logo_geo
eng_logo
„სავლე პავლედ იქცა!“ – რას ფიქრობს გოგა ხაინდრავა ლადო ბედუკაძეზე და როდიდან ვიხილავთ ფილმს „9+1“
- +

ავტორი ანა ნოდია

24 მარტი. 2016. 14:31



მაისის ბოლოდან გოგა ხაინდრავას ახალი სერიალი - „9+1" ეთერში გავა. განცხადება გოგა ხაინდრავამ „რეპორტიორთან" ინტერვიუში გააკეთა. რეჟისორი საუბრობს იმ დეტალებზე, რომელიც ფილმში იქნება ასახული. ხაინდრავას თქმით, სერიალი 18 წლამდე ასაკის მაყურებლისთვის დაუშვებელია.


გთავაზობთ ინტერვიუს რეჟისორ გოგა ხაინდრავასთან:

 

- ფილმის გადაღების პროცესში ხშირად ახსენეთ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას" ნიურნბერგის პროცესს მოუწყობდით - მაინც რას ეუბნებით ამ ფილმით საქართველოს და მსოფლიოს?

 

- პირველ რიგში, ფილმი ქართველ საზოგადოებაზეა და არა „ნაციონალურ მოძრაობაზე", საუბარია, რა დაემართა ჩვენს საზოგადოებას, რისი მონაწილეები ვიყავით ამ წლების განმავლობაში. ფილმში ნაჩვენები იქნება ის არაადამიანური დამოკიდებულება საკუთარი საზოგადოებისადმი და ისიც, თუ როგორ ხდებოდა ამის ორგანიზება. ნაჩვენები იქნება არა მხოლოდ ის, რაც საზოგადოებამ იცის, არამედ ისიც, რაც არ იცის. ვნახავთ საპატიმროებში შექმნილ ვითარებას. მე ვაჩვენებ ხალხს იმ სისტემას, სადაც ჩართული იყო ქართველი საზოგადოების დიდი ნაწილი - აქტიურად, პასიურად, გულგრილობით, დუმილით და როგორც მსხვერპლი.


- რა შედეგს ელოდებით ფილმის ჩვენების შემდეგ?


- ამ სურათს შედეგისთვის არ ვიღებთ. ისე აეწყო ჩემი რეჟისორული ბედი, რომ სულ ამგვარ სურათებს ვიღებ. პირველი იყო 9 აპრილთან დაკავშირებით - ქართველი საზოგადოების გამოცოცხლების პროცესი, რომელმაც საბჭოთა ჭაობიდან გამოყო თავი. გაახსენდა, რომ არის უძველესი ისტორიის მქონე ქვეყანა.


მეორე ფილმი გადავიღე აფხაზეთის ომზე, რომელიც პრაქტიკულად სამამულო ომი იყო და ნათლად გამოჩნდა, რა ვითარება იყო ქართველ საზოგადოებაში - ვინ ეხმარებოდა მოწინააღმდეგე მხარეს. ამგვარი მოვლენებით საქართველოს ისტორია მრავლადაა გაჯერებული.


მესამე სურათი ზურაბ ჟვანიას მიეძღვნა, რომელიც იმ მოვლენების საინტერესო ანალიზია. ზურამ ბევრი რამ იცოდა. გამორჩეული ფიგურა იყო ქართულ პოლიტიკურ ისტებლიშმენტში და სიღრმისეულად ხსნიდა იმ ვითარებას, როცა „მოქალაქეთა კავშირი" იყო ხელისუფლების სათავეში.


ამის შემდეგ იყო „დემოკრატიის შუქურა", რომელიც სააკაშვილის ანატომია გახლდათ. შემდეგ გადავიღე ორსერიანი ფილმი მერაბ კოსტავაზე, რომელიც საბჭოთა დროის პირველი წლებიდან იწყება. ახლა არის სურათი, რომელიც კრავს ამ ციკლს.


- ამ ფილმის ნახვის შემდეგ, ვარაუდობთ, რომ დასავლეთის განწყობა სააკაშვილის ხელისუფლების მიმართ შეიცვლება?  


- მათ „დემოკრატიის შუქურაც" ნახეს, მაგრამ არაფერი შეცვლილა. იტყვიან, რომ ეს დადგმული ფილმია, ხაინდრავამ გადაიღო, მსახიობები თამაშობენ, მერე რა... „დემოკრატიის შუქურაში" დოკუმენტური მასალებია გამოყენებული. მე ვერ დავდგამ ვერც 7 ნოემბერს და ვერც 26 მაისს, სადაც გაუგონარი სისასტიკით უსწორდებიან საკუთარ მოქალაქეებს. მე ძნელად მახსენდება, ასე გაშმაგებით დაპირისპირებოდა საზოგადოებას ვინმე, როგორც „ნაციონალური მოძრაობა" უპირისპირდებოდა საკუთარ ხალხს.

 

- ამ ფილმში თუ იქნება დოკუმენტური კადრები?


- იქნება, მაგრამ ყველაფერი მაინც მხატვრულად გააზრებულია. ეს არის კინო, ეს არ არის სერიალი იმ გაგებით, რა გაგებითაც დღეს სერიალები კეთდება. ეს სერიოზული ფილმია.

 

- როგორც ვიცი, НТВ-ს ჟურნალისტები არიან ჩამოსულები და ციხეებში ადამიანის ორგანოებით ვაჭრობის თემაზე რეპორტაჟს ამზადებენ. გავრცელებული ინფორმაციით, სანდრა რულოვსის ბრალეულობაზე სურთ სიუჟეტის მომზადება. თქვენს ფილმში, ციხეებში ადამიანის ორგანოებით ვაჭრობის ეპიზოდზე თუ არის საუბარი?


- არ იქნება ამ თემაზე საუბარი. სანდრა რულოვსი ასი წელი არ მაინტერესებს. მე ფილმში გადავიღებ იმას, რას დადასტურებულია. რაც ვარაუდის სფეროა, იმაზე არ ვსაუბრობთ. არცერთი ფაქტი, რომელსაც მინიმუმ სამი, ერთმანეთისგან დამოუკიდებელი წყარო არ ადასტურებს, არ იქნება.

 

- რა როლი აქვს ფილმში ლადო ბედუკაძეს?

 

- რა თქმა უნდა, თვითონ ბედუკაძე ამ ფილმში არ მონაწილეობს, მაგრამ ის არის თვალი, რომელსაც ჰქონდა შესაძლებლობა, ყველაფერი ეხილა და მერე საზოგადოებისთვის მოეყოლა და ეს ამ ფილმში იქნება ნაჩვენები. მან ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. მე განსხვავებული ვარ იმ ადამიანებისგან, ვინც კიცხავენ ბედუკაძეს. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მძიმე ისტორია ჰქონდა, მან უპრეცედენტო ნაბიჯი გადადგა. რომ არა ის და მისნაირები, ქართველ საზოგადოებას არ ეცოდინებოდა, რა ხდებოდა ქართულ ციხეებში.

 

- მიუხედავად იმისა, რომ ბედუკაძე ამ პროცესების მონაწილე იყო, მიგაჩნიათ, რომ მას უნდა აპატიოს საზოგადოებამ?


- ეს ჩვენი გადასაწყვეტი არ არის. ეს უფლის გადაწყვეტილებაა, სავლე პავლედ იქცა. პავლე ქრისტიანობის ერთ-ერთი უდიდესი მასწავლებელი გახდა. სინანული არის გზა სრულყოფისკენ და გზა სასუფევლისკენ. ამ გზაზე ვერავინ გადავეღობებით ადამიანს, თუ გაუჩნდა სურვილი, მოინანიოს, რაც გააკეთა. მითუმეტეს, თუ საზოგადოება ამისგან სარგებელს იღებს. ვფიქრობ, ეს ჩვენი განსასჯელი არ არის.

 

- რამდენად მძიმე კადრებს აჩვენებთ და რა ასაკზეა გათვლილი ფილმი?


- ძალიან მძიმე და შესაბამისად, 18 წლამდე ასაკისთვის ამ ფილმის ყურება დაშვებული არ იქნება. ფილმს არ გავუშვებთ იმ დროს, როცა ბავშვებს შეეძლებათ ტელევიზორის ყურება. იქნება მძიმე ეპიზოდები, რომელიც საზოგადოებას მაინცდამაინც კარგ ხასიათზე არ დააყენებს. ასევე იქნება კადრები, რომელიც მაყურებელს გაახალისებს.

 

- რა სურათით იწყება ფილმი?


- ქართული ნიურნბერგის პროცესით - სასამართლო პროცესის გახსნით დაიწყება ფილმი.

 

- მაინც რომელ საქმეს განიხილავენ სასამართლოზე?


- ყველა იმ დანაშაულებს, რომელიც ჩადენილი აქვს რეჟიმს - x რეჟიმს, x ქვეყანაში...


 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×