logo_geo
eng_logo
ქართლის ვაზის ოთხი მთავარი ჯიში, რომელსაც ღვინის დასამზადებლად იყენებენ
- +

20 აპრილი. 2017. 11:39




საქართველოში კულტურული ვაზის 500-ზე მეტი ქართული ჯიშია აღწერილი. ასეთი მრავალფეროვნება იმ ფაქტზე მიანიშნებს, რომ საქართველოში კულტურული მევენახეობა ათასწლეულებს ითვლის.


წარმოგიდგენთ კონკრეტულად ქართლის ვაზის ოთხი მთავარი ჯიშის მცირე აღწერილობას.


ჩინური


ჩინური თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშია და ფართოდაა გავრცელებული მთელ ქართლში. საგვიანო პერიოდის და საკმაოდ უხვმოსავლიანი. მისგან ნაზი მომწვანო-ჩალისფერი და ცქრიალა ღვინოები დგება. ხასიათდება პიტნისა და პანტა მსხლის ტონებით.


გორული მწვანე


ქართლის თეთრყურძნიანი ვაზის ჯიში, საგვიანო პერიოდის. ყურძენი სქელკანიანია, საკმაოდ წვნიანი და ხორციანი. მწიფდება ოქტომბრის პირველ ნახევარში. მაღალხარისხოვანი საღვინე ჯიშია, იყენებენ ევროპული, სადესერტო და ცქრიალა ღვინოების დასამზადებლად. გავრცელებულია უმეტესად ქართლში, მცირე რაოდენობით კახეთის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რაიონებში. გორული მწვანისგან დგება ცოცხალი და ხალისიანი ღვინოები მინდვრის ყვავილისა და თაფლის სურნელებით.


თავკვერი


წითელი აბორიგენული ყურძნის ჯიში. გავრცელებულია ქართლის რაიონში. ზრდის სიძლიერე საშუალო, მოსავლიანობა 70-80, სოკოვან დაავადებათა მიმართ მცირე გამძლეობას იჩენს, თუმცა სხვა ადგილობრივ ჯიშებთან შედარებით ადვილად უძლებს ყინვას. აქვს საშუალო ზომის, კონუსური ან ცილინდრულ-კონუსური ფორმის მტევანი და მომრგვალო, მუქი ლურჯი, თითქმის შავი ფერის მარცვალი. საგვიანო პერიოდის ჯიშებს განეკუთვნება, მწიფს, დაახლოებით, ოქტომბრის პირველ ნახევარში. შაქრიანობა 19-21%, მჟავიანობა 7,5-8,5 %. მისგან ამზადებენ „თაკვერის" სახელწოდებით ცნობილ წითელ და ვარდისფერ ღვინოებს.

 

შავკაპიტო


ქართლის წითელყურძნიანი ვაზის აბორიგენული ჯიშია. სათანადო მოვლის პირობებში შავკაპიტო უხვმოსავლიანია და ჰექტარზე 120-130 ცენტნერს იძლევა. სოკოვან დაავადებათა და ფილოქსერას მიმართ იგი საშუალო გამძლეობით ხასიათდება. ეკოლოგიური პირობებისადმი შავკაპიტო არ იჩენს დიდ მგრძნობელობას. წარმატებით ვითარდება როგორც დავაკებულ, ღრმა ღონიერ ნიადაგებზე, ისე ფერდობებზე ქვაღორღის შემცველ ნაკვეთებზე და მნიშვნელოვან განვითარებას აღწევს სამხრეთ ან სამხრეთ-აღმოსავლეთით მიქცეულ თიხნარ-ქვიშნარ და კალციუმის კარბონატებით მდიდარ ნიადაგებზე. ამგვარ პირობებში უხვ მოსავალთან ერთად მიიღება მაღალხარისხოვანი ყურძნის პროდუქცია ღია წითელი ფერის სუფრის ღვინოების დასაყენებლად. შავკაპიტოსგან დაყენებული ღვინოები გამოირჩევა მცენარეული და კენკრის ტონებით.


წყარო: http://allwine.ge


 

Livestream
right_banner right_banner
არქივი
right_banner