logo_geo
eng_logo
ტატო ლასხიშვილი: უნდა შეეგუო რეალობას და მზად იყო თითოეული ცვლილებისთვის, რომელიც შენს ცხოვრებაში ხდება
- +

16 დეკემბერი. 2016. 15:38




დღეს გადაცემა „წახნაგების" სტუმარია ქართველი ჟურნალისტი, გაზეთ „თავისუფალი საქართველოს" მთავარი რედაქტორი, „РИА Новости"-ს პოსტსაბჭოთა ქვეყნების პრობლემათა საექსპერტო საბჭის წევრი, ღირსების ორდენის კავალერი - ტატო ლასხიშვილი.


JAKO FM - მე ვიცი, რომ თქვენი ცხოვრება დაიწყო ქუთაისში. თქვენი მშობლები ხელოვნების სფეროში მოღვაწეობდნენ. გვიამბეთ თქვენს ცხოვრებაზე ამ ქალაქში.


- მე დავიბადე ქუთაისში, მსახიობების ოჯახში. ჩემი მშობლები ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრის მსახიობები იყვნენ. იმ დროს ეს იყო ადგილი, სადაც მთელი ქართული ინტელიგენცია და ცნობილი ადამიანები იკრიბებოდნენ. მე ისიც მახსოვს, როდესაც სპექტაკლზე „მედეა", რომელიც ლევან სანიკიძის პიესის მიხედვით დაიდგა, მილიცია იდგა. მთავარ როლს იქ დედაჩემი თამაშობდა. ეს იყო ჩემი პირველი და საკმაოდ მტკივნეული შეხება თეატრთან. მაშინ ოთხი წლის ვიყავი. მე დავიყვირე: „ნუ აწვალებთ დედაჩემს!"


- რამ აღგაშფოთათ?


- ეს იყო პიესის ფინალი, როდესაც მედეა, რომელმაც შვილები მოკლა, კიბიდან უნდა გადამხტარიყო. აი, მაშინ ვერ მოვითმინე და დავიყვირე. შემდეგ ჩვენს ოჯახში მოხდა ტრაგედია, როდესაც 36 წლის ასაკში გულის შეტევით მამაჩემი გარდაიცვალა. ის ძალიან ნიჭიერი და პერსპექტიული მსახიობი იყო. მან ითამაშა ფილმში „პიერი - მილიციის თანამშრომელი". მამა თამაშობდა დოცენტს, რომელიც დაგვიანებით ჩადის მამის დაკრძალვაზე, მე კი მანდ პატარა ეპიზოდში ვითამაშე. ჩემი ურთიერთობა კინოკამერასთან სწორედ ამ ეპიზოდით დაიწყო.

 

- თქვენ დაიბადეთ შემოქმედებით ოჯახში, მაგრამ ხელოვნების გზას არ გაყევით. რატომ? მე ვიცი, რომ გყავდათ ბებია, რომელიც გასწავლიდათ ლექსებს და თქვენ თავისუფლად შეგეძლოთ ლექსების წაკითხვა ქართულადაც და რუსულადაც.


- არ ვიცი. მაშინ დედაჩემსა და ბებიას შორის ერთგვარი კონკურენცია იყო. ბებია რუსულის პედაგოგი იყო. წარმოშობით იყო პოლონელი, რომელიც დაიბადა და გაიზარდა ქალაქ იაროსლავში. შემდგომში ის ცოლად ბაბუაჩემს გაყვა, რომლის პატივსაცემად დამარქვეს ანტონი. ბებია მასწავლიდა რუსულ ლიტერატურას, რუსულ ზღაპრებს, დედა კი მასწავლიდა იმავეს, ოღონდ ქართულად.


- როგორ ხდებოდა თქვენში ამ ორი ენის თანაარსებობა?


- რაღაცნაირად ამას ახერხებდნენ. მაშინ რაიმე განსაკუთრებული მოთხოვნები არ არსებობდა. იმ დროს ქართულ ოჯახებში ორივე ამ ენაზე საუბრობდნენ. მიღებული იყო ოჯახის ყველაზე პატარა წევრის დაყენება სკამზე და შემდეგ მას ლექსის წაკითხვას სთხოვდნენ. როდესაც ამას მთავაზობდნენ, მე მრავალმნიშვნელოვნად ვეკითხებოდი: „რუსულად წავიკითხო თუ ქართულად?". თუ რომელიმე სტუმარი მთხოვდა, ქართულად წამეკითხა, დედაჩემს ვეკითხებოდი: „ქართული რომელია: რომელსაც შენ მასწავლი თუ ბებია?". აქვე უნდა ვთქვა, რომ ამ ორ ენასთან დაკავშირებული პრობლემები შემდგომშიც მქონდა, როდესაც უკვე კომენტატორად ვმუშაობდი. თქვენ შესანიშნავად გახსოვთ ის პერიოდი. მაშინ ლიტერატურა, მათ შორის სპორტულიც, ძირითადად რუსულ ენაზე იყო. ინფორმაციის ნაკლებობას განვიცდიდით. ჩვენ, მივლინებებში ყოფნისას, ბუკინისტებთან ვყიდულობდით სპორტულ ლიტერატურას, რათა ახალი ცოდნა შეგვეძინა. პრობლემა მდგომარეობდა იმაში, რომ ვაზროვნებდით რუსულად და სინქრონულად ვთარგმნიდით ქართულზე რეპორტაჟის დროს, ეს კი იგრძნობოდა. იმისთვის, რომ აღარ ყოფილიყო ამით გამოწვეული პაუზები, დიდი დრო გახდა საჭირო. როდესაც ეს პრობლემა დავძლიე, გადამიყვანეს რუსულ გაზეთში „თავისუფალი საქართველო" («Свободная Грузия»). ადრე ეს იყო გაზეთი «Заря Востока». ეს არის გაზეთი, რომელსაც დიდი ისტორია გააჩნია.


- მე ვიცი, რომ იქ მუშაობდნენ ბაბელი, მაიაკოვსკი, ესენინი...


- დიახ, ის 1922 წლიდან გამოდიოდა და ძალიან პოპულარული იყო.


- თქვენ გაიზარდეთ ოჯახში, სადაც ადამიანები ხელოვნებით იყვნენ დაკავებულები, შემდეგ ჩააბარეთ ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე, შემდეგ სპორტული რეპორტაჟების წაყვანა დაიწყეთ, და უცებ გადახვედით რუსულენოვან გაზეთში და არასპორტულ თემებზე სტატიების წერას შეუდექით. რატომ მოხდა ასეთი ცვლილებები?


- ალბათ, ეს იყო ბედისწერა, რომელსაც ვერსად გაექცევი. ასე მოხდა, თუმცა პოლიტიკურ გაზეთში გადასვლა გამიჭირდა. გაზეთში მუშაობა 1991 წელს დავიწყე. იქ მაღალი დონის პროფესიონალთა კოლექტივი მუშაობდა, სადაც ბევრი რამ ვისწავლე.


- თქვენ ემორჩილებით ხოლმე ბედისწერას თუ რაღაც ცვლილებებს წინააღმდეგობას უწევთ?


- როგორც ამბობენ ასეთ შემთხვევაში, წინააღდგების გაწევას აზრი არა აქვს. უნდა შეეგუო რეალიებს და მზად იყო თითოეული ცვლილებისთვის, რომელიც შენს ცხოვრებაში ხდება.


- რა სიახლე შემოიტანეთ ამ გაზეთის მუშაობაში?


- ცვლილებები ცხოვრებამ მოიტანა. ცნობილი სტატია, რომელიც 1989 წლის 14 აპრილს გამოქვეყნდა, ძალზე უარყოფითად იმოქმედა გაზეთის იმიჯზე.


- შეგვახსენეთ.

