logo_geo
eng_logo
„სიკეთის მოკლებით გაჩენილ ცოდვათა ერთობლიობა არის ადამიანის ბუნების დაცემა“
- +

7 იანვარი. 2017. 00:55


 

„პირველ რიგში, აუცილებელია, ყოვლადწმინდა სამებისადმი ჭეშმარიტი რწმენით ნათლობა, აღმსარებლობა იმისა, რომ იესო ქრისტე არის ბუნებითი ღმერთი, ყოვლადწმინდა სამების მეორე ჰიპოსტასი, მხსნელი და მაცხოვარი სულთა ჩვენთა", - ამის შესახებ ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის საშობაო ეპისტოლეში.


„სიკეთის მოკლებით გაჩენილ ცოდვათა ერთობლიობა არის ადამიანის ბუნების დაცემული მდგომარეობა, რომელსაც შედეგად მოჰყვა სიკვდილი. ყოველივე ეს კი ათასწლეულების მანძილზე იმემკვიდრა კაცთა მოდგმამ.

 

მხოლოდშობილი ძე ღვთისა ოცი საუკუნის წინ მოევლინა სამყაროს.

 

უჟამო იგი ჟამიერ იქმნა, დაუსაბამო დასაბამიერი გახდა, უხილავი ღმერთი ბაგაში მწოლ ჩვილ ყრმად წარუდგა სოფელს, რათა მარადიული სიკვდილისათვის განწირული ადამის მოდგმა თავისი თავის მსხვერპლად გაღებით გამოეხსნა და ცოდვათა აღხოცვით ჩვენთვის დაკარგული მადლისმიერი ძეობა დაებრუნებინა.

 

,,ეჰა, დიდებული და საკვირველი საიდუმლო,

ეჰა, შესაძრწუნებელი სალხინებელი!" (შობის საგალობელი).

იესო ქრისტემ დაცემული კაცობრივი ბუნება თავის ღვთაებრივ პიროვნებაში შეურევნელად შეიერთა, განაახლა, სამების წიაღში ზეცად აიყვანა და საღრმთო დიდებით განაბრწყინა.

 

თუ პირველ მშობელთაგან მემკვიდრეობით მივიღეთ ხრწნილება და სიკვდილი, ახალ ადამში, ქრისტეში, ყოველმა ადამიანმა ცოდვისგან სრული გათავისუფლების მადლი მიიღო.

 

ამისთვის კი, პირველ რიგში, აუცილებელია, ყოვლადწმინდა სამებისადმი ჭეშმარიტი რწმენით ნათლობა, აღმსარებლობა იმისა, რომ იესო ქრისტე არის ბუნებითი ღმერთი, ყოვლადწმინდა სამების მეორე ჰიპოსტასი, მხსნელი და მაცხოვარი სულთა ჩვენთა.

 

ნათლობა არის მეორე ადამის, ქრისტეს, წიაღში ჩვენი სულიერი შობა, რომლის დროსაც გვენიჭება სულიწმინდის ბეჭედი, ის ცხოველმყოფელი მადლი, რაც დავკარგეთ სამოთხეში და, ამასთან, გვენიჭება უნარი მარადიული ნეტარი ცხოვრების მოპოვებისა",- ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის საშობაო ეპისტოლეში.


 

right_banner
არქივი
right_banner