logo_geo
eng_logo
ნუგზარ ფოფხაძე: ეს სახელმწიფო ინტერესებია! ეს სტაბილურობის სურვილია!
- +

12 ოქტომბერი. 2017. 13:28



ეს შარშანდელი პუბლიკაციაა!

იგივე, რასაც 20 წელია ვწერ... ვქადაგებ...

თითქმის ყველა მეთანხმება და ყველა... წინააღმდეგია. სამწუხაროდ, რეალობაში ასეა.

არადა, ყველა უბედურების თავი და თავი ამ დაპირისპირებაშია.

ამ დაპირისპირებამ მოიტანა, პრაქტიკულად, სამოქალაქო ომი!

ამ დაპირისპირებამ მოიტანა ომი აფხაზეთში!

ამ ქიშპობამ დაკარგა აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი!

ამ უბედურების შედეგად დაიღუპა უამრავი ადამიანი!

დაინგრა ოჯახები!

დაინგრა ეკონომიკა!

აღარ არის ინდუსტრია, გაპარტახდა სოფლის მეურნეობა!

განადგურდა, პრაქტიკულად, მეცნიერება!


„გაბითურდა" განათლების სისტემა დაწყებითი კლასებიდან დაწყებული უმაღლესი სასწავლებლებით დამთავრებული!


და კიდევ მრავალი სხვა, რომელთაგანაც ყველაზე თვალში საცემი არის უპირველესი საშინელი შედეგი: ასეულ ათასობით საქართველოს მოსახლეობის იძულებითი გახიზვნა უცხოეთში...


და ყველა ეს უბედურება დაიწყო და დამთავრდა თვალის დახამხამებაში, ხოლო აღდგენის პროცესი, რომელიც კი დაიწყო, კი მიმდინარეობს, მაგრამ ჭირდება რა არანორმალურად დიდი, ვეებერთელა მატერიალური და პიროვნული რესურსი, მიზოზინებს კუს ნაბიჯით.


ახლა?

ახლა ყველანი მოწმენი ვართ მორიგი... დიახ, წრეზე მოძრაობის დაწყების მორიგი სტარტისა.


სხვა არაფერს ნიშნავდა საკრებულოსთან გამართული საცირკო წარმოდგენა, რომელიც, საბედნიეროდ, კიდევ კარგი, უფრო „უარესად"" არ დამთავრდა. ისევე, როგორც „ბათუმური გაზაფხული"... ჯერჯერობით!


არა, ჭკუას მაინც ვერ ვსწავლობთ!

არ უნდა დამთავრდეს ეს „მარაზმი"?!


იყო ერთი მცდელობა, გადადგა ერთხელ პრაქტიკული ნაბიჯი ჟურნალისტთა ფედერაციის ბრძენმა თავკაცმა აკაკი სიხარულიძემ, დასვა სასაუბროდ ყველა მოქიშპე მხარე და... ამბიციებმა, იდიოტურმა პრინციპმა - „უჩემოდ რად იმღერეთა", ჩაშალა ეს საშვილიშვილო საქმე...


დრო მიდის! აშკარაა, ამ მხრივ დრო ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მუშაობს.

არ უნდა გამოინახოს საერთო წერტილი, რომელსაც ... გამონახვა არ სჭირდება?

არადა, რა გამონახვა სჭირდება, როცა არსებობდა, არსებობს და მუდამ იარსებებს:


ეს საქართველოა, ჩვენი, ყველას სამშობლო!

ეს სახელმწიფო ინტერესებია!

ეს სტაბილურობის სურვილია!


ჰოდა, რომ მინდა, ეს ანბანური ჭეშმარიტება შევასმინო იმათ, ვინც ჯერ არ გამოსულა სიყრუის და სიბრმავის მდგომარეობიდან, იმიტომაც ვუბრუნდები ამ შარშანდელ (თუ უფრო ადრინდელ) შეძახილს...


***

დროა!!!

20 წელზე მეტია, მინიშნებით თუ ღიად, საჯაროდ თუ კულისებში, მედიაში თუ აუდიტორიაში „ვქადაგებ" პოლიტიკური ამინისტიის აუცილებლობას.


პირველად ამ თემაზე სტატია გამოვაქვეყნე გაზეთ „სამშობლო-ფორტეში", 1995 წლის მარტში. მშვენიერი ილუსტრაცია იყო ესპანეთის მაგალითი, როცა დიქტატორმა, გენერალმა ფრანკომ სამოქალაქო ომში ყველა დაღუპული, „წითელი" იყო თუ „თეთრი", ერთ სასაფლაოზე, გვერდი-გვერდით დაკრძალა და საგანგებოდ აღმართული ობელისკი დაამშვენა წარწერით: ისინი დაიღუპნენ ესპანეთისთვის!


შევარდნაძემ მითხრა, რომ ჯერ ადრეა!

ჟვანია წინააღმდეგი იყო...


ცხონებულ ნოდარ გრიგალაშვილთან ერთად ნახევარგვერდიანი „მანიფესტი" მოვამზადეთ და... როგორც ნოდარმა მითხრა, სააკაშვილი ჯერ თანახმა იყო, სიონის ტაძარშიც კი განაცხადა საჯაროდ, მერე უთქვამს, რამდენიმე კაცთან ანგარიშს გავასწორებ და... ანუ, მანაც არ ჩათვალა საჭიროდ.


„ოცნება" მოვიდა და ვისთანაც ხელი მიმიწვდებოდა, ყველას მოვუწოდე ამ ნაბიჯის გადადგმა. პასუხი დუმილი იყო.


ახლაც არ არის გვიან!


უნდა დამთავრდეს დაპირისპირება, მტრობა, ჩასაფრება, ლანძღვა-გინება, მტყუან-მართალის გარჩევა, ბრალდებები, იარლიყები... დავუტოვოთ ყოველივე ეს გასარკვევად და შესაფასებლად ისტორიას, მეცნიერებს...


გადადგას „ოცნებამ" პირველი ნაბიჯი!

ნაბიჯი ისტორიული!

ნაბიჯი ეროვნული!

სიბრძნის, კეთილშობილების, სამშობლოს ბედზე, მის მომავალზე დაფიქრებული მოღვაწეების, უშიშარი, მართალი მამულიშვილების ნაბიჯი!




 

right_banner
right_banner right_banner
არქივი
right_banner