 

- 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენები იქ, რბილად რომ ვთქვათ, არაობიექტურად იყო მიწოდებული მკითხველისთვის, რამაც მოსახლეობის მხრიდან უარყოფითი რეაქცია გამოიწვია. ეს იყო ტრაგედია, რომელმაც მთელი მსოფლიო შეძრა. რამდენადაც ვიცი, რედაქციის თანამშრომლებს ამაში ბრალი არ მიუძღვით. როგორც მერე კოლეგებმა მიამბეს, მათ ჩააბარეს ნომერი დასაბეჭდად სტამბაში, მაგრამ ზემოდან გასცეს განკარგულება, რომ ბეჭდვა შეჩერებულიყო. მოვიდა სხვა ბრიგადა, რომელმაც შეცვალა ერთი გვერდი. ეს მაშინ სახელმწიფო გაზეთი იყო და დამოუკიდებელი მხოლოდ 1993 წელს გახდა. ის დამოუკიდებელი გახდა როგორც შემოქმედებითი, ასევე ფინანსური კუთხით, რაც თანდათან ჩვენთვის სულ უფრო მეტ პრობლემას ქმნიდა, რადგანაც ის გამოდიოდა არასახელმწიფო ენაზე და მისი მომხმარებლის რიცხვი სულ უფრო მცირდებოდა. საერთოდ, ბეჭდვითი პროდუქციის მომხმარებელი მცირდება. ამას დაამატეთ მოსახლეობის დაბალი მსყიდველთუნარიანობა. იყო წლები, როდესაც გაზეთის დახურვაც უნდოდათ. ახლა ის ძირითადად ელექტრონულ ვერსიაში გამოდის.


- ამას მიესალმებით?


- მივესალმები, რადგან ეს დროის მოთხოვნაა, მაგრამ ჩვენ ჯერ კიდევ ვერ ვისწავლეთ სარედაქციო ეკონომიკის შექმნა და ფინანსების მოზიდვა.


- როგორ ჩაატარეთ თქვენი პირველი საფეხბურთო რეპორტაჟი?


- ეს საინტერესი ისტორიაა. მე ენერგეტიკის ფაკულტეტზე ვსწავლობდი და საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში ვთამაშობდი. ტრავმამ არ მომცა თამაშის გაგრძელების საშუალება და მე ენერგეტიკით დაკავება გადავწყვიტე, თუმცა დღემდე არ ვიცი, რა იქნებოდა უკეთესი პერსპექტივის კუთხით. ბედს არ ვუჩივი და მიხარია, რომ მქონდა ბევრ საინტერესო და საზოგადოებისთვის მიუწვდომელ ადამიანთან ურთიერთობის საშუალება. ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ტელევიზიაში და რადიოში გატარებულ წლებს ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო წლებად ვთვლი, უკავშირდება არა მხოლოდ ახალგაზრდობას, არამედ იმ საქმეს, რომლითაც ვიყავით დაკავებულები. ჩვენ არ გვშურდა ერთმანეთის და ნამდვილი პროფესიონალები ვიყავით. უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ, ალბათ, გამონაკლისს წარმოვადგენდით, რადგანაც ცხოვრებაშიც მეგობრები ვიყავით. ყოველთვის ვიცავდით  უმცროს-უფროსობის პრინციპს, რადგან კომენტატორებს რთული ცხოვრება აქვთ. ის არც მაშინ იყო იოლი საჯარო პიროვნებისთვის. თითოეული ნაბიჯი კარგად უნდა იყოს გათვლილი. საჯარო ადამიანები, მითუმეტეს, სპორტული კომენტატორები, რომლებიც პირდაპირ ეთერში ხუთმილიონიან აუდიტორიაზე მუშაობდნენ, ვერ მისცემდნენ საკუთარ თავს დაუფიქრებელი ნაბიჯის გადადგმის უფლებას. ეს დაუშვებელი იყო. საბედნიეროდ, ჩვენ ბევრი მაგალითი გვქონდა. ერთ-ერთი მათგანი იყო და არის ჯამლეტ ხუხაშვილი. თქვენ შეეხეთ მასწავლებლის და მოწაფის თემას. ის ყოველთვის ამბობდა, რომ კოტე მახარაძის მოწაფეა. მე დავამატებდი - ღირსეული მოწაფე. მასწავლებლის და მოწაფის ურთიერთობაში ყოველთვის ბევრი ნიუანსი არსებობს. ვინ უფრო იგებს ამ ურთიერთობისგან? კოტე მახარაძე დიდებული კომენტატორი იყო, მაგრამ დიდ ადამიანებს, როგორც წესი, ივიწყებენ იმ დღიდან, როდესაც ისინი ამქვეყნიდან მიდიან. იმაში, რომ კოტე მახარაძის ხსოვნა დღემდე არსებობს, დიდია ჯამლეტ ხუხაშვილის დამსახურება.


- დავუბრუნდეთ პირველ რეპორტაჟს.


- ეს იყო შემთხვევითობა, რომელიც მდგომარეობდა იმაში, რომ 1981 წელს, როდესაც ქუთაისის „ტორპედო" უმაღლეს ლიგაში დაბრუნების პრეტენდენტი იყო, მათ უნდა ეთამაშათ ორი გასვლითი მატჩი ივანო-ფრანკოვსკში და ლვოვში. ქართული აუდიტორიის დიდი ინტერესის გათვალისწინებით, იქ გაგზავნილ იქნა ფაქსი. მაშინ არავის ჰქონდა იმედი, რომ იქიდან შესაძლებელი იყო რადიორეპორტაჟის წაყვანა, და მოულოდნელად, დადებითი პასუხი მივიღეთ. მაშინ სპორტული განყოფილების ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა ზაზა ბიწაძემ თქვა, რომ რეპორტაჟი ქართულ ენაზე უნდა ყოფილიყო. აღმოჩნდა, რომ არც ჯამლეტი და არც სხვა კომენტატორები ადგილზე არ იმყოფებოდნენ, ამიტომ დადგა საკითხი - ვინ უნდა გაეგზავნათ. მე მაშინ საცდელ რეპორტაჟებს ვწერდი, მაგრამ ვიღაცას ჩემზე პასუხისმგებლობა უნდა აეღო, და ეს ადამიანი ზაზა ბიწაძე აღმოჩნდა. არმაზ სანებლიძემ მის ინიციატივას მხარი დაუჭირა. მათ რამდენჯერმე მომისმინეს და მე ივანო-ფრანკოვსკში გავემგზავრე. ეს იყო ჩემი პირველი რეპორტაჟი. მატჩი მაშინ ფრედ ანგარიშით 0:0 დასრულდა. პირველი რეპორტაჟი 15-წუთიანი დაგვიანებით მიმდინარეობდა, მეორე კი (ლვოვიდან) უკვე პირდაპირ ეთერში მიდიოდა.

 

- ყველას შეუძლია სპორტული ჟურნალისტი გახდეს? რა განსაკუთრებული ნიჭი უნდა გააჩნდეს სპორტულ კომენტატორს?


- კომენტატორად ვერ ჩავთვლით ადამიანს, რომელსაც მხოლოდ რეპორტაჟი მიყავს. ეს, ალბათ, არასწორი იქნებოდა.  არ მინდა არავის ვაწყენინო, ვგულისხმობ, ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლებს. ალბათ, წლების შემდეგ ისინი გაიზრდებიან. ისინი ნიჭიერები არიან, კარგად ერკვევიან ფეხბურთში, მაგრამ იმისთვის, რომ იყო კომენტატორი, უნდა იყო პიროვნება. მხოლოდ პიროვნებას შეუძლია ჰქონდეს ისეთი კონტაქტი მაყურებელთან, რომელიც არა მხოლოდ ყურს, არამედ გულსაც  მოხვდება.

 

- როგორ წარმოგიდგენიათ სიტყვის თავისუფლების შემდგომი განვითარება საქართველოში?


- სიტყვის თავისუფლება არ ნიშნავს ნებისმიერი სიტყვის თავისუფლებას. ეს არის თავისუფლება, რომელიც ვიღაცას სარგებლობას მოუტანს. არ არის აუცილებელი, რომ სიტყვა იყოს საქებარი, მაგრამ კრიტიკა უნდა იყოს მართალი, ობიექტური და უნდა იგრძნობოდეს, რომ გული შეგტკივა იმ საქმეზე, იმ ქვეყანაზე, იმ ქალაქზე, რომელსაც აკრიტიკებ.




 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner