logo_geo
eng_logo
თემურ ბასილია: საქართველოს თითოეული მოქალაქე 6500-დოლარიანი ვალით იბადება!
- +

30 ივლისი. 2016. 14:14



ასეთი საგანგაშო სტატისტიკა ამერიკაში მყოფმა თანამემამულემ, ყოფილმა ვიცე-პრემიერმა, სააკაშვილის რეჟიმისგან პოლიტიკური მოტივით დევნილმა თემურ ბასილიამ გამოითვალა, რომელიც ამ დღეებში „ინტერპოლმა", როგორც იქნა, ძებნილთა სიიდან ამოიღო:


- მომდევნო 10 წელიწადში საქართველომ თავისი საგარეო ვალების დასაფარავად 24 მილიარდი დოლარი უნდა გადაიხადოს! მე ეს თანხა საქართველოს მოსახლეობის რაოდენობაზე - 3 მილიონ 700 ათასზე გავყავი და მივიღე დაახლოებით 6500 დოლარი.


- როდიდან დაიწყო საქართველომ საგარეო ვალების დაგროვება?


- საბჭოთა კავშირის დაშლისთანავე საქართველოს რუსეთის, უკრაინისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების გარკვეული რაოდენობით ვალები გამოჰყვა, ანუ დამოუკიდებლობის პირველივე დღეებიდან ჩვენ ვალებით დავიწყეთ არსებობა. თუმცა, ის ვალები დღევანდელ მდგომარეობასთან შედარებით სასაცილოდ მოჩანს.


- როგორ მოხდა, რომ ჩვენი უმდიდრესი რესპუბლიკა სხვა საბჭოთა რესპუბლიკების მოვალე აღმოჩნდა?


- რუსეთთან და უკრაინასთან საქართველოს ინტენსიური ურთიერთობა ჰქონდა და მათი მოვალეობა არც არის გასაკვირი. თუმცა, ფრიად გაუგებარია, რანაირად აღმოჩნდა ჩვენი ქვეყანა სომხეთის მოვალე, რომლის მთელი ტრანზიტი მუდამ საქართველოზე იყო დამოკიდებული! იმ პერიოდში დიდი განუკითხაობა სუფევდა. ჩვენთან მომხდარმა პუტჩმა ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი მოშალა, რითაც ისარგებლეს ანტისახელმწიფოებრივმა ელემენტებმა და ჩვენს სამშობლოს უცხო ქვეყნების ვალები აჰკიდეს. ამის მიუხედავად, ეს თანხებიც უმნიშვნელოა დღევანდელთან შედარებით.


- მაშ, როდის მიაღწია ვალის რაოდენობამ საგანგაშო ნიშნულს?


- სააკაშვილის რეჟიმის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ! მინდა, გაგანდოთ მარტივი სტატისტიკა: 2003 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი გახლდათ 2,8 მილიონი დოლარი. 2012 წლის დეკემბრის ბოლოს, ანუ როცა სააკაშვილის რეჟიმი ძალაუფლებას ჩამოაცილეს, ქვეყნის საგარეო ვალი 13,3 მილიარდ დოლარს აღწევდა, ანუ ავბედითი 9 წლის განმავლობაში თითქმის 5-ჯერ გაიზარდა!


- ახალმა ხელისუფლებამ ეს ინერცია შეაჩერა?

 

- 2013 წლიდან საგარეო ვალების მოცულობა ისევ იზრდება, თუმცა, არა სააკაშვილის რეჟიმის ტემპით. ამჟამად საქართველოს საგარეო ვალი შეადგენს 14,6 მილიარდ დოლარს, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ 10 წლის განმავლობაში ვალის პროცენტიც დასაფარია, საქართველოს ამ თანხის ნაცვლად ათ წელიწადში 24 მილიარდი დოლარის გადახდა მოუწევს!


- ბატონო თემურ, მაინც რა სესხებს იღებდა სააკაშვილის რეჟიმი და რამდენად ხმარდებოდა აღებული თანხა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობას?


- საერთაშორისო ორგანიზაციები, სადაც კორუფციის ელემენტები ბოლომდე ფრთებს ვერ შლიან, მიზნობრივ სესხებს იძლეოდნენ, თუმცა, არსებობდა უამრავი გაურკვეველი სესხიც. მაგალითად, ლადო გურგენიძის პრემიერ-მინისტრობის პერიოდში საქართველომ 500 მილიონი დოლარის ღირებულების ევროობლიგაციები გამოუშვა. სააკაშვილი მაშინ ამ სესხს ფუთავდა განმარტებით, თითქოს მომავალი თაობების აღზრდა-განვითარებას უნდა მოხმარებოდა. შემდეგ ითქვა, თითქოს ამ ფულით გაზსაცავები უნდა აშენებულიყო. საბოლოოდ რაში დაიხარჯა ამხელა თანხა, ალბათ, მხოლოდ სააკაშვილმა და რამდენიმე ადამიანმა იციან! ეს 500 მილიონი მოსახლეობას კი არა, რეჟიმის განმტკიცებას და მის ერთგულ მსახურთა კეთილდღეობას მოხმარდა! არსებობს მონაცემები, რომ თანხის ნაწილი დაიხარჯა 2008 წლის არჩევნებზე სააკაშვილის უკვე დისკრედიტებული გარემოცვის ხელისუფლებაში ხელახლა მოსასვლელად! ჩემთვის გასაოცარია, რომ სააკაშვილს „ოცნების" ხელისუფლებამ საკმაოდ მსუბუქი ბრალდებები წაუყენა, მაგალითად, საპრეზიდენტო ფონდის არამიზნობრივად გახარჯვა... არადა, სააკაშვილს გაცილებით მძიმე ბრალდებები შეესაბამებოდა!


- 14-მილიარდიანი ვალი ბევრია საქართველოსთვის?


- ვერ ვიტყვი, რომ კატასტროფაა, თუმცა ხელისუფლება კარგად უნდა დაფიქრდეს, რათა ვალების აღების გაგრძელებით არ შექმნას ისეთი სიტუაცია, რაც საბერძნეთში, ირლანდიაში, ისლანდიასა და პორტუგალიაში შეიქმნა. ჩვენგან განსხვავებით, ეს ქვეყნები ევროკავშირის წევრები არიან, მაგრამ ვალების უკონტროლო დაგროვებამ ეკონომიკური კოლაფსის წინაშე დააყენა! საქართველოს უარესი მოელის, რადგან არა აქვს ის გარანტიები, რასაც ევროგაერთიანება თავის წევრებს სთავაზობს.


- ჩვენი საგარეო ვალი საქართველოს სახელმწიფოებრიობას საფრთხეს უქმნის?

 

- ვალი მოქმედებს ეროვნული ვალუტის - ლარის კურსზე, რაც, თავის მხრივ, გავლენას ახდენს საქართველოს მოსახლეობის ცხოვრების დონეზე. საქართველოს ეროვნული ბანკის რეზერვები 2 მილიარდ დოლარზე ცოტათი მეტია, მაგრამ საქართველოს წელს თავისი კრედიტორებისთვის 4 მილიარდზე მეტი, ანუ რეზერვზე 2-ჯერ მეტი თანხა აქვს გადასახდელი! თუ ეროვნული ბანკი რეზერვის მოძიებას ვერ შეძლებს, ლარის კურსი აუცილებლად ისევ დაეცემა!

 

- მოსალოდნელია, რომ ვალის დაფარვის მიზნით მევალეებმა ჩვენი ბუნებრივი სიმდიდრეების დათმობა მოგვთხოვონ?


- სამწუხაროდ, პერსპექტივაში ეს საშიშროებაც არსებობს. როდესაც საბერძნეთის პრობლემები განიხილებოდა, გერმანიისგან იყო დიდი ზეწოლა, რომ საბერძნეთს ხმელთაშუა ზღვაში რამდენიმე კუნძული გაეყიდა. საბერძნეთმა მაშინ კუნძულების დაცვა შეძლო, თუმცა, სხვა სახის დათმობებზე წასვლა მოუხდა თუ ვალს ვერ გადავიხდით, შესაძლოა, საქართველოსაც აქტივების გასხივების მოთხოვნა წამოუყენონ!

 

- ვალის მხრივ სხვა ქვეყნებს როგორ აქვთ საქმე?


- გაცილებით დიდი ვალებიც აქვთ, ერთ სულ მოსახლეზე გათვლით... მაგრამ მათი ეკონომიკა ბევრად უფრო სრულყოფილია და ქვეყნებიც გადახდისუნარიანია. თვით არაბეთის ნავთობით მდიდარ ქვეყნებსაც კი, სადაც ბავშვები დეპოზიტზე თანხებით იბადებიან, უმნიშვნელო საგარეო ვალები მაინც აქვთ.


- ჩვენ რა გამოსავალი გვაქვს? როგორ უნდა გადავიხადოთ 24 მილიარდი დოლარი?


- პირველ რიგში, დაუყოვნებლივ უნდა შევწყვიტოთ მაღალპროცენტიანი სესხების აღება. არიან საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც გაცილებით გრძელვადიან და დაბალპროცენტიან სესხებს იძლევიან და დახმარებისთვის მათ უნდა მივმართოთ, რადგან შორს ვარ აზრისგან, რომ ინვესტიციის მოზიდვის გარეშე ეკონომიკის განვითარება შესაძლებელია... სწორი, რაციონალური ფინანსური პოლიტიკის გატარების, მცირე და საშუალო ბიზნესის აყვავების შემთხვევაში, ამ რთული მდგომარეობიდან გამოსვლას მოვახერხებთ!


- და ბოლოს, ბატონო თემურ, ინტერპოლმა თქვენი ძებნა შეწყვიტა. თქვენს წინააღმდეგ აღძრული საქმე ამჟამად რა ეტაპზეა?


- მედიამ დეზინფორმაცია გაავრცელა, თითქოს ჩემი ძებნა ინტერპოლმა რამდენიმე დღის წინ შეწყვიტა, სინამდვილეში კი ეს 9 თვის წინათ მოხდა. სააკაშვილის რეჟიმი ოპონენტების დევნისას საერთაშორისო ქსელებს, მათ შორის ინტერპოლსაც იყენებდა და არასასურველი პირების მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის არაერთი მაგალითი არსებობს. ჩემზე ძებნის შეწყვეტის საფუძველი სწორედ ის გახდა, რომ სააკაშვილი პოლიტიკური მოტივით მდევნიდა, რაც აშშ-ის ხელისუფლებამ დაადასტურა, როცა პოლიტიკური დევნილის სტატუსი მომანიჭა.


ოფიციალურად მივმართე საქართველოს პროკურატურას ჩემი საქმის ხელახლა გამოძიების მოთხოვნით და როგორც ვიცი, საქმის შესწავლა დაწყებულია.

 


 

ესაუბრა ზაზა დავითაია

 

 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×