logo_geo
eng_logo
ვახტანგ ხარჩილავა: ეს ზამთარი, საბედისწეროდ, მძიმე და დრამატული შეიძლება გამოდგეს ჩვენი ქვეყნისთვის
- +

16 ნოემბერი. 2017. 11:32



არსებობს თუ არა სახელმწიფო გადატრიალების სცენარი და რა პოლიტიკური ძალები აპირებენ მის განხორციელებას?


ეს ზამთარი, საბედისწეროდ, მძიმე და დრამატული შეიძლება გამოდგეს ჩვენი ქვეყნისთვის.


საქართველოს წინ ძალზე მძიმე და რთული ზამთრის თვეები ელის, რითაც შეიძლება ჩვენმა არაკეთილმოსურნე ძალებმა ისარგებლონ და შექმნილი სიტუაცია თავიანთი ინტერესების განსახორციელებლად გამოიყენონ.


დავიწყოთ იმით, რომ სინოპტიკოსების გრძელვადიანი პროგნოზის მიხედვით, ზამთრის თვეები მთელ კავკასიაში და მათ შორის, საქართველოშიც უჩვეულოდ მკაცრი და ცივი იქნება.


საქართველოში ტემპერატურა, შესაძლებელია, მინუს 20 გრადუსამდეც კი დაეცეს, რაც, ცხადია, უმძიმეს პრობლემებს შეუქმნის პრობლემებით ისედაც დამძიმებულ ჩვენს მოსახლეობას, რომელიც სრულიად გასაგები მიზეზების გამო, სათანადოდ მომზადებული არ არის ამ მძიმე კლიმატური პირობების გასამკლავებლად.


მოგეხსენებათ, ელექტროენერგიის ღირებულება საგრძნობლად გაიზარდა, მკვეთრად გაიზარდა გაზის ტარიფიც.


არადა, ზამთრის თვეებში ელექტროენერგიაზე და გაზზე მოთხოვნილება თითქმის სამმაგდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობას ამ გასამმაგებული დანახარჯის საფასურის გადახდა გასამმაგებულად მოუწევს, ეს კი ძალზე რთულად გადასაწყვეტი ამოცანაა, მით უმეტეს, მაშინ, როცა ლარი უფასურდება, რაც ავტომატურად იწვევს ფასების ზრდას პროდუქტებზე, მედიკამენტებზე, და, საერთოდ, ყველაფერზე, რასაც ადამიანი მოიხმარს.


გაძვირებული დენი, გაძვირებული გაზი, გაძვირებული საკვები პროდუქტები, გაძვირებული მედიკამენტები - კი, მაგრამ, რამდენს შეიძლება გასწვდეს თუნდაც საშუალო ხელფასის მქონე მოქალაქე ამ გაუფასურებული და მსყიდველობითუნარდაკარგული ლარის პირობებში?


საქართველოში მილიონ ორასი ათასი ადამიანი სიღარიბის ზღვარზე ცხოვრობს, ამას თუ იმ ადამიანთა რაოდენობაც დაემატება, რომლებსაც დღესდღეობით, მცირე, მაგრამ, ასე ვთქვათ, მაინც სტაბილური შემოსავალი აქვთ, მაგრამ შექმნილი სიტუაციის გამო შეიძლება ისინიც მომენტალურად გაღარიბდნენ, მივიღებთ მოსახლეობის კატასტროფულად დიდ რაოდენობას.


ჯერჯერობით მწვავედ არ იგრძნობა იმ დარტყმის სიმძიმე, რომელიც აზიური ფაროსანას შემოსევამ დასავლეთ საქართველოს მიაყენა, მაგრამ მცირე ხანში ამ დარტყმის უმძიმესი შედეგებიც აუცილებლად იჩენს თავს.


აი, ასეთია მდგომარეობა, რომელიც ახლო ხანებში შეიძლება საქართველოში შეიქმნას.


ძალზე პირქუში და არასასიამოვნო სურათი დაიხატა, თუმცა ამ არასახარბიელო სურათის შეფერადება-გადაკეთებას, ალბათ, მაინც ის სჯობს, რეალობას თვალებში ჩავხედოთ, რაც საშუალებას მოგვცემს, მოსალოდნელი საფრთხეების თავიდან ასაცილებლად პრევენციული ზომები მივიღოთ.


ლოგიკა გვიკარნახებს, ვივარაუდოთ, რომ ამ მძიმე სოციალური ფონით აუცილებლად შეეცდებიან ისარგებლონ გარკვეულმა პოლიტიკურმა ძალებმა და რადიკალურმა ჯგუფებმა, რომლებიც, არ არის გამორიცხული, საქართველოს გარედან იმართებოდნენ და გარკვეულ ინსტრუქციებს ასრულებდნენ.


უკვე დადის ხმები იმის შესახებ, რომ ამ პოლიტიკურ ძალებსა და რადიკალურად განწყობილ დაჯგუფებებს შორის ინტენსიური მოლაპარაკებები მიდის გაერთიანების და ერთ პოლიტიკურ ძალად ჩამოყალიბების შესახებ.


თუ ეს მოხერხდა, ეს იქნება საკმაოდ ძლიერი და ანგარიშგასაწევი ძალა, რომელიც შექმნილი მდგომარეობის მთავარ მიზეზად ქვეყნის მიერ აღებულ პროდასავლურ კურსს დაასახელებს და ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკური ვექტორების შეცვლას მოითხოვს, რასაც შეიძლება მოსახლეობაში ძალიან ბევრი მხარდამჭერი გამოუჩნდეს.


არ არის დასამალი ის ფაქტი, რომ მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი სკეპტიკურად არის განწყობილი საქართველოს მიერ აღებული პროდასავლური კურსის მიმართ, რომელმაც, მათი აზრით, ვერანაირი რეალური სიკეთე ვერ მოუტანა საქართველოს ვერც ეკონომიკის განვითარების და გაძლიერების კუთხით, ვერც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიმართულებით.


რამდენად სწორი და რეალურია ეს მოსაზრებები, ამის კვლევა და დადგენა ამ წერილის ფარგლებში, ცხადია, შეუძლებელია და ეს არც წარმოადგენს ჩვენს მიზანს, უბრალოდ, ამის აღნიშვნა იმისთვის დაგვჭირდა, რომ გვეთქვა: მოსახლეობის განწყობა სულაც არ არის ერთმნიშვნელოვნად და უპირობოდ პროდასავლური.


რუსეთი, საქართველოს მოქალაქეთა გარკვეული ფენებისთვის, ჯერჯერობით, კვლავ რჩება ნატოსა და დასავლეთის ალტერნატივად, რომელთან პირისპირ დიალოგის შემთხვევაში, შესაძლებელია მასთან ნორმალური ურთიერთობის დამყარება და მრავალი პრობლემის მოგვარება, მათ შორის, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაც.


ასე რომ, რუსული ხიბლი საქართველოში ჯერ კიდევ არ გახუნებულა.


სწორედ რუსულ ფაქტორებზე იქნება გაკეთებული აქცენტები ზემონახსენები პოლიტიკური გაერთიანების თუ კოალიციის მიერ, რომელიც სოციალურად შეჭირვებული მოსახლეობის განწყობის რადიკალიზაციას შეეცდება და, თუ საჭირო გახდება, არც დესტაბილიზაციის პროვოცირებას მოერიდება.


ჩვენ, რატომღაც, ხშირად გვავიწყდება, რომ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მხრიდან რუსეთის სამხედრო შენაერთების ალყაში ვართ, რომლებსაც, თუ მოინდომებენ, სულ რამდენიმე საათში შეუძლიათ კონტროლი დაამყარონ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.


მრავალჯერ თქმულა, რომ რუსეთი ვერ შეეგუება საქართველოზე კონტროლის დაკარგვას, ვერ შეეგუება საქართველოს ნატოში გაწევრიანებას, რადგან ეს მისთვის რუსული სახელმწიფოს რღვევის დასაწყისი შეიძლება გახდეს.


ის ელოდება ხელსაყრელ მომენტს, ხელსაყრელ სიტუაციას და არა მარტო ელოდება, არამედ თვითონაც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დააჩქაროს სიტუაცია, როცა საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი კატეგორიულ უარს იტყვის დასავლურ ორიენტაციაზე და მხსნელად და მშველელად რუსეთს დაუძახებს.


აი, ეს სიტუაცია შეიძლება სწორედ ამ ზამთარს დადგეს...


სამწუხაროდ, ყველა წინაპირობა არსებობს იმისთვის, რომ ეს საგანგაშო პროგნოზი გამართლდეს.


რუსეთთან ნორმალური ურთიერთობების აღდგენის წინააღმდეგი ნამდვილად არ ვარ, მაგრამ კატეგორიული წინააღმდეგი ვარ ე.წ. მეხუთე კოლონის ფარული მოქმედებებისა.


ფაქტობრივად, ეს არის აგენტურა, რომელიც ხან ეროვნულ-ნაციონალური, თქვენ წარმოიდგინეთ, ზოგჯერ პროდასავლური ნიღბითაც არის შეფუთულ-შენიღბული.


აგენტურა ვერ გამოდგება ქვეყნის მხსნელად და გადამრჩენლად, რადგან აგენტურა ყოველთვის იმ სახელმწიფოს სასარგებლოდ მოქმედებს, რომელმაც ის დაიქირავა.


ჩვენი მიზანი ნამდვილად არ არის, რომ ვინმე დავაშინოთ, ხალხში პანიკა და უიმედობა დავთესოთ.


ჩვენი მიზანია, თვალი გავუსწოროთ მკაცრ რეალობას, ნათლად დავინახოთ მოსალოდნელი საფრთხეები, რომ ყველა შესაძლებლობა იქნას გამოყენებული ამ საფრთხეების თავიდან ასაცილებლად.


საქართველოს ხელისუფლებამ დღესვე, დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს ანტიკრიზისული გეგმის შემუშავება და მოვლენათა ესკალაციას კი არ უნდა დაელოდოს, არამედ ოპერატიულად მიიღოს პრევენციული ზომები.


საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას აქვს ერთი დადებითი მახასიათებელი - ის კრიტიკულ სიტუაციებში შესაშურ ოპერატიულობას იჩენს და ძალთა მაქსიმალურ მობილიზებას ახდენს ამა თუ იმ პრობლემის გადასაწყვეტად.


გავიხსენოთ თუნდაც ზაფხულის თვეები, როცა ქვეყნის სხვადასხვა კუთხეებში ერთმანეთის მიყოლებით ჩნდებოდა ხანძრის კერები, მაგრამ ხელისუფლებამ, ფაქტობრივად, მინიმალური რესურსებით, მოახერხა ამ მასშტაბური საფრთხის შეჩერება.


მართალია, „ნაცმოძრაობა" უნიათოს და უსუსურს ეძახის „ქართულ ოცნებას", მაგრამ ამ „უნიათო" და „უსუსურმა" „ქართულმა ოცნებამ" მარტივ მამრავლებად დაშალა თვით „ნაციონალური მოძრაობა" და როგორც საპარლამენტო, ასევე თვითმმართველობის არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვა.


ასე რომ, „ქართული ოცნების" ხელისუფლებას ნამდვილად აქვს ის პოტენციალი, ის შინაგანი ენერგია, რომლითაც მას სერიოზული პრობლემების დაძლევა შეუძლია.


როგორც ზემოთ ვთქვით, საჭიროა შემუშავდეს კომპლექსური გეგმა იმ მძიმე სოციალური ფონის შესარბილებლად და შესამსუბუქებლად, რომელიც შეიძლება ქვეყანაში შეიქმნას.


ამ გეგმის უმთავრესი და უპირველესი ამოცანა ლარის კურსის დასტაბილურება უნდა იყოს, რაც შეუძლებელია ეროვნული ბანკის მიერ შემოთავაზებული პოლიტიკის პირობებში.


პირდაპირ და გახსნილად უნდა ითქვას - ეროვნული ბანკის მუშაობა, რომელიც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, მთავრობის მხრიდან სერიოზული შესწავლის საგანი უნდა გახდეს.


სპეციალისტების აზრით, ლარის კურსთან დაკავშირებული კატასტროფული მდგომარეობა ეროვნულ ბანკსა და კომერციულ ბანკებს შორის ფარული გარიგებებისა და დანაშაულებრივი მაქინაციების შედეგია.


ზოგიერთი ექსპერტი უფრო შორს მიდის და ლარის ე.წ. მცურავ კურსს აფიორას უწოდებს, რომლითაც ვიღაც-ვიღაცები ჰაერიდან მილიონებს აკეთებენ.


ასეა თუ ისეა, ფაქტია, რომ არაპროგნოზირებადი, არასტაბილური ლარი ანგრევს ეკონომიკას, უკიდურესად აღარიბებს ისედაც გაღარიბებულ მოსახლეობას და, რაც უმთავრესია, პროვოცირებას უკეთებს და კიდევ უფრო ძაბავს პროტესტისა და უკმაყოფილების განწყობას მოსახლეობაში.


საბოლოო ჯამში, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, ქართულ სახელმწიფოს ტანკებით და ქვემეხებით დაანგრევს გარედან მოსული მტერი თუ ლარზე მანიპულაციებით დაანგრევენ ეროვნული ბანკი და კომერციული ბანკები.


ყველაფერს აქვს ფინალი და ფინალი აქვს იმ დრამატულ ამბავსაც, რაც ლართან დაკავშირებით ხდება.


საქართველოს მთავრობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ამ ფინალს ქართული სახელმწიფოებრიობა არ შეეწიროს.


არსებობს თუ არა რესურსები იმ საფრთხეების თავიდან ასაცილებლად, რომლებზეც საუბრის დასაწყისში ვლაპარაკობდით?


რა თქმა უნდა, არსებობს, ოღონდ ამ რესურსების ასამოქმედებლად, პირველ რიგში, აუცილებელია პოლიტიკური ნება და კიდევ იმის გაცნობიერება, რომ ყველანაირი ძალაუფლება, თუნდაც ფულით, ძალოვანი სტრუქტურებით, სხვადასხვა უწყებებით და ინსტანციებით გამაგრებული და გამყარებული, არამდგრადი და არამყარია, თუ ის ხალხის მხარდაჭერას არ ეყრდნობა.


სახელმწიფო არ შეიძლება იმისთვის არსებობდეს მხოლოდ, რომ მისმა ბიუროკრატიამ და ჩინოვნიკებმა მაძღრად და მსუყედ იცხოვრონ.


არ შეიძლება ნორმალური ერქვას იმ მდგომარეობას, როცა პენსიონერს 180 ლარი აქვს პენსია, ხოლო რომელიმე ჩინოვნიკს 30-ჯერ, 40-ჯერ მეტი ხელფასი და ხელფასზე კიდევ დანამატი აქვს.


ეს არასწორია, ეს დისკრიმინაციულია, ეს არასამართლიანია.


სწორედ ამგვარი მიდგომა აჩენს უფსკრულს მოსახლეობასა და იმ ხელისუფლებას შორის, რომელსაც ან არ სურს, ან ვერ ახერხებს დაიცვას სოციალური სამართლიანობის და თანასწორობის პრინციპი.


შეცდომაა, თუ ვინმე ფიქრობს, რომ მოიხსნა და არ მოქმედებს ფორმულა „პროლეტარიატი კაპიტალიზმის მესაფლავეა".


სამწუხაროდ, საგანგაშოდ იზრდება ქართული პროლეტარიატის რიცხვი.


ნუ ვაიძულებთ მათ, მაინცდამაინც ბარი და ნიჩაბი აიღონ ხელში და „ექსპლუატატორებისთვის" საფლავის თხრა დაიწყონ.


დაბოლოს, ტყუილად ჰგონია ვინმეს, რომ, რადგან ფული და სიმდიდრე აქვს, უვნებლად და დაუზიანებლად გადაურჩება ამ კატაკლიზმებს.


ჩვენ ან ყველა ერთად გადავრჩებით, ან ყველა ერთად დავმარცხდებით.


მინაწერი:

ეს ინტერვიუ გასულ კვირას ჩაიწერა, ხოლო ორშაბათს, უაღრესად მნიშვნელოვანი საკადრო და სტრუქტურული ცვლილებები მოხდა მთავრობაში.


გვინდა გვჯეროდეს, ეს ცვლილებები სწორედ იმ საფრთხეების პრევენციის მიზნით განხორციელდა, რომლებზეც ამ წერილშია საუბარი.


ისიც გვინდა გვჯეროდეს, რომ ეს ცვლილებები ახალი ხედვების, ახალი კონცეფციების და პრობლემებისადმი ახლებური მიდგომების საფუძველი გახდება.



ავტორი: ვახტანგ ხარჩილავა

 

 










 

წყარო : wyaro
Livestream
right_banner right_banner
არქივი
right_banner