logo_geo
eng_logo
საახალწლო რიტუალები და ტრადიციები საქართველოში
- +

2 იანვარი. 2017. 23:07




საქართველოში ახალი წელი მეშვიდე საუკუნემდე აგვისტოში აღინიშნებოდა, მეშვიდე საუკუნიდან მეცხე საუკუნის ჩათვლით - სექტემბერში, ხოლო შემდგომ ახალი წელი მარტში გადაიტანეს. რაც შეეხება შობას, ამ დღესასწაულს საქართველოში განსაკუთრებულ მნიშნელობას ანიჭებდნენ, რაზეც დეკემბრის ქართული სახელწოდება - ქრისტეშობისთვეც მეტყველებს.


მეკვლის ფენომენი

მეკვლეობა, სტუმარ-მასპინძლობის ტრადიციიდან იღებს სათავეს. სტუმრის მიღება ოჯახის ღირსებად ითვლება, ამიტომ ქართველ კაცს უჩნდება პრეტენზია - ეს ღირსება ახალი წლის პირველ წუთებშვე დაიცვას. მეკვლე სტუმარს ნიშნავს, ამიტომ ოჯახის წევრის გარეთ გასეირნება და უკან შემობრუნება მეკვლეობად არ ითვლება.


„თვითონ სიტყვის შინაარსიდან გამომდინარე, მეკვლემ ოჯახისკენ მიმავალი გზა უნდა გაკვალოს. თუმცა კვალიც არის და კვალიც, და ეს  კვალი, პირველ რიგში, „ფეხზეა" დამოკიდებული. ქართველი კაცი, უცხო ოჯახში რომ შედის, კეთილი იყოს ჩემი ფეხიო - ამბობს. უცხო ფეხის შემოდგმას ოჯახში სიმბოლური დატვირთვა აქვს და „კეთილი და ბოროტი" ფეხის ცრურწმენა ჩვენში მხოლოდ ახალ წელს არ უკავშირდება. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ღირსეულ ოჯახს სტუმრისთვის კარი ყოველთვის ღია უნდა ჰქონდეს, საახალწლო სტუმარს არა რაღაც „სასურველი", არამედ აუცილებელი სტატუსი ენიჭება. ამისთვის კი ეს საკითხი წინასწარ უნდა მოაგვარო. საერთოდ, მეკვლეს ძველ საქართველოში წინასწარ ირჩევდნენ. პირველ რიგში, ის ოჯახის ახლობელი და სასურველი სტუმარი უნდა ყოფილიყო. ეს ტრადიცია დღესაც შენარჩუნებულია. „შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი, ფეხი ჩემი - კვალი ანგელოზისა", ასეთია მეკვლის დალოცვა. სხვადასხვა კუთხეში ეს რიტუალი სხვადასხვანაირი იყო. აღმოსავლეთ საქართველოში მეკვლე ვენახში შედიოდა და საგანგებოდ შემონახულ ყველაზე დიდ მტევანს, კარგ „ყოჩ ვაზთან" დაწურავდა იმის ნიშნად, რომ წელი მოსავლიანი ყოფილიყო. სხვა შემთხვევაში, მეკვლეს ხორბალი შემოჰქონდა და იატაკზე მთესველივით ფანტავდა", - აღნიშნავს ეთნიგრადი, ელგუჯა იოსელიანი.


ადრექრისტიანული საახალწლო რიტუალები


ძველად, საახალწლოდ ყურძნის უხვი მოსავლის მიღების მიზნით საგანგებო პურს აცხობდნენ, რომელსაც ქართლში, იმერეთსა და რაჭაში ყურძნის მტევნის მოყვანილობა ჰქონდა. გურიაში კი, კვერის სახით ცხვებოდა და მას აგუნას პური ეწოდებოდა. ჯერ კიდევ კერპთთაყვანისმცემლობის დროს აგუნა ნაყოფიერებისა და სიუხვის მფარველად იყო მიჩნეული. სამეგრელოში, საახალწლოდ გამომცხვარ ოთხ ხაჭაპურს გიდელში აწყობდნენ და გოგონას მარნისაკენ ატანდნენ. ამავე დროს, პატარა ბიჭს ერთი დოქი ღვინო მარნიდან გამოჰქონდა და გოგონას შესახვედრად მიემართებოდა. შეხვედრისას იმართებოდა ჭიდილი, თუ ბიჭი გაიმარჯვებდა, იმ წელიწადს პურის და ღვინის მოსავალი კარგი იქნებოდა, ხოლო, თუ გოგონა - აბრეშუმისა და ყველა იმ მცენარეების, რომელთაც ქალი უვლიდა.


ახალი წელი სამეფო კარზე


ახალ წლამდე რამდენიმე დღით ადრე, მეჯინიბეთუხუცესი მეფეს სამ ცხენს მიართმევდა, ორი სამეფო ცხენი იყო, ერთი კი - ჯაგლაგი. ჯაგლაგს კლავდნენ და ხორცს სანადიროდ შეგულებულ ადგილას ყრიდნენ, რათა სუნით ნადირი მიეტყუებინათ. ცისკრის ლოცვის წინ, სამეფო ოჯახში ჭყონდიდელი ჯვრითა და ხატით შემოდიოდა და ის უკვლევდა. ცისკრის ლოცვის შემდეგ კი, ნადირობა იმართებოდა. ამ დღეს ნადირისთვის არ უნდა აეცდინათ და ვისაც მიზანი უმტყუვნებდა, იმას წელი ცუდად წაუვიდოდა.


საახალწლო მორთულობები


დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ კუთხეში ჩიჩილაკს დგამდნენ, აღმოსავლეთში კი - ნაძვის ხეს, რომელიც სიცოცხლის, მარადიულობის სიმბოლოა. ჩიჩილაკს ძირითადად თხილის ხისგან ამზადებენ და მერქნის ანათალებს ბურბუშელას ხილითა და „ფოჩიანი კამფეტებით" რთავენ. ჩიჩლაკის მოსართავად კუნელსაც იყენებდნენ, რომელსაც ოთახში ტყისა და ბუნების ეფექტი შემოაქვს. ჩიჩლაკის თავი ოთხადაა გაყოფილი, ჭრილში ჯვარს სვამენ და ამ ჯვარზე ვაშლებს ბროწეულებს კიდებენ. ბროწეული სიმრავლის სიმბოლოა, ვაშლები კი, სიჯანსაღის.


საახალწლო სუფრა


ძველი ქართული საახალწლო სუფრა ნამდვილად არ იყო ისეთი უხვი და მრავალფეროვანი, როგორც დღევანდელი. როგორც ეთნოგრადი, დავით კობიძე აღნიშნავს, იმერეთი საახალწლო სუფრით ყოველთვის გამოირჩეოდა მხალეულობისა და საკმაზის მრავალფეროვნება და ხორცეულის მეტად ორიგინალურად დამუშავების ცოდნის გამო, იმერული სუფრა, რაც არ უნდა ღარიბული ყოფილიყო, მაინც გემრიელი იქნებოდა.


მთაში კერძებს ძირითადად ხორცეულისგან ამზადებდნენ, უმეტესად ყოველგვარი საკაზმის გარეშე, ამიტომ იქაურ სუფრას მრავალფეროვნება აკლდა. ქართლ-კახეთში საშობაო-საახალწლო სუფრის მშვენებად ნაზუქები ითველობდა. რაც შეეხება, სასმელს ძველქართულ საახალწლო სუფრაზე ღვინო აუცილებლად უნდა ყოფილიყო. ცნობილია, რომ სვანები, მთიულები, ფშაველები და სხვა მთაში მცხოვრები ქართველები, ახალი წლის წინა დღეებში სპეციალურად ჩადიოდნენ ბარში, რათა ღვინო ეყიდათ. საახალწლო სუფრა ღვინის გარეშე არ არსებობდა. 



წყარო: www.saunje.ge

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner