logo_geo
eng_logo
თეიმურაზ ქორიძე: ნამგალაურის საქმის გაცნობა დღესაც ძალიან რთულია!
- +

25 ივლისი. 2016. 16:48


ბოლო წლებში სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალდებულთაგან მაგდა პაპიძე იყო ერთადერთი, რომელმაც განაცხადა: „არ მაქვს პრეტენზია სიცოცხლის, არ მაქვს პრეტენზია არც უვადო პატიმრობაზე, მზად ვარ დენის სკამისთვისაც". ამ 28 წლის წინათ სასამართლო სხდომაზე მსგავსი განწყობა გამოხატა უმძიმეს დანაშაულში (გაუპატიურება და მკვლელობა) ბრალდებულმა ცნობილმა სპორტსმენმა თამაზ ნამგალაურმა, რომელმაც უარყო მისი ადვოკატის თხოვნა სიცოცხლის შენარჩუნებაზე და საკუთარი თავისთვის სასჯელის უმაღლესი ზომა - დახვრეტა მოითხოვა.


ჩვენი სტუმარია პუბლიცისტი, გაზეთ „თბილისის" ყოფილი ჟურნალისტი თეიმურაზ ქორიძე, რომელიც იმდროინდელი მასმედიიდან ერთადერთია, ვინც ძირფესვიანად გაეცნო ნამგალაურის საქმეს და მის დახურულ პროცესებს ესწრებოდა. 


- ბატონო თემურ, მაგდა პაპიძის საქმეს თუ ადევნებდით თვალს, ფიქრობთ, რომ სასამართლომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო? პაპიძემ, ისევე, როგორც თავის დროზე თამაზ ნამგალაურმა, ბოლო სიტყვაში თქვა, სიცოცხლეზე პრეტენზია არ მაქვსო...


- როგორც ვიცი, ეს ქალბატონი ბრალს არ აღიარებდა, ხოლო მისი რიტორიკა სიკვდილით დასჯის მოთხოვნაზე, იყო ყოვლად ჩვეულებრივი თაღლითობა, ვინაიდან საქართველოში სიკვდილით დასჯა ოც წელზე მეტია გაუქმებულია. იმავეს ვერ ვიტყვით თამაზ ნამგალაურზე, რომელსაც დახვრეტაზე პროტესტი არ გამოუთქვამს და სრულიად გაცნობიერებული ჰქონდა თავისი დანაშაული.


- მასმედიიდან თქვენ ერთადერთი ხართ, ვინც ნამგალაურის დახურულ სასამართლო პროცესებს ესწრებოდით, შესწავლილი გაქვთ ამ საქმის ტომები...


- დანაშაული კომუნისტურ ეპოქაში მოხდა, როდესაც ბევრი საქმე იჩქმალებოდა და არც ეს გახმაურდებოდა, რომ არა მაშინდელი გენერალური პროკურორის მოადგილე როლანდ გილიგაშვილი. სხვათაშორის, მასვე ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში სასჯელის უმაღლესი ზომის, სიკვდილით დასჯის, გაუქმებაში. ჩვენ ერთმანეთს კარგად ვიცნობდით, მენდო და ჟურნალისტური გამოძიების ჩატარების უფლება მომცა. გავეცანი ნამგალაურის საქმის ტომებს, დავესწარი დახურულ პროცესებს. მსგავსი რამ მაშინ წარმოუდგენელი იყო. ამ საქმის გაცნობა დღესაც რთულია. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ რაც მოხდა, ეს იყო იმჟამინდელი სისტემის წაყრუებისა და თვალის დახუჭვის შედეგი, რამაც, საბოლოოდ, მსოფლიოში ცნობილი სპორტსმენი სასჯელის უმაღლეს ზომამდე - დახვრეტამდე მიიყვანა. პარადოქსია, ამ ბიჭს უმძიმესი დანაშაულები აპატიეს და პოლიციელის ცემაზე დაიჭირეს.


- თამაზ ნამგალაურს პირადად იცნობდით?


_ არა, ვხედავდი მხოლოდ სასამართლო პროცესებზე. საშუალო სიმაღლის, სიმპათიური ბიჭი იყო, უდიდესი ფიზიკური მონაცემების პატრონი. ჭიდაობაში თავისი ილეთი ჰქონდა დამუშავებული. საქმეს ძალზე სერიოზულად ეკიდებოდა. მას ახასიათებდნენ, როგორც უაღრესად შრომისმოყვარე და ამავე დროს გულჩათხრობილ, სიტყვაძუნწ კაცს, რომელსაც ახლო მეგობრები არ ჰყავდა. დუშეთში დაიბადა და გაიზარდა. როგორც საქმის მასალებიდან ჩანს, ალკოჰოლისკენ იყო მიდრეკილი, სწრაფად თვრებოდა, გონება უბნელდებოდა და საკუთარ ქმედებებს ვეღარ აკონტროლებდა. მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტებმაც და მისმა ადვოკატმაც ის ფსიქიკურად ჯანმრთელად მიიჩნიეს, მე მაინც მგონია, რომ მას სწორედაც ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა.


- დანაშაულები, რომელიც თამაზ ნამგალაურმა ჩაიდინა...


- 1988 წელს გაზეთ „თბილისში" წერილი გამოვაქვეყნე, სადაც დეტალურად აღვწერე ნამგალაურის მიერ ჩადენილი დანაშაულები - გაუპატიურებისა და მკვლელობის მცდელობები, გაუპატიურება და მკვლელობა. დაზარალებულთა გვარები შევცვალე, ძალიან უხერხული იქნებოდა მათი ვინაობის დასახელება - გაუპატიურებული ხანდაზმული ქალის, გაუპატიურებული და მხეცურად მოკლული 11 წლის ბავშვის სახელისა და გვარის თქმა.


თამაზ ნამგალაურს რამდენიმე დანაშაული ჰქონდა ჩადენილი. ყველა აღიარა. მივყვეთ მოვლენებს. პირველი დანაშაული 1980 წლის 29 დეკემბრის ღამეს ჩაიდინა. ჩუმად შეიპარა თავისი ბიძაშვილების სახლში (დუშეთში) და მათი პატარა გოგონას, ნინოს, გაუპატიურება მოინდომა. ჩვენებაში წერს: „რომ გაგუდულიყო, ერთი ხელი ცხვირ-პირზე დავაფარე, მეორე ყელში წავუჭირე, ხმა რომ ვერ ამოეღო. მერე ჩამოვიყვანე საწოლიდან, მინდოდა გამეუპატიურებინა. უცებ ამოიხრიალა და დედამისი გააღვიძა. გავიქეცი, ნინოს მოკვლა არ მინდოდა". გოგონას დედამ ნამგალაური დაინახა. როგორც აღმოჩნდა, მათ სახლში ის ხშირად დადიოდა და იცოდა, ვის სად ეძინა (საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ოჯახის მამას მეორე ოთახში ნასვამს ეძინა). ეს საქმე სწრაფად კი გახმაურდა, მაგრამ საქმეში ნაცნობ-მეგობრები ჩაერივნენ და სწრაფადვე მიჩუმათდა. ნამგალაური დაუსჯელი დარჩა. შემდეგში სწორედ ამან ჩაუნერგა მას საკუთარი დაუსჯელობის რწმენა. ერთი თვის შემდეგ კვლავ მძიმე დანაშაული ჩაიდინა. აქვე შეგახსენებთ, ამ პერიოდისთვის მას უკვე დაწყებული ჰქონდა ტრიუმფალური სპორტული აღმასვლა, ზედიზედ მოიგო საკავშირო და საერთაშორისო ტურნირები ძიუდოში, იყო სპორტსაზოგადოება „დინამოს" წევრი და, ფორმალურად, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი.


- რა დანაშაული ჩაიდინა?


- დანაშაული მოხდა 1981 წლის 4 თებერვალს. სასტუმრო „უშბაში", სადაც იმჟამად საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრები ცხოვრობდნენ. ნამგალაურმა ჯერ რესტორანში დალია, მერე - მეგობრის ნომერში. ნაშუაღამევს ნომრიდან გამოსულმა, სასტუმროს მეორე სართულის ჰოლში ტახტზე მიძინებული დამლაგებელი შენიშნა (1929 წელს დაბადებული ტატიანა ხაჩატუროვა). ქალს ყელში ხელი წაუჭირა, მეორე ხელი ცხვირ-პირზე ააფარა (რითაც სუნთქვისა და დაყვირების საშუალება მოუსპო), გონდაკარგული ქალი ტახტზე დააგდო, ტანსაცმელი შემოახია და გააუპატიურა. საბრალდებო დასკვნაში ეწერა, „ქალი მიაგდო და მიიმალაო". სინამდვილეში კი არ მიიმალა, თავის ოთახში შევიდა და მშვიდად დაიძინა. ამ ამბიდან ერთი თვის შემდეგ, 1981 წლის 3 აპრილს, ნამგალაურს გაუპატიურებასა და მკვლელობის მცდელობისთვის ბრალი კი წაუყენეს, მაგრამ არ დაუკავებიათ. სისხლის სამართლის საქმეში შემდეგი შინაარსის დოკუმენტი გაჩნდა: „საქმე შეწყდეს წარმოებით ბრალის დაუდასტურებლობის გამო". პასუხისმგებლობას აარიდეს კაცი, ვისაც ბრალად ედებოდა უმძიმესი დანაშაული. სხვათაშორის, ნამგალაურის მიერ გაუპატიურებული ქალბატონი თავის ჩვენებებში ამბობს, ნამგალაური ვიცანი, შეკრებების დროს ხშირად იყო ჩვენს სასტუმროში, დაყვირებაც მოვასწარი, მაგრამ შემდეგ გონება დავკარგე, აღარაფერი მახსოვსო. ოჯახისა და ნაცნობების მომერიდა და ხმამაღლა იმიტომ არ განვაცხადეო. მე კი მგონია, რომ ამ ქალმა მაშინდელი სამართალდამცავი სისტემისადმი შიშის გამო არ იჩივლა, თორემ საქმეში ყველაფერი იყო: მოწმეთა ჩვენებებიც, მტკიცებულებებიც, ექსპერტიზის დასკვნაც. ნამგალაური არც ამჯერად დაუსჯიათ.


- რა იყო მისი დაუსჯელობის მთავარი მიზეზი?


- არ სჯიდნენ იმიტომ კი არა, რომ საბჭოთა მართლმსაჯულება ყველაზე ჰუმანური იყო - როგორ შეიძლებოდა, მსოფლიო სახელის მქონე საბჭოთა სპორტსმენი დამნაშავედ ეღიარებინათ, სსრ კავშირში ხომ მსგავსი „დანაშაულის ჩადენისთვის სოციალური საფუძველი არ არსებობდა?! ამ დანაშაულებზე თვალის დახუჭვამ სხვა დანაშაული წარმოშვა.

 

- ამჯერად რა მოხდა?


 - 1982 წლის 23 მაისს, დაახლოებით დილის 3 საათზე, ნამგალაური კვლავ შეიპარა თავისი ბიძაშვილების ბინაში ისევ მცირეწლოვანი ნინოს გაუპატიურების მიზნით. კარგად იცოდა, ნინოს სად უნდა სძინებოდა, მაგრამ მოხდა გაუთვალისწილებელი რამ - ნინოს ლოგინში მის ფეხმოტეხილ ძმას, 8 წლის ლუხუმს ეძინა. ნამგალაურმა ბავშვს გაგუდვა და გაუპატიურება დაუპირა. მაგრამ ის შენიშნა ნინომ, რომელიც ძმის გვერდით საწოლში იწვა და დედა გააღვიძა. ნამგალაურმა გაღვიძებულ ქალს ხელი დაარტყა და გაიქცა, მაგრამ ფეხსაცმელი მათ სახლში დარჩა (ოჯახის უფროსს მეორე ოთახში ამჯერადაც ნასვამს ეძინა).

 

- პატარა ბიჭი გადარჩა?


- სასწრაფო დახმარების ექიმებმა მოასულიერეს. ბავშვების დედამ თქვა, ნამგალაურს რომ ჩემი ბავშვების გაგუდვა უნდოდა, რაიკომის მდივანსაც გავაგებინე და მილიციასაცო, მაგრამ ვერ წარმოედგინა, რომ ეს იყო არა გაგუდვის, არამედ გაუპატიურების მცდელობა. ამ საქმის გამომძიებელ ჯანგირაშვილს კი ვითომ არ „ახსოვდა", რაში იყო საქმე. საბოლოოდ, ბავშვების დედამ განაცხადა, ნამგალაურის დედა შემეხვეწა და ვაპატიეო.

 

- ამის შემდეგ რა მოხდა?


- 1984 წელს ნამგალაური სპორტსაზოგაოება „დინამოს" ინსტრუქტორ-მეთოდისტად დაინიშნა და მილიციის ლეიტენანტის ჩინიც მიიღო. მის მიერ დატრიალებული შემზარავი ამბები თითქოს დავიწყებასაც მიეცა. დაოჯახდა, ორი ვაჟი შეეძინა. მაგრამ მოხდა შემდეგი ფაქტი: 1988 წლის 17 აპრილს ნამგალაურმა და მისმა მეგობარმა ვინმე ჯაბნიაშვილმა ბაზალეთის ტბაზე იქეიფეს. იქიდან ნამგალაურის „მოსკვიჩით" წამოვიდნენ. სოფელ ჩიხთან ისინი ავტოინსპექტორმა გააჩერა და უსაბუთო, მთვრალ ჯაბნიაშვილს მილიციის განყოფილებაში გადაყვანა დაუპირა. ნამგალაური გადაირია, უფროს ლეინტენანტს როგორ მეპყრობიო, ინსპექტორი სცემა და ჯაბნიაშვილთან ერთად იქაურობას გაეცალა. ნამგალაურის დანაშაულებრივ ქმედებას მხოლოდ ამის შემდეგ მისცეს კანონიერი მსვლელობა და დუშეთის რაიონის პროკურატურაში 1988 წლის 26 მაისს მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს, დაითხოვეს შინაგან საქმეთა ორგანოებიდან. ესე იგი, ნამგალაურს შერჩა პატარა გოგონასა და მისი ძმის გაუპატიურების მცდელობა, სასტუმროს დამლაგებლის გაუპატიურება და სისხლის სამართლის საქმე აღძრეს მხოლოდ მილიციის სერჟანტის შეურაცხყოფისა და ცემის გამო.


- რა იყო ნამგალაურის ბოლო დანაშაული, რის გამოც დახვრეტა მიუსაჯეს?

 

_ აი, რას ამბობს ამის თაობაზე თავად ნამგალაური: „12 ივნისს ოჯახთან ერთად დუშეთში უნდა ავსულიყავი. სახლიდან გამოვედი, რამდენიმე კათხა ლუდი დავლიე, მერე ტაქსი დავიქირავე და დუშეთში მარტო წავედი. ეზოში როცა შევედი, ჩემს ბიძაშვილს დავუძახე, ბოსტნის გაწმენდაში მომეხმარე-მეთქი. გადმოვიდა და მომეხმარა. არაყი დავლიეთ. მერე ვუთხარი, წადი და შენი და გადმოიყვანე, ახლა ჩემები ამოვლენ და ბავშვები ერთად ითამაშებენ-მეთქი. წავიდა და თავისი პატარა და ამოიყვანა. ჩემი ბიძაშვილი ავტობუსების გაჩერებაზე გავგზავნე ჩემების დასახვედრად. ის რომ წავიდა, გოგონა ოთახში შევიყვანე, კარი ჩავკეტე, ხელში ავიყვანე და ლოგინზე დავაწვინე. რომ არ ეყვირა, ყელში ხელი წავუჭირე, მეორე ხელი პირზე ავაფარე და გავგუდე. მერე გავხადე და გავაუპატიურე. ამასობაში ჩემი ბიძაშვილი დაბრუნდა, დას ეძებდა. გოგონა საწოლებს შორის დავმალე, ბიჭი ოთახში შემოვახედე და ვუთხარი, აქ არ არის-მეთქი, ისიც წავიდა. გოგონა მკვდარი არ მეგონა და ყელში თოკი წავუჭირე, მერე ჩანთაში ჩავტენე, იქვე ჩავყარე მისი ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, შარდით და სისხლით მოსვრილი ზეწარი და ბალიშის პირი. ჩანთა ბოსტანში გავიტანე და იქ ჩავმარხე. მიწას რომ ვაყრიდი, დედამისმა დამიძახა, გოგონა ხომ არ გინახავსო. მე ვუთხარი, იქით გარბოდა-მეთქი. მერე თბილისში დავბრუნდი, ვისადილე, ტელევიზორს ვუყურე, ვიბანავე, ჩემი დასვრილი საცვალი გავრეცხე და დავიძინე. მეორე დილით დამაპატიმრეს. გოგონას მოკვლა არ მინდოდა". ამ მძიმე დანაშაულის გამო ნამგალაური ან უნდა დაეხვრიტათ, ან - 15 წელი უნდა მიესაჯათ. მან დახვრეტა ირჩია და ყველასათვის მოულოდნელი რამ თქვა: „არ უარვყოფ ჩადენილ დანაშაულს, 31 წლის ვარ, თუ არ დამხვრეტენ, 15 წლის შემდეგ გამოვალ ციხიდან და სად არის გარანტია, რომ ისევ არ ჩავიდენ რამეს. ამიტომ მე მხარს არ ვუჭერ ჩემი ადვოკატის შუამდგომლობას და გთხოვთ, ჩემს მიმართ გამოიყენოთ სასჯელის განსაკუთრებული ზომა" - დახვრეტას გულისხმობდა.


თამაზ ნამგალაურმა განაჩენის გამოცხადების დროს სახეზე ხელი აიფარა და ისე მოსიმინა მოსამართლის სიტყვები: „უდიდესმა სასჯელმა გადაფაროს უმცირესი და საბოლოოდ მიესაჯოს სასჯელის განსაკუთრებული ზომა - სიკვდილი". ნამგალაურის ამ აღიარების შემდეგ დავრწმუნდი, რომ დღევანდელი ექსპერტები მას აუცილებლად ავადმყოფად ჩათვლიდნენ. მისი ბოლო მსხვერპლი 16 კილოგრამი იყო - კაცს, რომელსაც 16 კილოგრამი გოგონას გაუპატიურება მოუნდება, ავადმყოფია, აბა, რა არის?! თან საწყალი ბავშვი ხერხემალში გადატეხა, სპორტულ ჩანთაში ჩატენა და ბაღში ჩამარხა.


- რას ამბობდა ნამგალაურის ოჯახი, დედა ან მეუღლე?


- ნამგალაურს არ უნდოდა, რომ პროცესს მისი ცოლი დასწრებოდა. ეტყობა, არ სურდა, მისი დანაშაულების შესახებ ცოლს ყველაფერი სცოდნოდა. მაგრამ ბრალდებამ ის ქალბატონი პროცესზე მაინც მოიყვანა. ამაზე ნამგალაური ისე გაბრაზდა, აქეთ-იქით მდგარ ბადრაგებს კინაღამ კისერი მოუგრიხა. როგორც ნამგალაურის მეუღლემ განაცხადა, ისინი ერთად სწავლობდნენ ინსტიტუტში, შეუღლდნენ 1984 წელს, იმ წელსვე შეეძინათ უფროსი ვაჟი, ხოლო უმცროსი - 1986 წელს. შვილები უყვარდა. ბოლო პერიოდში თავის ტკივილებსა და უძილობას უჩიოდა, სვამდა, გულჩათხრობილი დადიოდაო. როგორც ვიცი, ამ ამბის შემდეგ ცოლი ქმრის ოჯახიდან წავიდა და შვილებს გვარი შეუცვალა. სხვათაშორის, დედის გარდა, ნამგალაურს დამცველი არავინ გამოუჩნდა. მას სჯეროდა, რომ მის შვილს ილეთი მოჰპარეს, რომ ყველაფერი სხვისი მოწყობილი იყო.


- თამაზ ნამგალაურის დახვრეტასთან დაკავშირებით არსებობს ვერსია, რომ ის არ დახვრიტეს და იაპონიაში გააპარეს...


- თუ არ ვცდები, ნამგალაური დახვრიტეს 1990 წელს, როდესაც ციხეში არეულობა დაიწყო და სიკვდილმისჯილთა გაქცევის საშიშროება შეიქმნა. საქართველოში ძნელი იყო ისეთი კაცის პოვნა, რომელიც ნამგალაურს ესროდა, ამიტომ, მგონი, საიდანღაც ჩამოიყვანეს კაცი მის დასახვრეტად. ზემოთ ვთქვი და ახლაც ვიმეორებ, ყველა ამ დანაშაულებში მაშინდელი ხელისუფლება იყო დანმაშავე, ნამგალაურისთვის პირველ ჯერზე ხელი რომ არ დაეფარებინათ, სხვა დანაშაულებს ვერ ჩაიდენდა. 



ესაუბრა ქეთევან ხამიცაშვილი

 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×