logo_geo
eng_logo
„სიყვარულის სწავლება არ შეიძლება, მისით ღმერთმა უნდა დაგვაჯილდოვოს“- ამონარიდები პატრიარქის ქადაგებებიდან
- +

13 სექტემბერი. 2016. 21:47



"მე მახსენდება წმინდა იოანე ოქროპირის სიტყვები: "სიყვარული კედელივით ძლიერია და ანდამატზე უმტკიცესი. მას ვერ დაამარცხებს სიმდიდრე, ვერც სიღარიბე. შეხედე, რა ხდება: თუმც საკუთრების დარიგება არ არის სასიამოვნო, მაგრამ სიყვარული ამას სიხარულით გაკეთებინებს; სხვისი ქონების მითვისება ყველას უნდა, მაგრამ სიყვარული არ მოგცემს ნებას, სიამოვნება პოვო ამაში". ღმერთმა ყველას მოგცეთ ჭეშმარიტი სიყვარულის ნიჭი! ამ მადლს ადამიანი მხოლოდ სულიერი განწმენდით მოიპოვებს. მაშ, ყოველმა ჩვენგანმა ჩაიხედოს თავის გულში და სცადოს დაინახოს, სად და რაშია საუნჯე მისი.


გახსოვდეთ, ამსოფლად ყოველივე წარმავალია. ჩვენი არსებობის მთავარი მიზანი მარადიული ცხოვრებისთვის მზადება უნდა იყოს. თუ ჭეშმარიტების გზით სიარული გვსურს, სიყვარული უნდა შევიმოსოთ და წმინდა ეფრემ ასურის ლოცვა აღვასრულოთ: "მეუფეო, მომანიჭე მე განცდაი თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა". მაშინ ადვილად დავინახავთ გაჭირვებულს, სნეულს... და, რაც მთავარია, უკეთესად დავინახავთ საკუთარ თავს. ჩვენ დავადგებით განწმენდის გზას და უეჭველად მივალთ უფალთან".


***

"ადამიანის ბუნება რთულია. არა მარტო კაცობრიობა, არამედ ყოველი ადამიანიც გაყოფილია, რადგან ბრძოლა კეთილსა და ბოროტს შორის ყველგან იგრძნობა. თვით მოციქული პავლეც კი ამბობს, რომ ხშირად იმას აკეთებდა, რაც არ უნდოდა. შესანიშნავი სიტყვები ეკუთვნის ჰაინრიხ ჰაინეს იმის თაობაზე, რომ ქვეყანა შუაზე გაიყო და ბზარმა მის გულზე გაიარა. მართლაც, ეს გაყოფა განსაკუთრებით ადამიანის გულზე იგრძნობა. თუ შენ ამ ბზარს არ გრძნობ და ჭრილობის განკურნებას არ ცდილობ, არ იღვწი იმისათვის, რომ ბოროტს კეთილმა სძლიოს, მაშასადამე, უფლის მარჯვნივ ვერ დადგები".


***

"კრავი უფლისა ჯვარს აცვეს, ის კი მაინც ცოცხალია; მას უარყოფენ, იგი კი კვლავაც ჩვენთანაა; ჭიშკარს უკეტავენ, ის დგას და რეკავს კარზე შენი გულისა, იცდის, როდის შეუშვებ. ერთნი მაცხოვრის მოწოდებისთანავე აღებენ კარებს; მეორენი - მხოლოდ მას შემდეგ, რაც მიწიერი ფუფუნება აზრს დაკარგავს მათთვის, როცა ბრძენთა ბრძენი სოლომონივით დარწმუნდებიან, რომ ყოველივე ამსოფლიური "ამაოა და სულსა შეაჭირვებს"; სხვანი ოდენ სასიკვდილო სარეცელზე, მარადიულობის კარიბჭესთან მდგარნი, უხსნიან გულს უფალს. მათ მთელი სიცოცხლის მანძილზე ელოდებოდა მაცხოვარი. მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც არასოდეს აღებენ კარებს, კაკუნის გაგონებაზე კიდევ უფრო იკეტებიან და ცდილობენ, დაირწმუნონ თავი, რომ მათ არ უხმობენ. ისინი ისე გალევენ საწუთროს, მარადიულ ნათელს ვერც დაინახავენ, ვერ განიცდიან სიხარულს ჭეშმარიტს; მიემგზავრებიან საუფლოსა ბნელეთისასა... სადა არა არს ნათელი, არცა ხედვად ცხოვრებისა კაცთასა (იობი 10,22)".


***

"ლოცვა არსებობს მრავალნაირი. ლოცვასაც აქვს თავისი ხარისხი. არის ლოცვა, რომელსაც ამბობს მხოლოდ ენა. არის ადამიანი, რომელიც ფიქრობს - აი, ეს ლოცვა უნდა წავიკითხოო. იმას კი არ ფიქრობს, როგორ წაიკითხავს ან შესმენილ იქნება თუ არა; არა! ეს უნდა წავიკითხოო. ესე იგი, ენა ასრულებს, აზრი კი, დიდი აზრი, რომელსაც ადამიანის გულს უწოდებენ, გამოთიშულია. ეს ძალიან უხარისხო ლოცვაა და იგი აუცილებლად აქვე, მიწაზე რჩება. მას ნაკლებად შეისმენს ღმერთი.


მეორე, ამაზე უკეთესია ის ლოცვა, როდესაც გონებაა ჩართული. შენ ამბობ ლოცვას და მასში ჩართულია შენი აზრი.


მესამე, ყველაზე დიდი და ყველაზე ძლიერი არის ის, როდესაც აზრი შენს გულშია ჩაკეტილი და გული ლოცულობს".


***

"სული და სხეული - აი, ჩვენთვის ცნობილი ადამიანის შემადგენელნი ნაწილნი. სულ ეს არის, თუ კიდევ სხვაც რაიმეა ჯერაც მიუკვლეველი ჩვენთვის? როგორ ავხსნათ, მაგალითად, აზროვნების უნარი, რა არის სიცოცხლე, რას წარმოადგენს გონება, გული?


ასე წერდა გულის შესახებ ჯერ კიდევ ჩვ. წ. აღ-მდე III საუკუნეში ჩინელი მოაზროვნე სიუნ-ცზი: "გული მპყრობელია სხეულისა, განმგებელია სიბრძნისა. იგი მბრძანებლობს, თვით კი არავის ემორჩილება; ის კრძალავს ან აიძულებს რაიმეს, იმოძრაოს. ამიტომაც შეგვიძლია, ჩვენი ნებით დავიდუმოთ ენა ან ვილაპარაკოთ, სხეული მოვხაროთ ან გავშალოთ. გულს ვერ დააშინებ, ვერ შეაცვლევინებ გადაწყვეტილებას. იგი იღებს მხოლოდ მას, რაც მართებულად მიაჩნია და განაგდებს, რაც მისთვის შეუწყნარებელია".


***

"ტალანტითა და ნიჭით დაჯილდოებულ მწერალსა და რეჟისორს, რომელიც თვითონაც ცხოვრების შუაგულში ტრიალებს და ხედავს კაცთა გულის იდუმალ ზრახვებს, კეთილი მწყემსის მსგავსად ძალუძს, დაგვეხმაროს როგორც სინამდვილის შეცნობაში, ისე ჩვენთვის სავალი გზების მიგნებაში; ოღონდ ისე, რომ ჭრილობა მარტო კი არ გააშიშვლოს, არამედ უმკურნალოს მას ანდა გვასწავლოს მაინც, როგორ მოვიშუშოთ იგი".


***

"ერთი დიდი მამა ამბობდა, თუ ადამიანი ქრისტეს სულ მცირე მადლს მაინც მოიპოვებს, თვითონაც ცხონდება და მის გარშემო მყოფ მრავალ ადამიანსაც აცხოვნებსო. მადლმოსილი კი ისაა, ვისაც შეუძლია დამნაშავეს აპატიოს, დაჩაგრული შეიბრალოს, წაქცეულს ასადგომად ხელი გაუწოდოს - მხოლოდ ამ შემთხვევაში ხდება ადამიანის გული ტაძარი სულისა წმიდისა. უნდა გვახსოვდეს, რომ ვინც მადლს ვერ მოიპოვებს, მას ვერავითარი ლოცვა და მარხვა ვერ უშველის და მის გულში უფალი, რომელიც სიყვარულია, ვერ დამკვიდრდება".


***

"ხშირად მორწმუნენი მოძღვრებს ეკითხებიან, რა შეუძლიათ შესწირონ ღმერთსა და ეკლესიას. უპირველეს ყოვლისა, ადამიანმა უნდა იცოდეს, რისთვისაა საჭირო ეს მსხვერპლი, კერძოდ ის, რომ ღმერთს ჩვენი შესაწირავი სრულიადაც არ სჭირდება. საღმრთო წერილში უფალი გვეუბნება, რომ მას ჩვენგან მიტანილი მსხვერპლი არ სჭირდება, რადგან ყოველივე ისედაც მისია, მისი გაჩენილია. მაშასადამე, რასაც ვწირავთ, ის არა უფლისთვის, არამედ ჩვენთვისაა საჭირო. ამასთან, ღმერთს უპირველესად გული უნდა შევწიროთ, გული განწმენდილი და ცოდვების გამო სინანულით "შემუსვრილი და დამდაბლებული".


***

"ისევე როგორც გლეხი წმენდს ხოლმე თავის მამულს, სანამ მას დაამუშავებდეს, თორემ თესლი ვერ აღმოცენდება და აუცილებლად დაიღუპება, ასევე უნდა განიწმინდოს გულიც უკეთური ზრახვებისა და სურვილებისგან. როგორც ღვინის ჩასხმამდე ჯერ ჭურჭელს ვრეცხთ, ასევე უნდა მოხდეს გულის შემთხვევაშიც...


როგორც საღმრთო წერილი გვასწავლის, თუ ჩვენ ერთმანეთის მხოლოდ სახეს ვხედავთ, უფალი გულს ხედავს და ყოველ ადამიანსაც გულის მიხედვით განსჯის. თუ გული სუფთა არ გვაქვს, სულ ამაოა ჩვენი ლოცვა, მარხვა და ეკლესიაში სიარული, ასევე ფუჭია და განუხორციელებელი ოცნება ცხონებაზე. გულის განწმენდა მხოლოდ საკუთარ შეცოდებათა დანახვითა და განცდით შეიძლება. ამიტომაც ევედრებოდა ეფრემ ასური ღმერთს: "ჰე, უფალო, მომანიჭე მე განცდაი თვისთა ცოდვათა..."


***

"საღმრთო წერილში ძალიან ხშირად იხსენიება ადამიანის გული. 50-ე ფსალმუნში დავით მეფე უფალს ევედრება: გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა". სხვაგან ნათქვამია: აზრი კეთილი დ აზრი ბოროტი ადამიანის გულიდან გამოდის. ცნობილმა ფიზიოლოგმა პავლოვმა გულს დიდი გონება უწოდა. ჩვენ ვგრძნობთ, რომ გული ადამიანის განსაკუთრებული ორგანოა, რომელიც მხოლოდ ბრძანებს და ბრძანებას არ იღებს. გულს ყოველთვის თავისი აზრი და შეხედულება აქვს და არავის ძალუძს, მას საკუთარი აზრი და შეხედულება მოახვიოს".


***

"ადამიანის გული კარია, საიდანაც მასში კეთილი და ბოროტი როგორც შედის, ასევე გამოდის. ამიტომ თუ სულის განწმენდა გვსურს, პირველ რიგში გულის განწმენდაზე უნდა ვიზრუნოთ. ყოველი ჩვენგანი ერთმანეთის მიმართ ორგული კი არა, ერთგული უნდა იყოს და თითოეული ჩვენგანის გული ნებისმიერ საზოგადოებაში, როგორც ანთებული სანთელი, ირგვლივ ნათელს უნდა ჰფენდეს.


ღმერთმა ინებოს, რომ მართლაც ანათებდეს თქვენი და ყოველი ქართველის გული!"


 


 

წყარო : wyaro
Livestream
right_banner right_banner
არქივი
right_banner