top_leaderboard

გოგა პიპინაშვილი: ჩემს პროფესიაში ფორიაქი მიყვარს…

ძნელია, ყველა თაობის ადამიანისთვის ერთნაირად საინტერესო და მისაღები იყო. საამისოდ, დროს არ უნდა ჩამორჩე, თანაც, საკუთარ ფესვებს არ მოწყე და პრიორიტეტად მარადიული ღირებულებები გქონდეს. იმ მცირე ხელოვანებს შორის, რომლებიც ასე ცხოვრებას ახერხებენ, ამ მასალის გმირიცაა.

„ჩემს პროფესიაში ფორიაქი მიყვარს. ამ ცენტრის საქმიანობაც სწორედ ჩემი გამოცდილების გაზიარებას გულისხმობს. ამგვარი გზა მირჩევნია მარტო წიგნებიდან ამოკითხულ ზოგად, თეორიულ ფორმულებს“, – ამბობს კინოსა და თეატრის მსახიობი, ხელოვნების ინტეგრირებული საყმაწვილო-სასწავლო ცენტრის „ართ-ჰოლი“ ხელმძღვანელი გოგა პიპინაშვილი.

დროთა განმავლობაში ცენტრს სათანადო პირობები აღარ ჰქონდა, მაგრამ აქ ინკლუზიური მიმართულება მაინც დარჩა. ამდენად, „ართ ჰოლი“ ინტეგრირებული საყმაწვილო-სასწავლო ცენტრის სტატუსს ინარჩუნებს. დღეს, აქ 9-დან 18 წლის ჩათვლით 83 ბავშვია.

„ართ-ჰოლის“ დამფუძნებელი დიდი მაესტრო

„ეს ცენტრი 51 ხელოვანმა დააფუძნა, მათ შორის იყვნენ რეჟისორები, მხატვრები, ხელოვანები, პირველ რიგში კი, ჩემი მეგობრები. დაფუძნების აქტზე პირველი ხელმოწერა ბატონ მიშა თუმანიშვილს ეკუთვნის. ამ სტუდიის მუშაობის პრინციპი ის იყო, რომ თუმანიშვილის თეატრის გამოცდილ მსახიობებს თავისი ჯგუფი ჰყავდათ და ჩვენთან პერიოდულად მოდიოდნენ“.

როგორ დავაინტერესოთ გაჯეტების თაობა?

„დღეს სხვადასხვა თეატრალურ სასწავლებლებში ასწავლიან იმ მეთოდით, რომლითაც სერგო ზაქარიაძე სწავლობდა. ამ დროს ჩემთან მოდის ცხრა წლის ბავშვი, რომელიც საჭირო ინფორმაციას ინტერნეტიდან წამებში იღებს. ეს ბავშვები მეტად თუ ნაკლებად გამოსახულებაზე არიან დამოკიდებული, რითიც მათი ინდივიდუალიზმი და წარმოსახვის უნარი იკარგება. სამსახიობო ოსტატობის ელემენტების შესწავლის ახალი მეთოდი გულისხმობს ძველი ქართული ფილმებისა და ანიმაციის გადახმოვანებას, ყველასთვის საყვარელი გმირების გაცოცხლებას. ამდენი წლის განმავლობაში ბავშვებს ვასწავლიდი იმას, რასაც ვერცერთ წიგნში ვერ ამოიკითხავენ. რადგან დღევანდელი ბავშვები გაჯეტების თაობაა, ვიფიქრე, კარგი იქნებოდა, თუკი ინტერნეტს მარტო კომუნიკაციის საშუალებად არ გამოიყენებდნენ და მას მიზნობრივი დატვირთვა ჰქონოდა.

მარადიული ღირებულებების აღმოჩენა

„ტექნოლოგიურმა ეპოქამ ბევრ სიკეთესთან ერთად ცუდიც მოიტანა, რადგან ღირებულებების გადაფასება მოხდა. ჩვენი გენეტიკა და მენტალობა კი სწორედ მათზეა აგებული. ეს ღირებულებები ქართული მეგობრობის, ნათესაობის, მეზობლობის, მოყვასის სიყვარულის ტრადიციებზე აღმოცენდა. ყველაზე კარგად ეს ქართულ კინემატოგრაფსა და ანიმაციაშია ასახული. ამ ბავშვების თაობის უმრავლესობას წარმოდგენა არ აქვს ქართულ ფილმებზე, მეტსაც გეტყვით, ამ ფილმების მიმართ გარკვეული პროტესტიც გააჩნიათ. მათ არ იციან, ვინ იყვნენ სესილია თაყაიშვილი, ეროსი მანჯგალაძე, სოფიკო ჭიაურელი, რამაზ ჩხიკვაძე… ამიტომ ერთ მშვენიერ დღეს მე დავეხმარე მათ, რომ ეს ყველაფერი აღმოეჩინათ…“

თელაველი ხარ?“- ქართული დიალექტი მშობლიური რომ გახდეს

„დღევანდელ თინეიჯერებს და ახალგაზრდებს გააჩნია თავისი საურთიერთობო სლენგი, რომელიც მარტო მათ ესმის. ქართული დიალექტით ლაპარაკი მათთვის გოიმობად ითვლება. აბა, წარმოიდგინეთ, რამდენი უნდა აუხსნა ბავშვს, რომ კახური დიალექტით ათქმევინო თუნდაც ელემენტარული ფრაზა: თელაველი ხაარ? მსახიობობის ოსტატობის ათვისებისა და იმისთვის, რომ ჩვენი დიალექტები მათთვის გასაგები და მშობლიური გამხდარიყო, ჩემი აზრით, სწორ და უტყუარ გამოსავალს მივაგენი. როცა ყველაფერი კარგად გავიაზრე, წამოვიწყე პროექტი, რომლის ფარგლებშიც თავი მოვუყარე საჭირო მასალას და ბავშვებს გადავახმოვანებინე ფილმები: „დათა თუთაშხია“, „მაია წყნეთელი“, „არდადეგები“, „სიყვარული ყველას უნდა“, „ღიმილის ბიჭები“ და სხვა. ამ ახალი მეთოდოლოგიის პრეზენტაცია თუმანიშვილის სახელობის თეატრში წარმოვადგინეთ. მათზე თითქმის ყველა თეატრიდან ცნობილი მსახიობები, რეჟისორები, ხელოვნებათმცოდნეები და თეატრმცოდნეები მოვიწვიეთ. ამ პროექტით პირველ გასტროლებზე ვიყავით ბათუმში, საყმაწვილო-სასკოლო თეატრალური დასების ფესტივალზე „პირველი ავტოგრაფი“.

მოზარდების მიერ გადახმოვანებული „წუნა და წრუწუნა“

„ერთ დღეს გადმოვიწერე ქართული მხატვრული და ანიმაციური ფილმების ფრაგმენტები და ისინი „არტ-ჰოლის“ ბავშვებს გადავახმოვანებინე. შედეგი უკვე თვენახევარში მივიღე. ამ გზით ისინი ქართულ ხასიათს, ტრადიციებსა და დიალექტს გაეცნენ. ვერ წარმოიდგენთ, რა კარგად გაახმოვანეს ბავშვებმა ცნობილი ანიმაციური ფილმი „წუნა და წრუწუნა“. თანაც, ამ პერსონაჟებს კარგად ვერაფრით გაახმოვანებ, თუკი გახმოვანების დროს არ ითამაშე კიდეც. ბავშვებისთვის ეს ისეთი აზარტი აღმოჩნდა, რომ დავრწმუნდი – სწორ გზას მივაგენი. ამის მერე მჯერა, რომ მათ სურვილი გაუჩნდებათ, წაიკითხონ ნოდარ დუმბაძე, რევაზ ინანაიშვილი და სხვა ქართველი მწერლები და შეეცდებიან, რომ მათში საკუთარი იდენტობა და შესაძლებლობები იპოვონ.

„შემომექმედა როცა გატაცება საყვარელი საქმე ხდება

„თავის დროზე პანდემიამ ის მოიტანა, რომ ბავშვობის გატაცება გავიხსენე, ესაა ხეზე კვეთა. ერთ დღეს სანათების, მაგიდების, საათების დამზადება დავიწყე. სოციალურ ქსელში ჩემს გვერდს „შემომექმედა“ დავარქვი. მუშაობის დროს ხესთან ერთად ქვას, მარმარილოსა და ბეტონს ვიყენებ. სხვათაშორის, არა მგონია, რომ ბეტონს ამ მიზნით ვინმე იყენებდეს. ჩემს გატაცებას კომერციული დატვირთვა არ აქვს, ეს საქმე უბრალოდ შემოქმედებით სიამოვნებას მანიჭებს. ასევე მიყვარს ფოტოხელოვნება და ბუნებაში ლამაზ კადრებს ვიღებ“.

ასევე იხილეთ