logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: ოპოზიცია ცოტა მეტად მაფასებს, ვიდრე საკუთარი გუნდი...
- +

24 ივლისი. 2018. 22:51

 

 

„ოპოზიცია ცოტა მეტად მაფასებს, ვიდრე საკუთარი გუნდი“, – განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.

 

„საზოგადოებაზე იმავეს ვერ გადავიტან, მაგრამ ოპოზიცია ნამდვილად ობიექტურად მაფასებს, აფასებს ჩემს როლს. ისინი დაჟინებით მაკრიტიკებენ, რამეთუ, იციან, რომ მე მაქვს რესურსი, საზოგადოება მენდობა და თუ ჩემი პერსონის დაკნინებით შედეგს მიიღებენ, შეუძლიათ, სიტუაცია ამოაყირავონ, რაზეც ხელი ექავებათ. მათ დემოკრატიული მართვა ვერ შეძლეს და დღესაც იგივე ძალები ბობოქრობენ, ან ერთკაციანი პარტიები. მათ არავითარი რესურსი არ აქვთ, ელემენტარული ეკონომიკური ანალიზი მაინც გააკეთონ. ამიტომ, ეს ერთკაციანი პარტიები გამოდიან და პირდაპირ მლანძღავენ. შეურაცხყოფას მაყენებენ არა მხოლოდ მე, არამედ ჩემი ოჯახის წევრებს და ძირითადად, ამით არიან დაკავებული“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

მისი თქმით, ოპოზიციიდან, პირდაპირი მნიშვნელობით, ბრალდებების ნიაღვარი მოდის, მაგრამ ისინი ვერც ერთ ლეგიტიმურ ბრალდებას ვერ დაასახელებენ, რადგან ყველა მოგონილი და გადაბრუნებულია, როცა კარგი გაუკეთებია და ცუდად აფორმებენ, ან საერთოდ, ყურით მოთრეულია, რასთანაც კავშირი საერთოდ არ ჰქონია.

 

ამ განცხადებით ბიძინა ივანიშვილმა გადაცემის შეკითხვას უპასუხა, რატომ ხედავს ოპოზიცია ნებისმიერ მოვლენაში მის ბრალეულობას.

 

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, რატომ რჩება ოპოზიციის ბრალდებების აბსოლუტური უმრავლესობა მმართველი გუნდისგან პასუხგაუცემელი და რა არის მათი დუმილის მიზეზი, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ გუნდის წევრების ნაწილს ალბათ, სურვილიც არ ჰქონდა, ოპოზიციის ბრალდებებზე ეპასუხა, მაგრამ ობიექტურად, მათ რესურსიც ცოტა აქვთ.

 

„თუმცა, იმის შემდეგ, რაც პარტიის თავმჯდომარედ დავბრუნდი, შესაძლოა, ეს რესურსიც გაჩნდა და შეიძლება, უფრო მეტად უნდა უპასუხონ, თუ გუნდშიც აქვთ განცდა, რომ უპასუხისმგებლო ოპოზიციის ლანძღვიდან, ან შეკითხვებიდან რომელიმე ლეგიტიმურია. თუ რამე კითხვა რჩება, რომ შესაძლოა, რომელიმე კითხვას საფუძველი ჰქონდეს, მე დიდი სიამოვნებით შევხვდებოდი გუნდის ნებისმიერ წევრს ერთად, თუ ცალ-ცალკე“, – განაცხადა ივანიშვილმა.

 

მისი თქმით, ამით გუნდსაც ესაუბრება, რადგანაც უხერხულია, გუნდი შეკრიბოს და უთხრას, ადგნენ და ის  დაიცვან.

 

„ადრეულ პერიოდში, როცა საზოგადოების წევრი ვიყავი, ოპოზიციამ მოახერხა და ჩემს საკითხს ტაბუ დაადო. თუ ივანიშვილზე რამე პოზიტიურს იტყოდი, მაშინვე იტყოდნენ, რომ ივანიშვილი უკვე დიქტატორი იყო. ამ ფონზე, არ მინდა, გუნდის წევრები დავადანაშაულო, რამეთუ, ჩემი დაცვა ასე მარტივი არ იყო. ძველმა გუნდმა, რომელიც ძირითადად, მედიით მართავდა და მათი მართვის ძირითადი იარაღი პიარი იყო, ხელგაწაფულობითა და მოურიდებლობით ყველა ზღვარს გადააჭარბა და ჩემმა გუნდმა ჩემი დაცვა ვერ მოახერხა. ეს პირადად მეც ვერ მოვახერხე. საერთოდ, ზოგიერთმა მათგანმა, მაგალითად, ნათელაშვილმა რომ შეგაქოს, თავი უნდა მოიკლა კაცმა. მისი გინება საზოგადოებაში შესაძლოა, პოზიტივშიც კი ჯდებოდეს“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, ამასთან დაკავშირებით, გუნდის წევრებს ალბათ, დაფიქრება მართებთ, რადგან მისი რესურსი, პირველ რიგში, ისევ გუნდს სჭირდება.

 

„თუ მათაც აქვთ ეჭვი იმ ბრალდებებზე, რასაც ოპოზიცია მიყენებს, ნებისმიერს სიამოვნებით ვუპასუხებდი. შეგვიძლია, ამ ბრალდებების მთელი ნუსხა შევადგინოთ და პასუხი ნებისმიერს გავცე“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×