logo_geo
eng_logo
სპეცოპერაცია „აიკონ II“-ის დეტალები – ინტერვიუ კრიმპოლის დირექტორთან
- +

5 დეკემბერი. 2016. 12:23



გაზეთი „პრაიმტაიმი" გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს საქართველოს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორ დავით ნატრიაშვილთან, რომელსაც გამოცემა ესპანეთში ქართველების მასობრივი დაკავების შესახებ ესაუბრა.


როგორც ცნობილია, გასულ კვირას ესპანეთში მასშტაბური სპეცოპერაცია ჩატარდა, სახელწოდებით - „აიკონ II", რომლის ფარგლებში საქართველოს 50-მდე მოქალაქე დააკავეს. ესპანური მედიის ინფორმაციით, ქართული მაფიის წინააღმდეგ სპეცოპერაცია 29 ნოემბერს ერთდროულად ოთხ ქალაქში მიმდინარეობდა. დაკავებულთა შორის არიან ესპანელებიც, რომლებიც მოპარულ ნივთებს ყიდულობდნენ. ამავე ინფორმაციით, გაცემულია ორდერი ჯგუფის ლიდერის, კანონიერი ქურდის სპარტაკ ჯაფარიძის დასაკავებლად, რომელიც, სავარაუდოდ, იტალიაში იმყოფება.

 

- ბატონო დავით, სპეცოპერაციის მომზადების ან მიმდინარეობის დროს რამდენად აქტიური იყო თანამშრომლობა ქართულ მხარესთან?


- მოგეხსენებათ, მსოფლიო გამოწვევების ფონზე, საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობას განსაკუთრებული როლი ენიჭება. ორგანიზებული დანაშაული ხშირ შემთხვევაში სცდება ერთი ქვეყნის ფარგლებს. ამიტომ მთავარი, ამ პრობლემის დასაძლევად, საერთაშორისო პარტნიორობის გაღრმავება და საპოლიციო თანამშრომლობაა. საქართველოს შს სამინისტრო ძალისხმევას არ იშურებს აღნიშნული მიმართულების განსავითარებლად. ბოლო პერიოდში ჩვენი თანამშრომლობა პარტნიორი ქვეყნების სამართალდამცავ უწყებებთან თვისობრივად ახალ სტადიაზე გადავიდა. ევროკავშირის 15 ქვეყანასთან ჩვენ გვაქვს საერთაშორისო ხელშეკრულება დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში შევქმენით საერთაშორისო დანაშაულთან ბრძოლის თანამშრომლობის ცენტრი და 13-მდე გავზარდეთ პოლიციის ატაშეების რაოდენობა, რომლებიც თითქმის მთელ ევროპას ფარავენ.

საგულისხმოა, რომ იმ ქვეყნებში, სადაც პოლიციის ატაშე წარვგზავნეთ, ქართველების მიერ ჩადენილი დანაშაული სწრაფად იხსნება და დანაშაულის ჩადენის ტენდენციაც კლებადია. საერთოდ, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში გადამწყვეტი მნიშვნელობა ინფორმაციას ენიჭება. სწორედ ინფორმაციის გაცვლისა და ჩვენს უცხოელ კოლეგებთან ინტენსიური თანამშრომლობის შედეგად, არაერთი ორგანიზებული დანაშაულის საქმე გაიხსნა.


რაც შეეხება თქვენს კითხვას ესპანეთში ჩატარებული მასშტაბური სპეცოპერაციის შესახებ, რომელიც მიმართული იყო ადგილზე ქართული დანაშაულებრივი დაჯგუფებების წინააღმდეგ, ბუნებრივია, ჩვენ აქტიურად ვიყავით ჩართული. სპეცოპერაცია, სახელწოდებით „აიკონ II", 2016 წლის 29 ნოემბერს, ესპანეთის ოთხ ქალაქში: მადრიდში, ბილბაოში, სევილიასა და ბარსელონაში ერთდროულად ჩატარდა. აღნიშნული სპეცოპერაციის მომზადების პროცესში, საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ 2015 წლის 21 იანვრის შეთანხმების საფუძველზე, თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა ინფორმაციის გაცვლა ქართველ და ესპანელ სამართალდამცველებს შორის. საქართველოს შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა ესპანელ კოლეგებს მიაწოდა ჩვენს ხელთ არსებული მნიშვნელოვანი ინფორმაცია, მათ შორის, სავარაუდო დამნაშავეთა კრიმინალური კავშირების, კრიმინალური წარსულის, ნასამართლობის შესახებ, თითის ანაბეჭდები და სხვა.


29 ნოემბერს, გამთენიისას ჩატარებული სპეცოპერაციის მიმდინარეობისას, მთელი ღონისძიების განმავლობაში, აქტიურად იყო ჩართული საქართველოს პოლიციის ატაშე ესპანეთის სამეფოში, რომელიც, საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის ფარგლებში, ახორციელებდა ესპანელი კოლეგების მხარდაჭერას. როგორც თქვენთვის ცნობილია, აღნიშნულ ღონისძიებაში, ასევე, მონაწილეობდნენ საფრანგეთის რესპუბლიკის პოლიციის ატაშე ესპანეთში და ევროპოლი.

 

- სულ რამდენი ქართველი იქნა დაკავებული?


- ამ ეტაპისთვის, აღნიშნული სპეცოპერაციის შედეგად, ესპანეთის ოთხივე ქალაქში დაკავებულია საქართველოს 45 და უცხო ქვეყნის 20 მოქალაქე. ქართველი დამნაშავეების იდენტიფიცირება ჩვენ უკვე მოვახდინეთ, დადგენილია მათი ვინაობა და დანაშაულებრივი საქმიანობის დეტალები. მათი უმეტესობა ბრალდებულია ბინის ქურდობებსა და დოკუმენტების გაყალბებაში.


- როგორც ცნობილია, დანაშაულებრივ დაჯგუფებას ხელმძღვანელობენ ე.წ. კანონიერი ქურდები"... რას გვეტყვით ამის შესახებ? კონკრეტულად რომელი „კანონიერი ქურდების" ინტერესები იკვეთება ამ შემთხვევაში და რამდენად მასშტაბურია ეს დაჯგუფება?


- საქართველოში მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად, ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობა ან „კანონიერი ქურდობა" დასჯადია. საქართველოში არ არიან „კანონიერი ქურდები". ვინც არის, ციხეში ზის. ბოლო პერიოდში, ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან საპოლიციო თანამშრომლობით, საქართველოში რამდენიმე „კანონიერი ქურდის" დეპორტირება მოხდა.


„კანონიერი ქურდებისა" და კრიმინალური სუბკულტურის სხვა წარმომადგენლების (რომლებსაც სხვადასხვა ქვეყნებში განსხვავებული სახელით მოიხსენიებენ) წინააღმდეგ ბრძოლის წარმატებული გამოცდილების გაზიარების მიზნით, ჩვენ მივმართეთ პარტნიორებს ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან, ორმხრივი სამუშაო ჯგუფების შექმნის შეთავაზებით. აღნიშნულ ფორმატში ხდება პირადი კონტაქტების დამყარება, ოპერატიულ-სამძებრო ინფორმაციის გაცვლა, არსებული რესურსებისა და მექანიზმების გაცნობა, საქართველოს წარმატებული გამოცდილების გაზიარება და სამომავლო გეგმების დასახვა. ასეთ ფორმატში უკვე განხორციელდა შეხვედრები გერმანიის, ავსტრიის, საფრანგეთის, იტალიის, სლოვენიის, ესპანეთის, რუმინეთის, საბერძნეთის, სკანდინავიის ქვეყნებთან და კიდევ მრავალი მსგავსი შეხვედრა იგეგმება.


გარდა ამისა, ჩვენ ცოტა ხნის წინ დავასრულეთ საქართველოსთან ნებისმიერი კავშირის მქონე „კანონიერი ქურდის" აღრიცხვა და ინტერპოლის „მწვანე ცირკულარზე" აყვანა, რაც ინტერპოლის წევრ ქვეყნებს შესაძლებლობას აძლევს, ისინი განსაკუთრებული ყურადღების არეალში ჰყავდეთ.


რაც შეეხება ესპანეთში დაკავებულ დანაშაულებრივ დაჯგუფებას, მისი წევრები, როგორც მოგახსენეთ, არა მხოლოდ ქართველები, არამედ სხვა ქვეყნების, მათ შორის, ესპანეთის მოქალაქეებიც იყვნენ. გამოძიება დაადგენს, ვინ იდგა აღნიშნული დაჯგუფების უკან. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, 2015 წლამდე ესპანეთში ქართულ კრიმინალურ-დანაშაულებრივ დაჯგუფებებს ხელმძღვანელობდა ერთ-ერთი ე.წ. კანონიერი ქურდი. 2015 წელს იგი ესპანელმა სამართალდამცველებმა დააკავეს. ბუნებრივია, არსებობს ინფორმაცია მის სავარაუდო შემცვლელთან და მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფ პირებთან დაკავშირებით, თუმცა, გამოძიების ინტერესებიდან და პერსონალური ინფორმაციის დაცვის აუცილებლობიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე მათ ვინაობას ვერ გავამხელთ.


- ამბობენ, რომ ძებნა გამოცხადდა კანონიერ ქურდ სპარტაკ ჯაფარიძეზე, რომელიც თავს იტალიას აფარებს... ეს პიროვნება საქართველოს ციხიდან 2014 წელს გათავისუფლდა... შეგიძლიათ, გვითხრათ, რა საქმეზე იხდიდა სასჯელს და როგორ აღმოჩნდა ის ევროპაში?


- ინფორმაცია პირის ნასამართლობის შესახებ არის პერსონალური. თუმცა, ვინაიდან მედიაში აღნიშნული პიროვნების გვარი, პრინციპში, უკვე ყველგან ფიგურირებს, გეტყვით იმას, რომ მან სასჯელი საქართველოში სრულად მოიხადა. 2015 წელს იგი ჩვენ ინტერპოლის „მწვანე ცირკულარზე" ავიყვანეთ, ხოლო ესპანური მხარე მას 2016 წლის 29 ნოემბრიდან უკვე „წითელი ცირკულარით" ეძებს.


- ცნობილია, რომ ესპანეთში ცოტა ხნის წინ გაასამართლეს და მრავალწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს ქართულ-რუსული მაფიის გენერლად წოდებულ კახა შუშანაშვილს, რომელიც სწორედ მსგავსი დაჯგუფებების მეთაურად სახელდებოდა... ეს ბოლო სპეცოპერაციაც შუშანაშვილის კლანის წმენდის გაგრძელება?


- ესპანეთში 2015-2016 წლებში ჩატარებული ოპერაციები (სახელწოდებით „აიკონ" და „აიკონ II") მიმართულია კრიმინალურ-დანაშაულებრივი დაჯგუფებების წინააღმდეგ. თქვენს კითხვაზე კი გიპასუხებთ, რომ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, 2016 წლის 29 ნოემბერს განხორციელებულ ოპერაციას თქვენ მიერ დასახელებულ პირთან კავშირი არ აქვს.

 

- უკავშირდება თუ არა ეს ერთობლივი სპეცოპერაცია ვიზალიბერალიზაციის საკითხს? შს მინისტრმა „პრაიმტაიმთან" ინტერვიუში სწორედ ამ კონტექსტში ისაუბრა ევროპის ქვეყნებთან თანამშრომლობაზე და პოლიციის ატაშეს ინსტიტუტის შემოღების აუცილებლობაზე. „ეს ადამიანები თავიანთი ქმედებით ცდილობენ, საქართველოს საერთაშორისო დონეზე გაუფუჭონ სახელი, ამიტომ ისინი აუცილებლად მიიღებენ ადეკვატურ პასუხს", - გვითხრა მაშინ მინისტრმა... ვიზა-ლიბერალიზაციის მონიჭებამდე კიდევ უნდა ველოდოთ თუ არა მსგავს დაკავებებს?


-ბრძოლა ორგანიზებულ დანაშაულთან, ბუნებრივია, პირდაპირ კავშირში არ შეიძლება იყოს ვიზალიბერალიზიაციასთან. კრიმინალს არა აქვს არც საზღვრები და არც ეროვნება. დამნაშავე შეიძლება იყოს ნებისმიერი ეროვნების და დანაშაული შეიძლება მოხდეს ნებისმიერ ქვეყანაში. თუმცა, როგორც შს მინისტრმა აღნიშნა, ეს ადამიანები - საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ევროპაში არაკეთილსინდისიერი მიზნებით იმყოფებიან, თავიანთი ქმედებით ჩრდილს აყენებენ საქართველოს იმიჯს დასავლეთში. ერთი ქართველი დამნაშავეც კი, ჩვენ ვთვლით, რომ ეს არა მხოლოდ იმ ქვეყნის პრობლემაა, სადაც ისინი დანაშაულს სჩადიან, არამედ ჩვენი პრობლემაც. სწორედ ასე ვუდგებით ამ საკითხს. სწორედ ამიტომ გავაღრმავეთ მაქსიმალურად საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობა პარტნიორ ქვეყნებთან.


საქართველოს იმ მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში არღვევენ კანონს, სჩადიან დანაშაულს, ჩვენს უცხოელ კოლეგებს ჩვენს ხელთ არსებული ყველანაირი რესურსით დავეხმარებით. ეს ადამიანები აუცილებლად აგებენ პასუხს მართლმსაჯულების წინაშე, საქართველოში თუ ევროპაში. მოგეხსენებათ, ცოტა ხნის წინ ჩვენ, გერმანელ სამართალდამცველებთან მჭიდრო თანამშრომლობით, 2013 წელს ნიურნბერგში მომხდარ სასტიკ დანაშაულში ბრალდებული პირი საქართველოში დავაკავეთ. დიახ, საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობა დღეს იძლევა იმის საშუალებას, რომ არც ერთ ქვეყანაში ჩადენილი დანაშაული დაუსჯელი არ დარჩეს.



ავტორი: მირიან ბოქოლიშვილი




 

წყარო : wyaro
Livestream
right_banner right_banner
არქივი
right_banner