logo_geo
eng_logo
ზურაბ ბიგვავა: ეს „ქართული ოცნების“ მომხრეებისთვის დიდი სტიმული იქნება
- +

9 მაისი. 2018. 14:35

 

 

„უნარიანი ახალგაზრდები არიან, პრეტენზიულები, აქვთ ამბიცია, გახდნენ ძლიერი პოლიტიკური ფიგურები. ვიღაცას შეიძლება ჰგონია, რომ მათ ადრე დაიწყეს პოლიტიკის სადავეების ხელში აღება. მაგრამ ეს ადამიანური ფაქტორია და ის პროფესიულ ზრდასთან და საკუთარი სტატუსის დამკვიდრებასთან არის დაკავშირებული. ეს არ არის პარტიული კრიზისი, მით უმეტეს, პოლიტიკური კრიზისი. ოპოზიციის მოგონილია ეს კრიზისი“, - ამის შესახებ სოციოლოგმა ზურაბ ბიგვავამ გაზეთ „პრაიმტაიმთან“ „ქართული ოცნების“ წევრებზე საუბრისას განაცხადა.

 

„ისე, კარგი იქნება, თუ პოზიტიური კრიზისი (ასეთიც არსებობს) ჩამოყალიბდება. ეს მხოლოდ ორგანიზაციის განვითარების მაჩვენებელია. კრიზისი როდის დგება, როცა ორგანიზაცია წინ მიდის, მაგრამ რაღაც ეტაპზე ჩერდება, იმიტომ რომ რაღაც ისე არ გამოდის. კრიზისი თუ არ დადგა, მაშინ გამოდის, ჭაობში ხარ, არსად არ მიდიხარ და უბრალოდ ერთ ადგილს ტკეპნი. ასე რომ, „ქართული ოცნების“ შემთხვევაში, ეს უფრო ორგანიზაციული კრიზისი იყო. ბიძინა ივანიშვილის დაბრუნების ერთ-ერთი მიზეზი ესეც არის: ორგანიზაცია არის გასაზრდელი იდეოლოგიურად, ეგზისტენციალურად, ფსიქოლოგიურად. ის უფრო ეფექტიანი და ქმედითი უნდა გახდეს. სხვანაირად შემდგომი ნაბიჯები, სახელმწიფო დონის ნაბიჯები ვერ გადაიდგმება“, - განაცხადა ბიგვავამ.

 

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება ოპტიმალური ვარიანტი იყო.

 

„ეს ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი იყო. პრემიერად მისი დაბრუნება არ იქნებოდა სწორი და მართებული, პრეზიდენტობაზე კენჭისყრა ნონსენსია, რა თქმა უნდა.

 

თავიდანვე არასწორი იყო იმაზე საუბარი, რომ ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა, არსადაც არ წასულა. წავიდა აქტიური პოლიტიკიდან, მაგრამ ამბობდა, რჩევებს ვაძლევო და როგორ წავიდოდა? მისი დაბრუნების ერთ-ერთი  მიზანი, ჩემი აზრით, არის მის მიერ დაფუძნებული  ორგანიზაციის შემდგომი განვითარება ყველა თავისი ნიუანსით. ეს „ქართული ოცნების“ მომხრეებისთვის დიდი სტიმული იქნება, რათა მომავალშიც სწორედ ამ პოლიტიკურ ძალას დაუჭირონ მხარი“, - განაცხადა ბიგვავამ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner