logo_geo
eng_logo
თენგიზ ჩობანიძე: ეკონომიკური კოლაფსის შიშით
- +

22 აპრილი. 2020. 11:53

 

 

თავდაპირველად, ყველას ეგონა, რომ კორონავირუსი დათბობასთან ერთად უკან დაიხევდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს ასე არ არის, - ყოველ შემთხვევაში, ვაქცინის შექმნამდე ვერაგ ვირუსთან თანაცხოვრება მოგვიწევს უსაფრთხოების წესების დაცვით, ვაქცინა კი ერთი წელი არ იქნება. რამდენიმე კომპანია მუშაობს ამ საკითხზე, ზოგი მათგანი უკვე მიმდინარე თვეში ჰპირდებოდა მსოფლიოს კორონას დამარცხებას, თუმცა, ფაქტია, რომ ვაქცინა კორონას წინააღმდეგ ჯერ არ არსებობს. ვაქცინის შექმნაზე რბოლაში ინგლისი „დაწინაურდა“: გუშინ, ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა მეთ ჰენკოკმა საზოგადოებას აუწყა, რომ ხვალიდან პოტენციური ვაქცინის გამოცდა ადამიანებზე დაიწყება და თუ გამოცდა კარგად ჩააბარა, ფართო გამოყენება სექტემბრიდან იქნება შესაძლებელი.

 

დავუბრუნდეთ ამჟამინდელ მდგომარეობას: იტალიაში, ესპანეთში, საფრანგეთსა და გერმანიაში მიმდინარე მოვლენებმა ცხადყო, რომ ვირუსის გამო გარდაცვლილთა რიცხვმა, მართალია, იკლო, მაგრამ ახალდაინფიცირებულთა ნაკადი კიდევ კარგა ხანს არ შეწყდება, რაც ამ და კიდევ ბევრი სხვა სახელმწიფოების ეკონომიკას, ნგრევას იწვევს.

 

ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნების ხელისუფლებები კარგად ხვდებიან, რომ კარანტინის გაგრძელებით სრულ  კატასტროფამდე მივლენ. აქედან გამომდინარე, აპრილის ბოლოდან თანდათან ხსნიან შეზღუდვებს, რათა დაიწყონ ეკონომიკური კოლაფსიდან თანდათან გამოსვლა.

 

პრინციპში, პანდემიის მიუხედავად, გერმანიაში ქარხნები, ფაბრიკები და მთელი რიგი საწარმოები არც გაჩერებულან. შეზღუდვები იყო ადამიანების თავშეყრის ადგილებში.  კათოლიკური აღდგომის შემდეგ ესპანეთსა და საფრანგეთში უკვე  ამუშავდნენ ავტოქარხნები და ასე ნელ-ნელა სხვა კომპანიებიც მიჰყვებიან, თუმცა, უსაფრთხოების მკაცრი კონტროლის ქვეშ.

 

რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს, სადაც ამჟამინდელი მდგომარეობით, კორონავირუსით დაინფიცირებულია 820 ათასზე მეტი ადამიანი, დაღუპულთა რიცხვი 45 ათასამდეა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 75 ათასი. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მოსახლეობა, რომ იტყვიან, დაზაფრა პროგნოზებით: მისი გათვლებით, თუ არანაირ ზომებს არ მიიღებდნენ, მინიმუმ 2 მილიონი მოქალაქე დაიღუპებოდა, ხოლო გარკვეული შეზღუდვების შემოღებით, ეს რიცხვი 200 ათასამდე დაიწევდა.

 

„60-65 ათასი ადამიანი თუ დაიღუპა, ეს ძალიან კარგი შედეგი იქნება“, - ეს ტრამპის ბოლოდროინდელი მოსაზრებაა, რომელმაც ბევრი შოკში ჩააგდო. აშშ-ის ხელისუფლებამ საზღვრებიც ჩაკეტა, იმიგრაციაც აკრძალა (ეს „მწვანე ბარათის“ მფლობელებსაც შეეხება), გარდა ამისა, თითოეულ მოქალაქეს 1200 დოლარი ჩაურიცხა პირად ანგარიშზე, თუმცა, ამ უმდიდრეს ზესახელმწიფოსაც არ ძალუძს ამგვარი ქველმოქმედებებითა და დახმარებებით შორს  წასვლა. ამიტომ შეზღუდვების მოხსნის სამეტაპიანი გეგმა შეიმუშავეს. აი მაგალითად, ფლორიდაში უკვე გახსნეს პლაჟები, მთელი რიგი სპორტული კომპლექსები და თქვენ წარმოიდგინეთ, კინოთეატრებიც კი (ეს ყველაფერი სოლიდური ბიზნესია ფლორიდის შტატში). იგივე პროცესები იწყება სხვა შტატებშიც და ეს ხდება კორონავირუსისაგან ყოველდღიურად დაღუპულთა მაღალი სტატისტიკის ფონზე.

 

შეძლებენ თუ არა აშშ და ევროკავშირის ქვეყნები კრიზისიდან გამოსვლის მიზნით შეზღუდვების მოხსნის პარალელურად, პანდემიის შეჩერებას, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს.

 

 

right_banner
არქივი
right_banner