logo_geo
eng_logo
თამაზ მეჭიაური: გარე ძალებს „ქართულ ოცნებაში“ თავიანთი მომხრეების ჩანერგვა სურთ!
- +

12 მაისი. 2016. 18:08


„ქართული ოცნების" წევრი, პარლამენტარი თამაზ მეჭიაური საქართველოში მოსალოდნელ პოლიტიკურ პროცესებს მიმოიხილავს და აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ „ქართულ ოცნებაში" „დავარცხნილი ნაციონალები" და რესპუბლიკელები ამოყოფენ თავს, იგი „ქართულ ოცნებას" გაემიჯნება:


- ვფიქრობ, „ქართული ოცნების" ხელმძღვანელობასა და პრემიერ-მინისტრზე გარე ძალებისგან ხდება ზეწოლა, რათა 2012 წლის მსგავსად, „ქართული ოცნების" საპარლამენტო სიაში „დავარცხნილი ნაციონალები" და რესპუბლიკელები შეიყვანონ. სამწუხაროდ, ბიძინა ივანიშვილს ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივის შესახებ არასწორ ინფორმაციას აწვდიან და, საერთოდ, მიმაჩნია, რაც დღეს ქვეყანაში ხდება გარე ძალების მიერ არის ორკესტრირებული. „ენდიაისა" და „აირაის" ე.წ. კვლევები, ნაციონალური მოძრაობის ბოლოდროინდელი განცხადებები და არასამთავრობოთა აქტიურობა ერთ რამეზე მიგვანიშნებს - კარგად ორგანიზებული ძალა ხელისუფლებას აშანტაჟებს, რომ მისთვის სასურველი პირები შეიყვანოს „ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში, რათა ამ გზით მოიპოვონ პარლამენტში უმრავლესობა; თუ ეს არ გამოუვიდათ, მაშინ უკრაინული „მაიდნის" მოწყობაზე ფიქრობენ! გარე ძალების ჩანაფიქრია, „ქართულ ოცნებაში" თავიანთი მომხრეების 20-30 პროცენტი მაინც ჩანერგონ! ამათ დაემატებიან საკუთრივ ნაცები, ალასანიას „თავისუფალი დემოკრატები" და ისინი აღმოჩნდებიან უმრავლესობაში...


- ბატონო თამაზ, მოვლენების კიევური სცენარით განვითარების ალბათობა რეალურია?

 

- ხალხს ვერ აიყოლიებენ, მაგრამ ამას ხელისუფლებამაც უნდა შეუწყოს ხელი! კერძოდ, ბატონი კვირიკაშვილი ძალიან კარგი მენეჯერია, მაგრამ რამდენად გაუძლებს გარე ძალებისაგან ზეწოლას, გასარკვევია... ხალხზეც ბევრი რამ იქნება დამოკიდებული; უპირველეს ყოვლისა, ეროვნულმა ძალებმა უნდა გადადონ თავიანთი ამბიციები გვერდზე და საქართველოს სახელმწიფოებრიობის იდეის გარშემო გაერთიანდნენ!


- თუ „ქართულ ოცნებაში" რესპუბლიკელები და „დავარცხნილი ნაცები" შეიყვანეს, პარტიიდან წასვლის წინ ბიძინა ივანიშვილს არ შეხვდებით?

 

- ბიძინასთან შეხვედრის პრობლემა არასოდეს მქონია და არც მაქვს. სხვა საკითხია, რამდენად მიიღებს ის ჩემს რჩევას, რადგან, შესაძლოა, მას რაღაც ვალდებულებებიც აქვს აღებული. ორმა ზრდასრულმა მამაკაცმა შეიძლება იჩხუბოს ქალის გულისთვის, მაგრამ ორმა მამაკაცმა, რომლებსაც სამშობლო უყვართ, არ უნდა იჩხუბონ. ბიძინა რომ ქართველია და სამშობლო უყვარს, ამას აღარ გავიმეორებ... თუ პირველ ადგილზე „ქართული ოცნება" გავიდა, მეორეზე - ნაციონალები, მესამეზე - ნაციონალების რომელიღაც სატელიტი, ხოლო მეხუთე ან მეექვსე ადგილზე ეროვნული ძალა, არეულობა გარდაუვალი იქნება! ხოლო თუ „ქართული ოცნების" შემდეგ არჩევნებში ნაცების ნაცვლად მეორე ადგილს რომელიმე ეროვნული ძალა აიღებს, მაშინ არეულობის მოსურნეებს ნიადაგი გამოეცლებათ და ბუნტის მოტივაცია დაეკარგებათ, რადგან „ქართულ ოცნებაზე" უფრო მიუღებელი მათთვის მეორე ადგილზე გასული ეროვნული პარტია იქნება! აქედან გამომდინარე, ძალიან ბევრია დამოკიდებული ეროვნულ ძალებსა და ოპოზიციაზე!




ესაუბრა დიტო ჩუბინიძე


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×