდა - ეროსი, ანუ სიყვარულის და შემოქმედების, გაზაფხულის და სიყვარულის ღმერთი.

 

1925 წლის 3 მარტს სოფელ ღანირში დაიბადა ჩვენი ეროსი მანჯგალაძე, ერთ-ერთი უგამორჩეულესი მსახიობი და სპორტული კომენტატორი - სრულიად განსაკუთრებული ხმის ტემბრით და კოლორიტით, ხალასი იუმორით და წარმოუდგენელი იმპროვიზაციის ნიჭით, პატარა ბავშვივით მორცხვი დიდი კაცი - ძალიან დიდი გულით, რომელიც მილიონობით ადამიანის სიყვარულს იტევდა. ბატონი ეროსი იყო ჭეშმარიტად სახალხო არტისტი, რომელსაც უზომოდ უყვარდა ხალხი და ხალხიც ანალოგიური სიყვარულით პასუხობდა და აღმერთებდა მას. ეროსი მანჯგალაძე იყო „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“ და მრავალ ფილმსა თუ სპექტაკლში მონაწილეობდა.

 

ალბათ, ჩემი იღბალი იყო, რომ 13 წლისამ გავიცანი ეს უნიკალური მსახიობი და უფრო მეტიც, ამ კორიფესთან ერთად მივიღე მონაწილეობა დავით რონდელის ფილმში "ჩემი მეგობარი ნოდარი". ნეტა იცოდეთ, სიხარულით და იუმორით აღსავსე რამდენი დღე მახსენდება, განსაკუთრებით ქუთაისში გატარებული, სადაც თითქმის ყველა გადაღების შემდეგ თავს იყრიდნენ ქალაქის ჭეშმარიტი კოლორიტები, რათა ქუთაისურად განსხვავებული სითბოთი მიფერებოდნენ ბუმბერაზ მსახიობს. მახსოვს, როგორი სუფრები იშლებოდა ხოლმე ქუთაისში, სახელოვანი თამადებით, სასწაული სადღეგრძელოებით და სიტყვა-პასუხით, რომელთა მოსმენა ჩემთვის მართლაც უდიდესი გაკვეთილი და გამოცდილება იყო. განსაკუთრებული იყო ბატონი ეროსის დამოკიდებულება ქართული სუფრისა და წმინდა ქართული ფენომენის - სადღეგრძელოს მიმართ, ამბობდა შევარცხვინე ის სადღეგრძელო, რომელიც ჭიქის ხელში აღებამდეა მოფიქრებულიო... ამიტომ... (უნებლიეთ) მქონდა ბედნიერება არაერთხელ გავმხდარიყავი ბატონი ეროსისა და ქუთაისელი კოლორიტების ხალასი ნიჭის შადრევნებისა და სრულიად უნიკალური იუმორის ფოიერვერკების მოწმე...

 

ბატონი ეროსი ცხოვრობდა ბარნოვის ქუჩაზე, მარტო ცხოვრობდა, თუ არ ჩავთვლით „იაპონელ“ ძაღლ ტანგოს, რომელიც სიცოცხლეს ულამაზებდა... ქალბატონ ელენე ყოფშიძესთან განქორწინების შემდეგ იგი არასოდეს დაქორწინებულა და არც შვილები ჰყოლია... იმასაც ამბობენ, ეროსის ერთხელ უყვარდა და სამარადჟამოდო... ჩემს ახალგაზრდობაში თითქმის ყოველ დღე მივდიოდი ბატონი ეროსის ეზოში, სადაც ჩემი მეგობრები მანანა გოძიაშვილი, ნინიკო ფალიაშვილი და ირინა ჟორდანია ცხოვრობდნენ და, ბუნებრივია, მათთან მისულს ხშირად მიწევდა დიდ მსახიობთან შეხვედრა... მისი ცნობილი ძაღლი „ტანგოც“ კარგად მახსოვს, რომელიც, გერასიმესი არ იყოს, ყრუ იყო... ბატონ ეროსის და ტანგოს რომ დავინახავდი, აუცილებლად მივირბენდი მათთან და ჩვენი შეხვედრა არასოდეს მთავრდებოდა უემოციოდ... ნეტა გენახათ, როგორ ვტრაბახობდი ხოლმე ბატონი ეროსის ნაცნობობით და მასთან ერთად ფილმში მონაწილეობით... დამერწმუნეთ, რომ სატრაბახო მართლაც მქონდა.

 

57 წლის ეროსი მანჯგალაძე გარდაიცვალა 1982 წელს.

 

„...ჯერ ადრე იყო... და სიკვდილის ვინ მოგცა ნება,

უკანასკნელი ეს ვინ მოგცა სიკვდილის როლი?

სულაც არ მიკვირს, თუ უბრალო მოკვდავი ცდება,

ზოგჯერ სამყაროს რეჟისორიც არ არის სწორი!“...

 

მახსოვს, მის დაკრძალვაზე მე და მამა წავედით და იმდენი ხალხი იყო, რომ ძლივს შევაღწიეთ რუსთაველის თეატრში... არასოდეს დამავიწყდება, როგორ ტიროდა დიდი თუ პატარა... ალალად ტიროდა მთელი საქართველო. მართალი გითხრათ, იშვითად მინახავს იმგვარად გულწრფელი ცრემლი...

 

ჩვენი ეროსი დიდუბის პანთეონში დაიკრძალა.

 

და ამ სტატუსს კვლავ შოთა ნიშნიანიძის საოცარი სიტყვებით დავასრულებ:

„...სიკვდილის როლსაც რა უღმერთო ძალით თამაშობ...

ო, მაგ როლიდან ვერასოდეს ვეღარ გამოხვალ...

დაეშვა ფარდა... წინაპრებმა ყიჟინით გიხმეს,

ჟრიალი გააქვთ ხის შუბებს და მუყაოს ფარებს...

ადექ, მაესტრო!

და ჩვენს ქართულ ეროვნულ ნიღბებს

მარადისობის კულისებში წარუძეხ ბარემ!“

 

სამარადისო სასუფეველი ბატონი ეროსის სულს.

 

https://www.facebook.com/tea.pirtskhalava/posts/10222227475295604

 

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner