logo_geo
eng_logo
გიორგი ჩერქეზიშვილი: 600-მდე ავტოსატრანსპორტო საშუალებამ პირველადი ტექდათვალიერება ვერ გაიარა
- +

20 იანვარი. 2018. 17:27



1 იანვრიდან 3.5 ტონაზე მძიმე და 8 ადგილზე უფრო დიდი ტევადობის ავტომობილებისთვის ტექდათვალიერების ვალდებულება ამოქმედდა. 2019 წლის 1 იანვრიდან კი ყოველწლიური ტესტირების გავლა ყველა ტიპის ავტომობილისთვის სავალდებულო იქნება, - თემის დეტალებით „საქმის კურსთან" ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩერქეზიშვილმა ისაუბრა.

 

- ბატონო გიორგი, როგორც აღინიშნა, კარგ შემთხვევაში 115 ინსპექტირების ცენტრი უნდა გვქონდეს, როგორ მიდის ამ მიმართულებით განვითარება?


- ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება 2018 წლის 1 იანვრიდან დაიწყო, 1 ივლისიდან ინსპექტირებას გაივლიან სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების კუთვნილი ავტომობილები, მიმდინარე წლის 1ოქტომბრიდან - დიდი მოცულობის ძრავის მქონე ავტომობილები (3.0 ძრავით და ზემოთ) და უკვე 2019 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით - ინსპექტირებას გაივლის საქართველოს დანარჩენი ავტოპარკი. ეს ოთხი ძირითადი საფეხურია, რომელიც ჩვენ ეტაპობრივად მოგვცემს საშუალებას, რომ ორი წლის განმავლობაში მინიმუმ ერთხელ მაინც მოხდეს თითო ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება.


დღეის მდგომარეობით საქართველოში 24 ინსპექტირების ცენტრია, რომელთაც 35 ხაზი გააჩნიათ, რომლებზეც ხდება უშუალოდ ავტოსატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირება. აღნიშნული რეფორმის საწყისი ეტაპიდან დღემდე კონსულტანტად გვყავს შვეიცარიული კომპანია SGS და ჩვენ მათი რეკომენდაციით, საქართვლოს მასშტაბით 115 ხაზი გვჭირდება და დამატებით დაახლოებით 2-3 მობილური გადამყვანი ხაზი, რომელიც მაღალმთიანი რეგიონებისთვის იქნება განკუთვნილი. ის ცენტრები, რომლებსაც 11 დეკემბრამდე ჰქონდათ გადარიცხვა გაკეთებული, ისინი ვალდებული არიან, რომ 25 იანვრამდე ეკონომიკის სამინისტროში აღნიშნული დოკუმენტაცია და საბანკო გარანტია თითოეული ხაზისათვის 100 ათასი ლარის ოდენობით წარმოადგინონ. მონაცემებს ერთი კვირის განმავლობაში დავამუშავებთ და რა რაოდენობის ხაზებიც გვექნება დარჩენილი, ინტერესთა გამოხატვას გამოვაცხადებთ მიმდინარე თვის ბოლოს.

 

- ინვესტორების მხრიდან დაინტერესება როგორია?


- დაინტერესება საკმაოდ მაღალია. პირველადი კრიტერიუმები 1 ოქტომბერს გამოვაქვეყნეთ, რომელიც SGS-ის რეკომენდაციებზე იყო დაფუძნებული თუ რა ტიპის სტანდარტს უნდა აკმაყოფილებდეს აღნიშნული ცენტრი. ასევე სტანდარტი იყო გათვალისწინებული თუ რას უნდა აკმაყოფილებდეს თანამშრომლების კვალიფიკაცია. 1 დეკემბერს უშუალოდ მთავრობის დადგენილებები იყო გამოქვეყნებული.

 

- როგორია მიმართვიანობა?


- ცენტრების მიმართვიანობას რაც შეეხება, გუშინდელი დღის მონაცემებით, აღსანიშნავია, რომ 1 იანვრიდან ბევრი დასვენების დღე დაემთხვა, 3 000-მდე მიმართვა იყო განხორციელებული. აქედან დაახლოებით 600-მა ავტოსაშუალებამ პირველადი გავლა ვერ მოახდინა ახალი რეგლამენტითა და მოთხოვნებით, რაც 20%-ია. მათ ერთი თვე აქვთ ვადა და შეუძლიათ იგივე ცენტრებში მიმართვიანობის საფუძველზე მეორედ გაიარონ უფასოდ. მოლოდინი უფრო მეტია - 25%-დან 35%-მდე და განმეორებითი მიმართვიანობა ნორმალურად ითვლება. ჩვენი მოსახლეობა პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების თარიღის გავლას არ უნდა დაელოდონ. ისინი დღესვე უნდა მივიდნენ და საკუთარი ავტოსატრანსპორტო საშუალებები წესრიგში მოიყვანონ.

 

- რიგების თავიდან აცილების მიზნით, გარკვეული ღონისძიებების შემუშავება იგეგმებოდა და ერთ-ერთი მათგანი ონლაინ-რეგისტრაცია, ვიზიტის დაჯავშნაა და ეს პროცესი რამდენად ეხმარება რიგების თავიდან აცილებას?


- ყველა ავტოსაშუალებას ტექნიკური პასპორტი აქვს, სადაც მოცემულია რეგისტრაციის თარიღი და ეს თარიღი მათთვის ბოლო ვადაა, როდესაც მათ შეეძლოთ გავლა გაეკეთებინათ. აღსანიშნავია, რომ 3 იანვრიდან ქოლ-ცენტრი მუშაობს და ეს არის 14-84, სადაც დილის 10 საათიდან საღამოს 6 საათამდე ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს ინფორმაცია მიიღოს, ასევე კონკრეტულ ინსპექტირების ცენტრებში ჯავშნის გაკეთება შეუძლიათ, რათა მათ რიგში დგომა არ მოუწიოთ. გარდა ამისა, ვებ-გვერდი არსებობს PTI.ge სადაც ასევე შესაძლებელია კონკრეტული ცენტრის არჩევა და აღნიშნული საიტის დახმარებით ხდება, როგორც რიგის დაჯავშნა, ასევე თანხის გადახდა. ცენტრებში თანხის გადახდა უშუალოდ ადგილზე არ ხდება. ეს ან ბანკის, ონლაინ ან ტერმინალების საშუალებით უნდა მოხდეს. მსუბუქი სატრანსპორტო საშუალებების ღირებულება 60 ლარია, ხოლო სატვირთო და სამგზავრო - 8 ადგილიანი ავტომობილების ზემოთ არის 100 ლარი. ერთი თვის განმავლობაში თუ იგივე ცენტრში მოხდება მიმართვიანობა განმეორებითი გავლა უფასო იქნება.










 

წყარო : wyaro
right_banner
right_banner right_banner
არქივი
right_banner