logo_geo
eng_logo
რას ვირჩევთ კახა კალაძის არჩევით? - ინტერვიუ ,,ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატთან
- +

25 სექტემბერი. 2017. 12:05



„საქართველო პოსტსაბჭოთა ქვეყანა აღარ არის", -  ეს ერთხელ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თქვა. ახლა კახა კალაძეს სურს თქვას, რომ თბილისი ჩამორჩენილი და მუდმივად განვითარებად სტატუსში ჩარჩენილი ქალაქი კი არა, ევროპული და თანამედროვე ქალაქია, რომელიც კონკურენტუნარიანი იქნება და მაღალ სტანდარტებს დააკმაყოფილებს.


კახა კალაძის პროგრამა ბევრი მიმართულებით არის საინტერესო, თუმცა, მისი გეგმები თბილისში ღამის ცხოვრებასთან დაკავშირებით არა მხოლოდ მოდურად ჟღერს, მთლიანად ცვლის ჩვენი ცხოვრების სტილს.


„პრაიმტაიმი" „ქართული ოცნების" მერობის კანდიდატს კახა კალაძეს მის პროგრამაზე ესაუბრა. თბილისში ახლა ბევრი პრობლემაა დაგროვილი, ვნახოთ, როგორია კალაძის ოცნების თბილისი.


- ბატონო კახა, როგორც ფეხბურთელმა, თქვენ საქართველოს ევროპაში გაუთქვით სახელი. ბევრ ფეხბურთელს პირადად ვიცნობ, რომლებისთვისაც თქვენ ხართ მეტრი - ისინი ცდილობენ, თქვენსავით დიდ წარმატებებს მიაღწიონ. უნდა ჩავთვალოთ, რომ თბილისის მერის ამპლუაშიც თქვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანი თბილისის ევროპული ქალაქების გვერდით დაყენება იქნება?


- თბილისის უნიკალურობა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ის თვითმყოფადია და არცერთ სხვა ქალაქს არ ჰგავს. მასში ევროპული გავლენაც იგრძნობა და აზიურიც, ძალიან მრავალფეროვანია, შეიძლება ყველამ იპოვოს ამ ქალაქში რაღაც, მისი კულტურისთვის უფრო ახლობელი, მაგრამ ის, მიუხედავად ამისა, თბილისად რჩება და არასოდეს გახდება სხვა ქალაქების მსგავსი. თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ მაგალითი უნდა ავიღოთ ძლიერი და მდიდარი ევროპული ქალაქებისგან - გავუფრთხილდეთ ისტორიას, ეკოლოგიას, არქიტექტურას, მოვაწესრიგოთ მოძრაობა, გავზარდოთ ჩვენი ქალაქისა და მოქალაქეების შემოსავლები.


ცხადია, ჩემიც და ნებისმიერი თბილისელის ოცნებაც არის ის, რომ თბილისს იცნობდნენ, როგორც მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო და ლამაზ დედაქალაქს.

 

- მე მოვისმინე თქვენი საარჩევნო პროგრამა. თქვენ აჩვენეთ, რომ  არა მხოლოდ იცით ამ პრობლემების შესახებ, არამედ დარწმუნებული ხართ, რომ მათ ეფექტურად გადაჭრით. და აქ ზოგს უჩნდება კითხვა: დიახ, ის წარმატებული ფეხბურთელი იყო და ჩვენ ვამაყობდით მისი მიღწევებით; დიახ, ის ენერგეტიკის წარმატებული მინისტრია და აჩვენა, რომ შეუძლია მისთვის უცნობ ამოცანებთან გამკლავება, მაგრამ მერობა ხომ კიდევ უფრო სხვა სფეროა. საიდან ასეთი რწმენა? რას ეტყოდით ამ ადამიანებს?


- მე ყოველთვის დიდ სტიმულს მაძლევდა ადამიანების მხრიდან გამოხატული ნდობა. ეს მანიჭებდა პასუხისმგებლობას და ამავდროულად მავსებდა ენერგიით, რომ გამუდმებით მესწავლა, გამუდმებით განვვითარებულიყავი და თავდაუზოგავად მეშრომა ამ ნდობის გასამართლებლად. არასდროს ცხოვრებაში ჩემი ხალხისთვის იმედები არ გამიცრუებია, საკუთარი თავისა და იმ პროფესიონალების გუნდის იმედი რომ არ მქონდეს, ვისთან ერთადაც ვაპირებ ქალაქის მართვას, ამ პასუხისმგებლობას არ ავიღებდი. რა თქმა უნდა, ბევრი ვიფიქრე, ბევრ ადამიანს ვესაუბრე, სანამ ამ გადაწყვეტილებას მივიღებდი, შევაფასე არსებული მდგომარეობა, გავაანალიზე ჩვენი შესაძლებლობები, პროფესიონალებთან გადავამოწმე ჩემი ხედვების განხორციელების პერსპექტივა და მხოლოდ ამის შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება. ამიტომ დარწმუნებული ვარ და რაც უფრო მეტს ვმუშაობ, კიდევ უფრო ვრწმუნდები, რომ შევძლებთ ყველა გამოწვევასთან გამკლავებას და თბილისს განვითარების სრულიად ახალ საფეხურზე გადავიყვანთ.


- თქვენ შვიდი მთავარი მიმართულება გამოყავით. სანამ მათ შევეხებით, იქნებ უფრო კონკრეტულად გვითხრათ, რომელია თქვენთვის პრიორიტეტული, საიდანაც ცვლილებებს დაიწყებთ?


- შვიდივე პოლიტიკა პრიორიტეტულია, თუმცა უპირველესი ამოცანა, თბილისის პოტენციალის სრულფასოვნად გააზრება, თბილისის განვითარების გეგმის შეჯერება, მკაცრი სამშენებლო სტანდარტების დანერგვა, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება, სატრანსპორტო სისტემის მოწესრიგება, ქალაქისა და მოქალაქეების შემოსავლების გაზრდაა.


- უბნების თანაბარი განვითარების იდეა ერთ-ერთი საყურადღებო მიმართულება იყო ჩემთვის თქვენს პროგრამაში. შეიძლება ცოტა მეტი კონკრეტიკა - როგორია თქვენი ხედვა, რომელი უბანი რა ფუნქციას აიღებს? ამის შესახებ უკვე გაქვთ წარმოდგენა?


- დიახ, ჩემს გამოსვლებში ნამდვილად ხაზს ვუსვამ თბილისის თანაბარ განვითარებას. ეს, პირველ რიგში, ნიშნავს, რომ არსებული სიკეთეები თანაბრად ხელმისაწვდომი უნდა იყოს დედაქალაქის ყველა უბანში. ეს ნიშნავს, რომ თბილისის ყველა უბანში განვითარებული იქნება საგზაო ინფრასტრუქტურა; რომ ყველა რაიონში მოწესრიგებული და გამწვანებული იქნება სკვერები, ეზოები და პარკები; რომ ყველა რაიონში იქნება მინიმუმ ერთი მიზიდულობის ცენტრი; ყველა რაიონს ექნება მინიმუმ ერთი ხელმისაწვდომი მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი და მინიმუმ ერთი ახალგაზრდული განათლებისა და კულტურის ცენტრი. ეს ნიშნავს ეკონომიკის განვითარებას, ცენტრალური უბნების გადატვირთულობის შემცირებას, პრესტიჟულობისა და კომფორტის გაზრდას და მთელი ქალაქის გამოცოცხლებას.

 

- რამდენად აპირებთ, საკუთარი ავტორიტეტი გამოიყენოთ იმისთვის, რომ თბილისი კიდევ უფრო მიმზიდველი გახადოთ ტურისტებისთვის? როგორ ფიქრობთ, როგორ შეიძლება თბილისი კიდევ უფრო მიმზიდველი გახდეს?


- არა მარტო საკუთარი ავტორიტეტი, არამედ მთელი გეგმა გვაქვს თბილისის ტურისტული პოტენციალის ასამაღლებლად. ჩვენ ვგეგმავთ, ხელი შევუწყოთ ტურისტული ინფრასტრუქტურისა და სერვისების დახვეწას, შევიმუშაოთ ახალი მარშრუტები, შევქმნათ ტურისტული კალენდარი, ელექტრონული რუკა, ახალი ტურისტული მიზიდულობის ცენტრები, დავიწყოთ ძველი თბილისის მასშტაბური რეაბილიტაცია, რომლისთვისაც ნახევარი მილიარდი ლარის დახარჯვას ვაპირებთ და ა.შ.

 

- როცა საუბარია სოციალურ პროგრამებზე, უკვე ტრადიციად ექცათ პოლიტიკოსებს, მუდმივად დაჰპირდნენ საკუთარ ამომრჩევლებს ამ პროგრამების ლამის უსასრულოდ გაზრდას. მოძველებული ხედვაა. თქვენ ახალი თაობის პოლიტიკოსი ხართ, დარწმუნებული ხართ, რომ თქვენი მერობის შემდეგ თბილისში საშუალო ფენა იმდენად გაიზრდება და მომძლავრდება, რომ ამ პროგრამებზე ამდენი ფულის დახარჯვა საჭირო აღარ იქნება?


- პირველ რიგში, ხაზი უნდა გავუსვათ, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ სოციალური მიმართულებით ყველაზე ქმედითი ნაბიჯები გადადგა და ყველაზე მასშტაბური პროგრამები განახორციელა, მხოლოდ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ოთხ მილიონზე მეტი შემთხვევაა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული, აღარაფერს ვამბობ გაზრდილ შემწეობებზე, C ჰეპატიტისა და სხვა პროგრამებზე. ცხადია, არსებული სოციალური პროგრამები გაგრძელდება. თუმცა, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს დახმარება ვერ იქნება საკმარისი ადამიანის კეთილდღეობისთვის, ეს გადაუდებელი აუცილებლობაა და არა გამოსავალი. როდესაც ვსაუბრობ თბილისის პოტენციალის სრულფასოვნად გააზრებაზე, პირველ რიგში, ვგულისხმობ სწორედ ეკონომიკურ პოტენციალს, მე ვფიქრობ, მიზიდულობის ახალი სივრცეების შექმნით, ინფრასტრუქტურული პროექტებითა და ბიზნესის ხელშეწყობით მივაღწევთ იმ ხარისხის ეკონომიკურ აქტივობას, რომ გავაუმჯობესოთ ჩვენი მოქალაქეების დასაქმებისა და კეთილდღეობის ხარისხი.


- ამას იმიტომ გეკითხებით, რომ ერთ-ერთი მთავარი მოლოდინი, რომელიც ელექტორატში არსებობს, ეს უკვე არა უბრალოდ დასაქმება, არამედ ღირსეული დასაქმებაა, როცა ნებისმიერის უსაფრთხოება დაცულია და ხელფასიც შრომის შესაფერისი აქვს. თქვენ საუბრობდით თანამედროვე და დინამიკურ თბილისზე თქვენს პროგრამაში - ის თითოეული ჩვენგანის ასაშენებელი იქნება. დაიცავთ თითოეულის შრომის უფლებებს? მიაქცევთ ამ პრობლემას უფრო მეტ ყურადღებას?


- უპირველესი ამოცანა მოსახლეობის დასაქმებაა, რომ მინიმალური შემოსავლის პრობლემა დაიძლიოს, შემდეგ კი - ღირსეული დასაქმება. მადლობა ღმერთს, თბილისი უახლოვდება ამ მეორე ამოცანის შესრულებას, მაგრამ, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ძალიან ბევრ ადამიანს უჭირს.  ეკონომიკის გააქტიურება, ცხადია, კიდევ უფრო გაზრდის ადამიანების შემოსავლებს და  ჩვენც მეტ ყურადღებას დავუთმობთ დასაქმებულთა უფლებებსა და სამუშაო პირობებს. ეს სახელმწიფოს ვალდებულებაა, სხვაგვარად ევროპული ხარისხის კეთილდღეობა ვერ მიიღწევა.


- რას იტყვით ქუჩაში სამათხოვროდ გამოსულ თუ გამოყვანილ ბავშვებზე? არის თანამედროვე თბილისში მათი ადგილი და როგორი პოლიტიკა გექნებათ მათ მიმართ?


- კარგად რომ ვიყოთ, ქუჩაში მოწყალების მისაღებად არავინ გამოვა. ტრაგედიაა, როდესაც ბავშვები ასეთ მდგომარეობაში არიან. ჩვენ გვაქვს სოციალური პროგრამები სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახებისთვის, ასევე, გვაქვს მიუსაფარ ბავშვთა სახლები, უფასო სასადილოები. სპეციალური პროექტები, რომლითაც სოციალურად დაუცველ ოჯახებში მცხოვრებ ბავშვებსა და ახალგაზრდებს  საშუალება ექნებათ, მიიღონ ღირსეული განათლება, დაკავდნენ სპორტით და  თანატოლებთან ერთად მათთვის საინტერესო წრეებზე იარონ ახალგაზრდულ ცენტრებში.


რაც შეეხება იძულებით შრომასა და ბავშვების ამ მიზნით გამოყენებას, ამისთვის არსებობს კანონი და ყველა შემთხვევა ინდივიდუალურად უნდა იქნას გამოკვლეული.

 

- ძალიან საინტერესო იყო, ასევე, გადაწყვეტილებების მიღებაში თბილისელების ჩართულობის იდეა, თქვენ თქვით, რომ ეს ინოვაციური მეთოდებით განხორციელდება. რას გულისხმობდით?


- ვგულისხმობთ ტექნოლოგიების, სრულფასოვანი ელექტრონული მმართველობის დანერგვას, რომლითაც, ერთი მხრივ, გაუმჯობესდება მერიის სერვისები, მათზე ხელმისაწვდომობა და, მეორე მხრივ, შემუშავდება სპეციალური პროგრამა, რომლის ფარგლებშიც მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება, საკუთარი უბნის, საკუთარი ქუჩის პრობლემების პრიორიტეტიზაცია მოახდინოს და თავად გადაწყვიტოს, გამოყოფილი ბიუჯეტის ფარგლებში, რომელი საკითხის მოგვარება სურს პირველ რიგში. ასევე, ვმუშაობთ ჩართულობის სხვა პროექტებზეც, რომელსაც ეტაპობრივად წარმოგიდგენთ.


- „სიცოცხლით სავსე ქალაქი" ღამის ეკონომიკის გარეშე, ალბათ, ძნელი წარმოსადგენია. ისევე როგორც წარმოუდგენელია კულტურული ღონისძიებებისა და სპორტული შეჯიბრებების გარეშე. რის გაკეთებას აპირებთ ამ მიმართულებით?


- ღამის ეკონომიკა ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ჯერჯერობით შედარებით ახალი  მიმართულებაა, რომელიც მოიცავს ყველა დარგს, რომელსაც ოფიციალური სამუშაო საათების დასრულების შემდეგ მუშაობა შეეძლება. ეს არის კულტურული და გასართობი ღონისძიებები, კვების ობიექტები, სასტუმროები, სპორტული დარბაზები, სავაჭრო ობიექტები და სხვა. ამ თვალსაზრისით ევროპის რამდენიმე დედაქალაქი ერთმანეთთან უკვე კონკურენციაშია შესული. ყველა ცდილობს, უკეთესი პირობები შესთავაზოს ღამის ეკონომიკაში ჩართულ ბიზნესსუბიექტებს, შემოიღოს ღამის ეკონომიკის ხელშემწყობი რეგულაციები.


ამ დროს ჩვენ არ გვაქვს ფუფუნება, რომ გულხელდაკრეფილები ვისხდეთ, ეკონომიკის განვითარება თუ გვინდა, ყველა შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ, სრულად უნდა ავითვისოთ პოტენციალი. მით უმეტეს, რომ რამდენიმე მიმართულებით, ელემენტარული ხელშეწყობის გარეშეც კი ვუწევთ კონკურენციას სხვა ქალაქებს. ვფიქრობთ, ღამის ეკონომიკის ხელშეწყობა მერიას შეუძლია, მუნიციპალური ტრანსპორტის ღამის მარშრუტების დანიშვნით, შეღავათების დაწესებით, ისეთი მიზიდულობის ცენტრების განვითარებით, რომელიც მოსახლეობისგან მოშორებით მდებარეობს და დასახლებულ პუნქტებს არ შეაწუხებს, უსაფრთხოების სტანდარტების კიდევ უფრო ამაღლებით, შეღავათების დაწესებით და ამ მიმართულების პოპულარიზაციით. დღეს ტურისტს ან ადგილობრივს ღამით გასვლა რომ მოუნდეს ქალაქში, ავტობუსი არ დადის, მხოლოდ ერთი კვების ობიექტია ღია და არაფერი ხდება, მთელი ქალაქი ჩაბნელებულია.

 

- რა არის ის სამი რამ, რაც თბილისს სჭირდება იმისთვის, რომ თანამედროვე და განვითარებად ქალაქებს კონკურენცია გაუწიოს?


- თბილისს ამისთვის ყველაფერი აქვს, ერთადერთი, რაც სჭირდება, მისი პოტენციალის სწორად გამოყენებაა.


- რთული და საინტერესო გეგმები გაქვთ, შეგიძლიათ მითხრათ, ვისთან ერთად აპირებთ მის განხორციელებას? ვინ არიან თქვენი გუნდის წევრები?


- ესენი არიან თავისი საქმის პროფესიონალები, ბევრ მათგანს საზოგადოება იცნობს, ბევრიც ახალი სახეა. ამის დროც მოვა, ეტაპობრივად ყველას გაიცნობთ.

 

- დაბოლოს, ბატონო კახა, თქვენ ახალი თაობის პოლიტიკოსი ხართ, ალბათ, თქვენი მთავარი მიზანი ახალი თამაშის წესების დაწესებაა პოლიტიკაში. ძველის მიხედვით საარჩევნო რინგზე ხელისუფლება აქტიურად იყენებდა ხოლმე ადმინისტრაციულ რესურსებს. როგორია ვითარება ახლა? რამდენად იყენებთ ადმინისტრაციულ რესურსს, სამსახურებრივ მანქანას, ბიუჯეტს... ამას იმიტომაც გეკითხებით, რომ ფეხბურთის მსოფლიო ვარსკვლავების საქველმოქმედო თამაში ოპოზიციამ რატომღაც თქვენს პირად პიარად აღიქვა, რას იტყვით ამაზე?


- ჩვენ ახალ, ჰუმანურ და მორალურ ქცევის წესებს ვამკვიდრებთ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან. ამაზე უამრავი ფაქტი, ანგარიში და შეფასება მეტყველებს, მათ შორის პირველ რიგში ის, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა, ჩვენმა ქვეყანამ დაივიწყა სიტყვა არჩევნების გაყალბება, დაბრუნდა ნდობა ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი ამ პროცესისადმი. რაც შეეხება სახელმწიფო რესურსებს, მე ბიუჯეტის თანხებით და სახელმწიფო ტრანსპორტით პირადი მოხმარებისა და მიზნებისთვის მაშინაც კი არ მისარგებლია, როდესაც ამის კანონიერი უფლება მქონდა და მით უმეტეს გაუგებარია, რატომ და როგორ უნდა გავაკეთო ეს ახლა, როცა კანონიც მიკრძალავს და წვდომაც აღარ მაქვს ამ რესურსებზე. რაც შეეხება მსოფლიო 29 სექტემბერს დაგეგმილ საფეხბურთო მატჩს, ღონისძიების ორგანიზატორია ფეხბურთის ფედერაცია, მე მასში ვმონაწილეობ სხვა ქართველ ფეხბურთელებთან ერთად. არ შეიძლება ყველაფრის პოლიტიკასთან დაკავშირება - მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები ჩამოდიან საქართველოში საქველმოქმედო მიზნით. ეს ღონისძიება უმნიშვნელოვანესია და ვიმედოვნებ, ერთადერთი არ იქნება ბორჯომის უნიკალური ტყის გადასარჩენად, რისთვისაც ჩვენ, ყველამ, ძალისხმევა არ უნდა დავიშუროთ.



ავტორი: ქეთი ხატიაშვილი











 

Livestream
right_banner right_banner
არქივი
right_banner