logo_geo
eng_logo
ნუგზარ ფოფხაძე: ეს კლასიკაა!
- +

8 მაისი. 2017. 19:09




ელემენტარულია: ქართველი საზოგადოება ასეთ „სიახლით" თურქეთის მხრიდან არ უნდა „იკვებებოდეს"...


სახელმწიფო ინტერესები - გასაგებია!


დიპლომატიური წესები, პროტოკოლი, შეთანხმებები - ესეც გასაგებია!


საერთოდ, „ყველაფერი" გასაგებია, გარდა... სიბრიყვისა!


არადა, სიბრიყვეა ის, როცა საკუთარი ქვეყნის საზოგადოებას დროულად და ამომწურავად არ აცნობებ იმის შესახებ, რაზედაც არის ეს პუბლიკაცია.


და როცა აგვიანებ და დუმხარ, თან ისეთ ფაქიზ საკითხზე, როგორიც არის „საზღვარი", ტერიტორიული მთლიანობა, ისტორიული ძეგლი და ა.შ., მაშინ... სიცარიელეს ავსებს ჭორი, მოარული ხმა, გაზვიადება და... პროვოკაციაც.


დარწმუნება უფრო ადვილია, ვიდრე გადარწმუნება!!!


ეს კლასიკაა, ბიჭუნებო და გოგონებო!!!


ლეგიტიმური შეკითხვა: საგარეო საქმეთა სამინისტროში (ისევე, როგორც სხვა სტრუქტურებში) არის ის სამსახური, რომელსაც ევალება საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობა?


და თუ არის, მუშაობს ისეთი პერსონალი, რომელსაც აქვს ელემენტარული კომპეტენცია?


ეს თემა მტკივნეულია. ბევრჯერ გვითქვამს და ვიმეორებთ: „ციანიდის საქმემ", „ბათუმურმა გაზაფხულმა" ვერაფერი გასწავლათ?


ესეც ხომ არ არის წინა ხელისუფლების ბრალი ან შემდგომ მოსული ჩინოვნიკების?


დღეს თქვენ ხართ და პასუხიც თქვენ უნდა აგოთ. ესეც აქსიომაა!


***

 

„ჩვეულებრივი ღალატი"



სტატიის წერის დაწყებამდე ჭაბუა ამირეჯიბის უკვდავი რომანიდან ერთი ფრაზა გამახსენდა: „ნიკანდრო ქილია, შენისთანა ღორისშვილის ცოლობას დათა თუთაშხიას საყვარლობა რომ სჯობია, თუ იცი ეს შენ?!" - ამ სიტყვებს ბეჩუნი პერტია ეუბნება პოლიცმაისტერ ქილიას...


2013 წელს თურქეთის მთავრობამ ქართველი მაღალჩინოსნები სადავო ტერიტორიაზე სასაუბროდ მიიწვია. საკითხი არდაღანის პროვინციის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე მიწის ფართობს ეხებოდა. თურქული მხარის მტკიცებით, გასული საუკუნის 70-იან წლებში თურმე საქართველო-თურქეთის საზღვარზე მდინარე ადიდებულა, კალაპოტი შეუცვლია და ექვსი ჰექტარი მიწის ნაკვეთი ჩვენს მხარეს დარჩენილა. თურქეთს იმხანად საბჭოთა კავშირისთვის ვერ გაუბედავს იმის თქმა, რომ მდინარის კალაპოტის გამო მიწა დაკარგა, მაგრამ მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა იმ კალაპოტში და... 2013 წელს თურქებმა პირველი ნაბიჯი გადადგეს. მაშინ ეს სერიოზულად არავინ აღიქვა ან როგორ უნდა აღექვა, როცა იმავე პერიოდში, აზერბაიჯანს საქართველო დავითგარეჯას სამონასტრო კომპლექსში 20 სანტიმეტრ მიწას ედავებოდა?! საქმე ჩიჩხიტურის კოშკს ეხება, რომლის უკანა კედელიც თურმე აზერბაიჯანის საზღვარზეა. აზერბაიჯანელი მესაზღვრეები კოშკის იმ კედელს სამიზნედ იყენებენ და ცეცხლსასროლი იარაღით ვარჯიშობენ. აზერბაიჯანის მხარემ არც მაშინ და არც ახლა კედლის სისქე, ანუ 20 სანტიმეტრი არ დათმო. სწორედ მაშინ ამბობდა მეუფე ილარიონი, შეგნებულად უშენენ ტყვიებს, კოშკი რომ ჩამოინგრესო, და იქიდან დახვრეტილ კედელს ბერები აქედან ამთელებდნენ...


20 სანტიმეტრი არ დაგვითმეს აზერებმა და ვინ იფიქრებდა, რომ 6 ჰექტარ მიწას დავთმობდით. ვინც არ იცის, ვეტყვით, რომ 6 ჰექტარი დაახლოებით 15 საფეხბურთო სტადიონის ფართობის ტოლია და, ცოტა კი არა, ძალიან ბევრია. ამის მიუხედავად...

 

„გასულ კვირას თურქული და ქართული დელეგაციების წარმომადგენლები ერთმანეთს თურქეთ-საქართველოს საზღვარზე მდებარე პოსოფი/თურგოზუს საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე შეხვდნენ და შესაბამის შეთანხმებას ხელი მოაწერეს. ქართულ დელეგაციას 10-კაციანი შემადგენლობით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის, დემარკაციისა და სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი ხელმძღვანელობდა; თურქულ დელეგაციას კი - საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი. ისტორიული სამართლიანობა აღდგა და ამიერიდან არდაღანის პროვინციის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე მიწის ექვსი ჰექტარი ისევ ჩვენი საკუთრებაა", - ამ ინფორმაციას თურქული გამოცემები ავრცელებენ და ქართული უწყებაც ადასტურებს, რომ მეზობლებთან საზღვრის საკითხი საბოლოოდ გაარკვიეს და ისტორიული სამართლიანობა აღადგინეს.


როგორ არ გავიხსენოთ ის, რომ ცოტა ხნის წინათ საქართველოს პარლამენტი 12 აგვისტოს დიდგორობის უქმე დღედ გამოცხადებას აპირებდა და ეს კანონპროექტი მას შემდეგ შემოდეს თაროზე, როცა თურქეთის ელჩმა გააპროტესტა, მაგ ომში ჩვენ დავმარცხდით და არ იზეიმოთო. ან ის როგორ არ გავიხსენოთ, რომ თურქეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფ საქართველოს პრემიერ გიორგი კვირიკაშვილს ერდოღანთან შეხვედრისას ქართული დროშა არ დაახვედრეს და მხოლოდ თურქული დროშის ფონზე გადააღებინეს სურათები... რა გამოდის? ჩვენი ხელისუფლება თურქული მხარის ყველა მოთხოვნას ითვალისწინებს, ფეხქვეშ ეგება, ერთ ადგილს ულოკავს (არ მითხრათ ახლა, ცენზურა დაიცავიო, უარესს რომ არ ვწერ, მადლობის წერილი გამომიგზავნეთ თურქეთის ელჩის ხელით) და თან კეთილმეზობლობაზე აკეთებს აქცენტს.


პარალელურად, თავდაცვის სამინისტრო, საგარეო უწყება, ოპოზიცია თუ ხელისუფლება ერთხმად აყვირდა, - არიქა, ხურჩაში რუსებმა საზღვარი 20 მეტრით გადმოწიესო. რაც მოხდა ხურჩაში, ცუდი ფაქტია, განგაშია ასატეხი, მაგრამ ლევან იზორია რომ გაიძახის, შეშფოთებული და უაღრესად აღშფოთებული ვარო, რატომ მაშინ არ შეშფოთდა, როცა თავდაცვის მინისტრს 6 ჰექტარი „ფუკასავით" ააცალეს ცხვირწინ? თუ ეს ისტორიული სამართლიანობის აღდგენა იყო? თუ ასეა, გადავხედოთ ისტორიას და, როგორც მახსოვს, თამარის მეფობის პერიოდში თურქეთში ტრაბზონის იმპერია გვქონდა და იქ ქართველი იმპერატორი იჯდა. ვუთხრათ მაშინ თურქებს, დაგვიბრუნონ ტრაბზონი, აქეთ ვლადიკავკაზზე ვიდავოთ და იქით კიდევ - განჯასა და სომხეთის ტერიტორიის დიდ ნაწილზე, მაგრამ არა, ჩვენ ხომ მეზობლებს უნდა გავუფრთხილდეთ და ერთადერთი მეზობელი, რომელსაც უნდა გავუბრაზდეთ, უნდა გავაღიზიანოთ, უნდა ვეომოთ, რუსეთია. ეს იმიტომ, რომ რუსეთის გინება მოდურია, რუსეთს თუ აგინებ, „კარგი ტიპი" ხარ და თურქეთი, თუ 6 ჰექტრის „ახევას" დააპირებს და ისე „აგახევს", მადლობასაც გათქმევინებს და ბოდიშსაც მოგახდევინებს, აქამდე რომ ვერ შევძელი მიწის დაბრუნებაო, მაშინ რა გამოდიხარ?


აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ თბილისში აღმაშენებლის გამზირი უკვე ოფიციალურად მივყიდეთ თურქებს და იქ ქართულ საუბარს იშვიათად თუ გაიგონებთ. ახლა მეტყვით, ეს ინვესტიციააო და მაჩვენეთ ერთი ქვეყანა, ერთი მაინც, რომლის დედაქალაქში, ცენტრალური ქუჩა მთლიანად სხვა და თანაც ერთი ქვეყნის წარმომადგენლებს აქვთ ოკუპირებული; მაჩვენეთ ქვეყანა, რომლის იმ ქუჩაზე მდებარე დაწესებულებებში ადგილობრივებს არ შეუშვებენ; ქვეყანა, რომლის პრემიერი იტყვის, - ბარებში ქართველებს არ უშვებენ, არასრულწლოვნებს კი პროსტიტუციას აიძულებენო და ეს ამბავი მშვიდად ჩაივლის... საქართველოს გარდა, არ არსებობს ასეთი ქვეყანა. ვერ მეტყვით მაგალითს ბოლო საუკუნის განმავლობაში, რომ რომელიმე ქვეყანას საკუთარი ნებით, ხელის ერთი მოწერით დაეთმოს 6 ჰექტარი მიწა. ეს მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია კეთილმეზობლობისა და მშვიდობის სახელით სამშობლოს გაყიდვა, მიწის გაყიდვა, იმ მიწის, რომელზეც ჩვენი წინაპრების საძვალეა, რომლის სწორედ ერთი გოჯისთვის ჩვენი წინაპრები იბრძოდნენ, და იმ წინაპრების, რომლებმაც 12 აგვისტოს „ძლევაი საკვირველი" გამოაცხვეს და ახლა ამის აღნიშვნის უფლებაც არ გვაქვს.


და მთავარი - როცა ქვეყნის პირველი პირი გქვია, როცა სხვა ქვეყანაში ჩადიხარ და შენი ქვეყნის დროშას არ გახვედრებენ, სულ ცოტა, იზორიასავით მაინც უნდა აღშფოთდე და შეშფოთდე, თორემ შემდეგ დროშის ნაცვლად სარეცლის ზეწარი შეიძლება დაგახვედრონ და ეგებ დაგვიანებულიც იყოს ამ ფრაზის თქმა: „შენისთანა ღორისშვილის ცოლობას დათა თუთაშხიას საყვარლობა რომ სჯობია, თუ იცი ეს შენ?!"


დასასრულ, „ერი დაემსგავსა საძოვარზე მიშვებულ ნახირს, რომელსაც მხოლოდ ერთი საქმე აქვს - სძოვოს. ასი წელიწადია, ვბალახობთ, ჩვენი ერთადერთი ფუნქციაა, ვჭამოთ, ვსვათ, შვილები ვზარდოთ. გათავდა. ასეთმა ფუნქციამ ძველი, ტრადიციული ზნეობა გადააგვარა და დღეს, თუკი ვისმეს თავისუფლების, სამშობლოს, სახელმწიფოებრიობის სიყვარული აქვს, მხოლოდ იმის ბრალია, რომ ზნეობა უმდგრადესია სულიერ ღირსებათა შორის. აი, ჩემი აზრით, ეს დავკარგეთ, ქალბატონო ნანო. რანი ვართო, რომ ბრძანეთ, უდიდეს ბოდიშს ვიხდი, მაგრამ სიმართლე უნდა მოგახსენოთ: საშოვარს გადაგებული, გათითოკაცებული, ყოფილი ერი..."


ესეც ჭაბუამ დაწერა...


ბესო ბარბაქაძე

„საქართველო და მსოფლიო"

 

 


 

right_banner
არქივი
right_banner