logo_geo
eng_logo
თამარ ჩუგოშვილი: ერთპიროვნულად არც ერთ გადაწყვეტილებას არ მივიღებთ
- +

22 ოქტომბერი. 2016. 16:42



რა პოლიტიკური კონფიგურაცია მივიღეთ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში არჩევნების შემდეგ, როგორ ემზადება მმართველი გუნდი მეორე ტურებისთვის და მიიღებს თუ არა პარტია საკონსტიტუციო უმრავლესობას მომავალ პარლამენტში, „ქართული ოცნების" წევრი თამარ ჩუგოშვილი გვესაუბრება:


- პარლამენტისთვის უკეთესი იქნებოდა მრავალპარტიული ყოფილიყო, თუმცა ამას მხოლოდ ამომრჩევლის ნება წყვეტს, სამი პოლიტიკური ძალის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ყოფნა საზოგადოების არჩევანია და ეს ვითარება უკეთესია, ვიდრე პარლამენტში მხოლოდ ორი მხარის წარმოჩენა - ასეთ შემთხვევაში მეტია შანსი, პოლიტიკური პროცესის პოლარიზება მოხდეს.


- „პატრიოტთა ალიანსი" შეძლებს ამ ორ პარტიას შორის ბალანსის შენარჩუნებას - ეს ძალა ხომ უფრო „ნაციონალური მოძრაობის" მოწინააღმდეგედ აღიქმება.

 

- პრემიერის ყველა განცხადებაში ხაზგასმით არის მითითებული, რომ ჩვენი ძალა მხოლოდ კონსტრუქციულობისკენ არის მომართული, თუმცა სხვა პოლიტიკური ძალები, ძირითადად, დესტრუქციულად არიან ოპონენტების მიმართ განწყობილი. მრავალპარტიული პარლამენტი უკეთესი იქნებოდა, მაგრამ სამი პოლიტიკური ძალის პარლამენტში წარმოდგენა მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია პოლარიზაციის საწინააღმდეგოდ.


- „თავისუფალი დემოკრატები" ან „რესპუბლიკელები" მომავალ პარლამენტში არ იქნება თქვენთვის დანაკლისი?

 

- ამ ორ პარტიას პარლამენტში მუშაობის სერიოზული გამოცდილება აქვს, თანაც მათი საგარეო კურსი ჩვენსას ემთხვევა. სამწუხაროდ, მათ მიერ შერჩეულმა სტრატეგიამ და ამომრჩევლის ხმების მოზიდვის ფორმამ არ გაამართლა.


- სტრატეგიის არასწორ შერჩევაში ხელისუფლებასთან დაპირისპირებას გულისხმობთ?

 

- ჩემგან ამ დეტალებზე საუბარი არასწორი იქნება. მე მხოლოდ არჩევნების შედეგიდან გამომდინარე ვსაუბრობ.


- დავით უსუფაშვილის განცხადებით, პირადად თვითონ და „რესპუბლიკელებიც" ბიძინა ივანიშვილთან ურჩობისთვის დაისაჯნენ.

 

- როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო დამკვირვებლები ერთხმად აცხადებენ, რომ არჩევნები თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარდა. გულდასაწყვეტია, რომ საკუთარი შედეგების სხვისთვის გადაბრალებას ცდილობენ.


- თავად მმართველი გუნდი ისეთივე მობილიზებულია მეორე ტურის არჩევნების წინ, როგორც ეს 8 ოქტომბერს ვიხილეთ?

 

- „ქართული ოცნება" აშკარად უპირატეს მდგომარეობაშია, თუმცა მთავარი ამოცანა მაინც პროცესის მშვიდობიანად დასრულებაა.

მარნეულში მომხდარი ინციდენტი დესტაბილიზაციის მცდელობა იყო, იმედი მაქვს, ყველა პოლიტიკური ძალა გაიაზრებს, რომ მსგავსი შემთხვევები პირველ რიგში, სახელმწიფოს აზიანებს.


- თუ იქნება დამაზიანებელი ხელისუფლებისთვის საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება - ოპოზიცია პარალელს „ნაცმოძრაობასთან" ავლებს და აცხადებს, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა თავად მმართველი გუნდისთვის იქნება დამაზიანებელი.

 

- საკონსტიტუციო უმრავლესობის არსებობის პირობებში ქვეყანას საკმაოდ მძიმე გამოცდილება აქვს. თუმცა, ისიც საკითხავია, თავად წინა ხელისუფლების მმართველობის ფორმამ დაამკვიდრა საკონსტიტუციო უმრავლესობა, თუ ჭარბმა ძალაუფლებამ გამოიწვია „ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის მძიმე შედეგები. დღეს მედია და საზოგადოება, სამოქალაქო სექტორი ბევრად ძლიერია და ხელისუფლებაც მათ წინაშე ანგარიშვალდებულებას სრულად აცნობიერებს.


- უკვე ანონსდება, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის პირობებში მმართველი გუნდი პრეზიდენტის არჩევის წესის, პარლამენტის ადგილსამყოფელის შეცვლასა და ქორწინების ცნების განსაზღვრას გეგმავს.


- ერთპიროვნულად არც ერთ გადაწყვეტილებას არ მივიღებთ. ეს ფართო შეთანხმებით უნდა მიიღწეოდეს, რადგან არც ერთ საკითხზე სუბიექტური დაინტერესება არ გაგვაჩნია.


- გუნდის რამდენიმე წევრმა უკვე ღიად განაცხადა, რომ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე მხარს ირაკლი კობახიძეს დაუჭერს. ერთ-ერთ კანდიდატად თქვენც განიხილებით.


- ჩემს კანდიდატურას გამოვრიცხავ, დანარჩენი კი მომავალში გაირკვევა.

 

 

 

რუსუდან შელია

 

 

 


 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner