logo_geo
eng_logo
მარინა თექთუმანიძე: ადამიანი ადამიანობისკენ უნდა მობრუნდეს
- +

23 ნოემბერი. 2017. 15:46


 

„დედა თავად წერდა ლექსებს და უზომოდ შეყვარებული იყო ქართულ ლიტერატურაზე. ორივეს ერთად კი ეს მემკვიდრეობა ალბათ ბებიისგან - მარიამ წერეთლისგან გვერგო, რომელიც აკაკის ენათესავებოდა და უზომოდ პოეტური ქალი გახლდათ", - ამბობს ქალბატონი მარინა, რომელსაც წერის ნიჭი ადრე მისცემია, თუმცა საკუთარი ნააზრევის შეგროვება მოგვიანებით, სულ რამდენიმე წლის წინ დაუწყია. სიძულვილზე სიყვარულით ამაღლებული პოეტი მაშინვე შეამჩნიეს და სულ მალე მკითხველთა დიდი არმია შეიძინა. პროფესიით უცხო ენების სპეციალისტი, მთელი ცხოვრება საბავშვო ჟურნალისტიკას ემსახურა, საინტერესო გზა განვლო და მომავალი თაობებისთვის სიკეთის ნაკვალევი დატოვა. „მისi შემოქმედება დიდი წითელი გულია", - ასე აფასებენ მას თავად მეგობარი პოეტები.


- ქალბატონო მარინა, რაზე წერთ?

- ვწერ იმაზე, რაც მაწუხებს.


- როდის დაიწყეთ წერა?

- პირველი ლექსი მესამე კლასში დავწერე.


- მას მერე არ გაჩერებულხართ?

- არა, გავჩერდი დიდი ხნით. ვთვლიდი, რომ განსაკუთრებულს არაფერს ვწერდი. ვხევდი, ბოლოს დავიწყე „შეგროვება".

 

- რა ასაკში გახდით საკუთარი ნააზრევის შემგროვებელი?

- 2000 წლიდან, დაახლოებით.


- მარტო ლექსებს წერთ? პროზა თუ მოგისინჯავთ?

- კი, როგორ არა. პირველად მე-7 კლასში დავწერე რომანი. მაშინდელი იდეოლოგიით გაჟღენთილი. დღეს მეცინება, რომ მახსენდება. მაქვს რამდენიმე მოთხრობა.

 

- ვისგან გადმოგეცათ წერის ნიჭი?

- წერის ნიჭი დედისგან გადმომეცა. დედა თავად წერდა ლექსებს და უზომოდ შეყვარებული იყო ქართულ ლიტერატურაზე. ორივეს ერთად კი ეს მემკვიდრეობა, ალბათ, ბებიისგან - მარიამ წერეთლისგან გვერგო, რომელიც აკაკის ენათესავებოდა და უზომოდ პოეტური ქალი გახლდათ.


- ამბობთ, რომ ბებია წერეთლის ქალი იყო, აკაკის ენათესავებოდაო, გიყვებოდათ ბებია ამის შესახებ? და თუ გიყვებოდათ, რა შეგიძლიათ გაიხსენოთ ბებიის მონაყოლი ამბებიდან?

- მარო ბებიას ჰქონდა აკაკის ფოტოები და ბავშვებს თითს არ გვაკარებინებდა. ამბობდა, რომ ნათესავი იყო. სამწუხაროდ, ბავშვი ვიყავი და დაწვრილებით არ გამომიკითხავს, როგორი ნათესავი იყო. მერე კი ვინანე, მაგრამ რაღა დროს. ის ჩემი დიდი ბებია იყო. სხვათა შორის, ბებიას ნახევარდა ციალა უჩანეიშვილი, ბათუმში ცხოვრობს. ეგღა შემომრჩა დედულეთიდან. როგორც კი იქ მოვხვდები, ვიკითხავ.

 

- თქვენი ნიჭის პირველი შემფასებელი ვინ იყო?

- „ნიჭის შემფასებელი" ცოტა ხმამაღალი ნათქვამია. აი, პირველი მსმენელები კი ჩემი მეგობრები არიან. ისე, პოეზიაში, გზა ცნობილმა პოეტმა მზია ხეთაგურმა გამიკვალა.


- გჭირდებათ შესაბამისი გარემო წერისთვის? როგორ გარემოში გიადვილდებათ უფრო წერა?

- წერისთვის ნამდვილად მჭირდება ელემენტარული რამ - სიმარტოვე, რაც ჩემთვის ფუფუნების ტოლფასია. მიყვარს მარტოობა.


- თუ გქონიათ შემთხვევა, გულში დაწერილი ლექსის ფურცელზე გადატანა ვერ მოგიხერხებიათ და ნააზრევი დაგიკარგავთ.

- რა თქმა უნდა, და ძალიან ხშირადაც დამიკარგავს. იმ წუთას გგონია, რომ არ არის საჩქარო განწყობილების ფურცელზე გადატანა, რომ ეს მუხტი გაგყვება, მაგრამ, ნურას უკაცრავად. თუ მაშინვე არ დაწერე, მეორე დღეს აღარ გაგახსენდება, და თუ მაინც რაღაც გაგახსენდა, ისეთი გულწრფელი და ნაღდი განცდა ვერ იქნება, როგორც „ჩამოფრენის" მომენტში. ხანდახან ვბრაზობ ხოლმე ამის გამო ჩემს თავზე, მაგრამ ჭკუას მაინც ვერ ვსწავლობ (იღიმება).

- ლექსი, რომლიც განსაკუთრებულად შეიყვარა მკითხველმა...

- მკითხველმა ყველაზე მეტად „ეთი ოსური" აიტაცა. ამ ლექსმა უამრავი სიყვარული მომიტანა, მეგობრები, თანამოაზრეები შემძინა, და რა თქმა უნდა, ეს ძალიან მახარებს, თუმცა უფრო სწორად, მახარებს ის, რომ ადამიანებს მოსწონთ საკუთარ თავზე, სიძულვილზე სიყვარულით ამაღლება და ეს არის, ზოგადად, ჩემთვის ბედნიერება. როცა ლოზუნგების დონეზე კი არა, მარტო პოეზიაში კი არა, რეალურ ცხოვრებაშიც შეგვიძლია სიძულვილი სიყვარულით ჩავანაცვლოთ. თუმცა აქვე მინდა ვთქვა, რომ პირადად მე, ჩემი ლექსებიდან ძალიან მიყვარს „ნუღარ მომიკვდები, დედა!"


- რისი თქმა გსურთ თქვენი მწერლობით ყველაზე ხმამაღლა, გაქვთ რაიმე მთავარი სათქმელი?

- ადამიანი ადამიანობისკენ უნდა მიბრუნდეს. ჩემი პოეზია ერთი დიდი ტკივილია, ადამიანური ტკივილი. ამ ტკივილის გარეშე არ ღირს ამ ქვეყნად ყოფნა. ჰოდა, როცა ასეთი სახის ტკივილებს ითავისებ, ესე იგი, ადამიანობისკენ ბრუნდები. ჰოდა, ჩემით დაწყებული, ყველა მინდა საკუთარ თავს დავუბრუნდეთ. როგორ ვახერხებ ამას ჩემი ლექსებით, მკითხველის განსასჯელია.


- კრიტიკა, რომელიც ასე მოგხვდათ გულზე...

- გინდ დამიჯერეთ, გინდ არა. არანაირი ლიტერატურული კრიტიკა არ მხვდება გულზე, ვინაიდან ვთვლი, რომ ადამიანებს თავისი, ინდივიდუალური შეფასების კრიტერიუმები აქვთ, და თუ შენ მათ კრიტერიუმში ვერ მოხვდი, ეს არ უნდა გექცეს ტრაგედიად. მე მწყინს, როცა ჩემს ადამიანურ, პიროვნულ ღირსებებს სვრიან ლაფში, თუმცა, ვცდილობ, ასეთი ადამიანების მიმართაც ზიზღით კი არა, თანაგრძნობით გავიმსჭვალო. ჰოდა, როცა ამას ვახერხებ, უზომოდ ბედნიერი ვარ. როცა ვიღაც გაქებს, კარგია, მაგრამ მაქებარის მოთხოვნილება თუ გაგიჩნდა, ცუდი. ლიტერატურაში დროა ყველაფრის მარეგულირებელი. ტაშის დამკვრელები არ უნდა ეძიო.

 

- ვინ არის თქვენი საყვარელი ავტორი (ან ავტორები) როგორც ძველ, ასევე თანამედროვე პოეზიასა და მწერლობაში? ვინ ადგენს დღეს, ვინ კარგი პოეტია და ვინ ცუდი?

- მოდი, თანამედროვეებიდან არავის გამოვყოფ, რომ ვინმე ნიჭიერი არ გამომრჩეს და ჩემდა უნებურად გული არ ვატკინო. თუმცა, რა თქმა უნდა, მყავს საყვარელი პოეტები. ვთვლი, რომ ქართულ პოეზიაში ძალიან საინტერესო სახეები გამოჩნდნენ და, საერთოდაც, თანამედროვე ქართული პოეზია ახალ სიმაღლეზე ავიდა. თუმცა, აქვე, არ შეიძლება არ ვთქვა, რომ არც მიმბაძველები გვაკლია და არც პლაგიატები. რაც შეეხება, ზოგადად, ქართულ პოეზიას, ჩემთვის ბარათაშვილი რჩება უსაყვარლეს პოეტად თავისი განუმეორებელი პოეზიით და ტრაგიკული ხვედრით. კარგ და ცუდ პოეტს კარგი ლიტერატორი და გემოვნებიანი მკითხველი ადგენს. სხვათა შორის, კარგმა პოეტმაც იცის მეორე კარგი პოეტის ფასი.

- გოდერძი ჩოხელზე ამბობდნენ, რომ მისი ცხოვრება და შემოქმედება ერთნაირი იყო. ბევრ პოეტს ან მწერალს გაიხსენებთ თანამედროვე პოეზიასა თუ მწერლობაში, რომელთა ცხოვრების წესი საკუთარ შემოქმედებას ჰგავს?

- ბედნიერი ვარ, რომ გოდერძისთან კარგი, მეგობრული ურთიერთობა მქონდა. ფსიქოლოგები ამბობენ, რომ 5 წლამდე ბავშვი გენიალური მხატვარია, ვინაიდან სამყაროს თავისებური, განუმეორებელი აღქმა აქვს. მხატვრობაში ეს თვისება ფიროსმანმა, ლიტერატურაში კი გოდერძიმ შეინარჩუნა. აი, სწორედ ამიტომ ჰგავდა გოდერძი თავის მწერლობას. მას ჰქონდა ყველაზე მთავარი - სამყაროს ბავშვის თვალებით დანახვის უნარი. რაც შეეხება თანამედროვეებს, თავს ალბათ ბევრი ჰგავს. იცით,  წერისას ზუსტად ის ხარ, რასაც წერ, მაგრამ, მერე, ყოფაში ვერ ერევი საკუთარ თავს. მწერალიც ჩვეულებრივი ადამიანია, თავისი უარყოფითი თვისებებით და მიდრეკილებებით.


- ნიშნავს პოეტი კარგ ადამიანს?

- ეს კითხვაც თემის გაგრძელებაა და ვიცი, ბევრი გაღიზიანდება, მაგრამ მაინც უნდა ვთქვა, რომ პოეტი უპირობოდ კარგ ადამიანს არ ნიშნავს. თუმცა ძალიან ბევრ კარგ ადამიან-პოეტს ვიცნობ.

 

- ცოდნის მოგროვება ჭკუას ნიშნავს? კიდევ რა არის საჭირო ადამიანის პიროვნებად ჩამოყალიბებისთვის?.

- ჭკუა და ცოდნა, ჩემი აზრით, მაინც სხვადასხვა ცნებაა. შეიძლება გქონდეს ცოდნა, მაგრამ არ გქონდეს ჭკუა პრაქტიკული თვალსაზრისით. მაგრამ, აქვე არ შემიძლია გურამიშვილი არ გავიხსენო: „თუ კაცსა ცოდნა არა აქვს, გასტანჯავს წუთისოფელი"... თუ ორივე გაქვს, ამას რა სჯობს?! პიროვნებად ჩამოყალიბებისთვის ცოდნასთან ერთად აღზრდაა საჭირო, რისი დეფიციტიც, დღევანდელ საქართველოში, აშკარად შეიმჩნევა.


- რას ურჩევდით დამწყებ პოეტებს?

- დამწყებ პოეტებს ვურჩევდი თავისი სათქმელით მოვიდნენ პოეზიაში, თუ უნდათ, ეს უდიდესი სახელი ღირსეულად ატარონ.


- როცა ამპარტავან შემოქმედს ხედავთ, რა რეაქცია გაქვთ?

- მეცინება, ვინმე თავისი მწერლობის გამო რომ იბრიქება. დღეში ათასი მადლობა გადაუხადე უფალს, რომ რაღაცის ნიჭი მოგცა და ეს ნიჭი ადამიანების სამსახურში და თანადგომაში დახარჯე, თორემ ამპარტავნებაში ჩავარდნილებს, სხვებზე ზემოდან მაყურებლებს, თვითმტკბობებს წერის უნარიც რომ ეზღუდებათ და მნიშვნელოვანს რომ ვეღარ ქმნიან, ეს არაერთხელ მინახავს.


- როგორ რეაგირებთ, როცა ხეპრე ადამიანთან გაქვთ საქმე. გქონიათ თუ არა ასეთი შემთხვევა?

- ხეპრე ადამიანს რა გამოლევს, მაგრამ, მგონი, ამ კითხვას ზემოთ ნაწილობრივ გავეცი პასუხი, როცა ვთქვი, რომ ვცდილობ უხეშობაზე, გნებავთ ხეპრეობაზე თანაგრძნობით ვუპასუხო.

 

- წარმატება, რას ნიშნავს ეს ცნება „თქვენთვის"?

- წარმატება ჩემთვის ქმნადობის პროცესია. ყველაზე დიდი სიხარულია და, რა თქმა უნდა, მკითხველის სიყვარული.

 

- შემოქმედებითი (და არა მარტო) ოცნება (მიზანი)...

- ასე, კონკრეტული მიზნები არ მაქვს. თუ მოვახერხებ ფინანსურად, გამოვცემ მესამე წიგნს, თუ ვერ მოვახერხებ, არც ეგ იქნება ტრაგედია. ოცნებით კი უამრავ რამეზე ვოცნებობ, ვერ მოვიშალე, მიუხედავად ასაკისა, მაგრამ აქ არ ჩამოვთვლი, ეს ძალიან ჩემია და არ მინდა სხვისი განსასჯელი გახდეს.


- ყველაზე დიდი გულისტკივილი...

- ყველაზე დიდი გულისტკივილი ჩემი წასული, განუმეორებელი ბავშვობაა და ის ადამიანები, ვინც იმ წლებს მილამაზებდნენ და აღარ არიან...


- საინტერესო გვარის ჩამომავალი ბრძანდებით. იქნებ მოგვითხროთ თქვენი გვარის შესახებ?

- ყველას უყვარს, მოსწონს თავისი გვარი და არც მე ვარ გამონაკლისი, თუმცა, ალბათ, მაქვს ამის მიზეზი. ჩვენ მოხევეები ვართ და ეს, მეხუთე კლასში ვიყავი, რომ გავიგე. „ქართლის ცხოვრების" მეორე ტომში წავაწყდი.

http://kvira.ge/wp-content/uploads/2014/11/10818709_10152542510069779_1558578807_n.jpg

„და ამოსწყვიტა (ნუგზარ არაგვის ერისთავის პაპამ) თეგთურმანიძე, პატრონი ხევისა, დუშეთისა და მთიულეთისა". მერე არაერთ წყაროში წავაწყდი ამ გვარის ტრაგიკულ ისტორიას. სხვათა შორის, ვახტანგ VI-ის სიგელ-გუჯრებშიც არის მოხსენიებული გვარი. ყოველთვის საქართველოს სამსახურში იდგა. მე-18 საუკუნეში ბარათაშვილი უწყებს ბრძოლას, ჩემი წინაპარი და ბევრი თეგთურმანიძე სწორედ მაშინ აიყარა ხევიდან და ქართლში ჩამოსახლდა. ჩემი უშუალო წინაპარი სამთავისში დასახლდა და მე-19 საუკუნის ბოლოს თბილისში გადმოსახლდა. მერე გვარმა ფონეტიკური ცვლილებები განიცადა და თექთუმანიძედ გადაიქცა. ხევში ვინც დარჩა, ხეთაგურის გვარს ამოეფარა, რომ არ გადმოესახლებინათ, თუმცა, დღეს, ბევრი მათგანი უბრუნდება ისტორიულ გვარს და თექთურმანიძეებად ეწერება. ეს ძალიან მიხარია. და კიდევ ერთი. ხევში ყოფნისას, რაღაც ძალუმად ვგრძნობ გენეტიკას. ისე მიყვარს იქაურობა, რომ მზად ვარ, მიწის თითოეულ გოჯს მივეფერო. ვგრძნობ ჩემი წინაპრების ძახილს და ეს შეგრძნება ძალიან ცოცხალია...


თუმცა, ხევზე საუბრისას, არ შემიძლია ჩემი დედულეთიც არ ვახსენო, ჩემი სამეგრელო, კუთხე, რომელმაც ადამიანის სიყვარული, მოყვასის გატანა და მისთვის თავდადება მასწავლა, კუთხე, რომელიც ჩემს ბავშვობასთან, პირველ პოეტურ ხედვებთან ასოცირდება...


- თქვენს ცხოვრებაში შეცვლიდით რამეს?

- კი. ამ ბოლო დროს ერთი ლექსი დავწერე. „ბარათი მეუღლეს, რომელიც შეიძლებოდა, რომ მყოლოდა". აი, იმ შეცდომას აღარ ჩავიდენდი, დაუფიქრებლად გათხოვება რომ ჰქვია და მერე, მთელ ცხოვრებას თავდაყირა გიყენებს. აღზრდის, კომპლექსების, მენტალიტეტის, ქართული რეალობის თუ უამრავი ნიუანსის გამო, ძალიან ადამიანურ რამეს - სიყვარულს რომ განატრებინებს.

 

- როგორ ფიქრობთ, მსახიობი რომ გამოსულიყავით, როგორ წარიმართებოდა თქვენი მომავალი?

- არ ვიცი, ამაზე დღეს საუბარი ცოტა რთულია. ისე მიყვარდა სცენა, ალბათ ძალიან ბედნიერი ვიქნებოდი.

 

- მთელი ცხოვრება საბავშვო ჟურნალისტიკაში იმუშავეთ. რა შეგძინათ თქვენმა გაზეთმა? და რა არის თქვენთვის ჟურნალისტიკა?

- „ნერგი"- ეს პაწია გაზეთი უკვე 90 წლის გახდა. მთელი ჩემი სული ჩავდე ამ გაზეთში, სამწუხაროდ, „დემოკრატიული ხელისუფლების" პერიოდში დაიხურა. გაზეთმა უამრავი ადამიანი შემძინა. ამაყი ვარ ჩვენი გაზეთის აღზრდილებით, მათი უდიდესი ნაწილი დღეს ქართულ კულტურას, ქართულ მწერლობას ემსახურება. დღემდე მაქვს ამ ბავშვებთან ურთიერთობა და თითოეული შვილივით მიყვარს. შემძინა ჩემი არაჩვეულებრივი თანამშრომლები. ხშირად მითქვამს და გავიმეორებ, რომ ბედნიერი ვიყავი ისეთ კეთილშობილ, მაღალი სულის მქონე ადამიანების გვერდით ვმუშაობდი. სამწუხაროდ, ზოგიერთი უკვე მარადისობას შეუერთდა. მასწავლა პროფესიონალიზმი, ის, რომ თუ ჟურნალისტი გქვია, არ უნდა გეშინოდეს არაფრის.

 

- რა განსხვავებაა მაშინდელ და ახლანდელ ჟურნალისტიკას შორის. რას ურჩევდით ახალბედა ჟურნალისტებს?

- განსხვავება ძველსა და ახალ ჟურნალისტიკას შორის ძალიან დიდია. ჩვენ პარტიული წნეხის პირობებში გვიხდებოდა მუშაობა. ერთხელ, კარგად მახსოვს, საგაზეთო წერილს, რომელიც კამბოჯელ ბავშვებს შეეხებოდა, „თავისუფალი სამშობლო ან სიკვდილი", კამბოჯელების სიმღერის სახელწოდება დავარქვი და ცენზორ „მთავლიტს" ეს სათაური რომ გაეპარა, ისეთი ბედნიერი ვიყავი, რომც დავეჭირე კომუნისტებს, არ ვდარდობდი. ახალბედა ჟურნალისტებს ვურჩევდი, სიმართლეს ემსახურონ, მხოლოდ სიმართლეს!


- კითხვა, რომელსაც საკუთარ თავს დაუსვამთ და აქვე უპასუხებთ?

- ეს კითხვა ასეთია: მარინა, მიუხედავად თავს დატეხილი ათასი უბედურებისა, იყავი ბედნიერი? პასუხი: დიახ, ვიყავი. ძალიან საინტერესო ცხოვრება განვვლე, ძალიან ბევრი ნატვრა ამიხდა და თუ ოდესმე რამე მომინდომებია, ყველაფერი გამომსვლია. რა თქმა უნდა, ეს სურვილები, ზნეობის ფარგლებს არასოდეს აცდენია. შემიძლია თამამად ვთქვა: დიახ, მე ვიცხოვრე!





 

Livestream
right_banner right_banner
არქივი
right_banner