logo_geo
eng_logo
ლელა ანჯაფარიძე: იყო ასეთი შესანიშნავი კაცი მერაბ თაბუკაშვილი...
- +

28 აგვისტო. 2018. 02:44

 

დელიკატური მერაბ ბიძია...

 

იყო ასეთი შესანიშნავი კაცი მერაბ თაბუკაშვილი..

მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი...

ჩემი უკრაინელი დედაჩკა გალიჩკას უახლოესი მეგობარი და მესაიდუმლე....

თამარ წერეთლის, ქეთო ჯაფარიძის და მითუმეტეს ქალბატონი ნანის რომანსების მეხოტბე...

 

პატარა ტანის კაცი იყო, მაგრამ ვისაც ახსოვს -

საოცრად დიდი და თბილი გული ამშვენებდა...

 

ერთხელ, მახსოვს, ჩვენთან სახლში მოვიდა

წვრილი გვირილების უზარმაზარი თაიგულით და

საშინლად ამოთითხნილი …

დედიკოს უთხრა - „სოფლიდან მოვდიოდიო და გამახსენდა,

გვირილები რომ გიყვარდაო და მთაზე ავედიო, შენი გულისთვის“...

„კი არა ხარ ამის ღირსიო, მაგრამ მაინცო“...

 

ეს ბოლო ფრაზა იყო უბრალოდ მისი ბრენდი -

არ უყვარდა, მადლობას რომ უხდიდი და სანამ მოიფიქრებდი,

რა უნა გეპსუხა...

მერაბი, გარი გუდინივით უჩინარდებოდა...

 

ყავდა ერთი დანგრეული „ზაპოროჟეცი“,

ისიც მერაბივით კეთილი...

მთელი დღე დადიოდა და

მის ახლობლებს თუ რამე ჭირდებოდა,

გაჰქონდა და შემოქონდა...

 

უნივერსიტეტში რომ ჩავაბარე, მათემატიკურზე,

ერთი გამოცდით,

უკრაინულად გამოქარგული პერანგი მომიტანა,

არც ვიცი, სად იშოვა და 1978 წლის 1 სექტემბერს

უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან სიტყვით გამოვდიოდი და ის მეცვა...

„კალაკოლჩიკებიანი“ და ასტრებიანი...

 

ერთხელ ერთმა არაკაცმა, სავარუდოდ, რაღაცის მისანიშნებლად,

შეკითხვა დაუსვა -

„ბატონო მერაბ, მართალია ტორტების გამოცხობა რომ იცითო?’

 

გაიღიმა და „კიო“...

ადგა და სევდიანად გავიდა კადრიდან...

 

მერე გალიჩკამ მომიყვა, რომ ბატონი მერაბი წლების განმავლობაში

უვლიდა თავის მძიმედ ავადმყოფ მეუღლეს...

 

სადილებსაც უმზადებდა და ტორტებსაც უცხობდა...

ალაგებდა და რეცხავდა...

 

მე მერაბ ბიძია ყოველთვის განსაკუთრებით მიყვარდა... და

ერთხელ დედიკოს ვუთხარი, რომ ბატონი მერაბი,

ალბათ, კარლსონის ძმაა, ოღონდ გამხდარი...

მე ამაზე მეტი კომპლიმენტის გაკეთებას

დღესაც ვერ შევძლებდი...

 

ცხოვრება კი იმიტომ არის ასე უსაშველოდ ლამაზი,

რომ მასში ასეთი ღუმელივით თბილი და

სულით დელიკატური ადამიანები დაიარებიან

თანაც, ფეხაკრეფით...

 

ლელა ანჯაფარიძე

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×