top_leaderboard

გია კაჭარავა: მე ვიღებ ფილმს ვაჟკაც კაცზე, რომელიც უკუღმართი რეჟიმის წინააღმდეგ იბრძოდა

რეჟისორი, სცენარისტი და მუსიკოსი გია კაჭარავა ყველაზე მნიშვნელოვან სათქმელს მაყურებელს ხშირად იუმორის გზით აწვდის. შეიძლება ითქვას, რომ ეს უკვე მისი, როგორც ხელოვანის იმიჯის ნაწილია. თუმც, ბევრმა შესაძლოა, არ იცოდეს, რომ ნიჭიერი და დღეისთვის ყველაზე ყურებადი რეჟისორი, თავის ყველაზე მნიშვნელოვან ფილმზე წლებია მუშაობს.

ბერი გაბრიელის ბრძოლა და რეჟისორ გია კაჭარავას „ბრძოლა“

„უკვე 12 წელია ვმუშაობ ფილმზე, რომელიც ბერი გაბრიელზეა. ეს იქნება რეალური, მხატვრული სურათი, რომელშიც ყველაფერს ისე აღვწერ, როგორც სინამდვილეში იყო. ჯერჯერობით ვერ ვიტყვი, თუ ვინ არის მთავარი როლის შემსრულებელი, მაგრამ მინდოდა, რომ ისეთი მსახიობი ყოფილიყო, რომელიც, ასე ვთქვათ, კინოში გათქვეფილი არ არის, ვისაც გარკვეულ სტერეოტიპად არ აღიქვამენ და საზოგადოებისგან რაიმე იარლიყი არ აქვს აკრული. ჩემს ფილმს მთლად რელიგიური ხასიათი არ ექნება“.

„მე ვიღებ ფილმს ვაჟკაც კაცზე

„ეს ადამიანი ვერც მილიციამ გატეხა და ვერც „კგბ“-მ. მან ყველაფერი აიტანა და არავის დანებდა, პირიქით – გაძლიერდა კიდეც. შეიძლება ითქვას, ბერი გაბრიელი განსახიერებაა იმ დაუნდობელი ბრძოლისა, რომელმაც მართლმადიდებლობა დაიცვა და დღევანდლამდე მოიტანა. მე ვიღებ ფილმს ვაჟკაც კაცზე, რომელიც უკუღმართი, ათეისტური და კომუნისტური რეჟიმის წინააღმდეგ იბრძოდა. ეს ფილმი იქნება კვინტენსენცია იმ ყველაფრისა, რაც იმ დროს ხდებოდა. აქედან გამომდინარეა ფილმის სახელწოდებაც – „ბრძოლა“. სხვათაშორის, ეს ფილმი სიმბოლურად, ყველა წესიერი ადამიანის ბოროტების წინააღმდეგ ბრძოლაზეცაა. ჩემი სცენარი 2016 წელს სინოდს გავაცანი და ჩვენმა უწმინდესმა აუდიენციის დროს დაგვლოცა“.

ფილმი – ეროვნული ნიშნით

„ადრე კინოცენტრში ერთმა „პერსონამ“ გამომიცხადა: ჩვენ რატომ უნდა დავაფინანსოთ რელიგიური ფილმიო? მე ვუთხარი: „ლგბტ“-ს თემაზე ხომ კარგად აფინანსებთ-მეთქი! ის ადამიანი დღეს კინოცენტრში აღარ მუშაობს. მოხარული ვარ, რომ ქალბატონმა თეა წულუკიანმა საჯაროდ განაცხადა: კინოხელოვნება ეროვნული უნდა იყოსო და, ჩემი ფილმიც ყველა ნიშნით ეროვნული იქნება“.

ასინგი“ ბეთჰოვენის როლზე

„მე პირველ აპრილს დავიბადე და, სხვათაშორის, მართლა მახასიათებს ის, რომ საჭიროების შემთხვევაში, ამა თუ იმ სიტუაციაში, ტყუილებს ეგრევე ვიგონებ ხოლმე. საუბარია არა ვინმეს მოტყუებაზე, არამედ ისეთ ტყუილზე, რომელიც ორივე მხარეს გაახალისებს ან ესიამოვნება. ამასწინათ, ერთმა მეგობარმა დამირეკა და მითხრა: გუშინ მანქანით მოვდიოდი და დაგინახე, გარეგნულად ბეთჰოვენს დამსგავსებიხარო. ეგრევე ავიტაცე ეს თემა და ვუთხარი: ვაა, როგორ გაარტყი, მართლა ასეცაა-მეთქი, რადგან ავსტრიელი რეჟისორი, კლაუს მარია ბრანდაუერი, ბეთჰოვენზე იღებს ფილმს და ქასთინგზე მიმიწვია-მეთქი. ჩემს მეგობარს მარტო ერთი კითხვა გაუჩნდა: გილოცავ, მაგრამ გერმანული იციო? ბოლოს, ორივე კმაყოფილი დავრჩით: მე ხუმრობით, ის – ჩემი „წარმატებით“. ამასწინათ სოციალურ ქსელებში სპორტულ მოტოციკლეტთან გადაღებული ჩემი ფოტო დავდე კომენტარით: ესეც შევიძინე-მეთქი. რომელი ბაიკერი მე ვარ, მაგრამ ხალხმა ჩათვალა, რომ სიმართლეა. ეგრევე მილოცვები და რჩევის სახით გაფრთხილებებიც წამოვიდა: ფრთხილად იარე, მაინც ასაკში ხარო…“

კინოხელოვნება, როგორც ლამაზი ტყუილი

„როცა რაღაცას იგონებ და ქმნი, ეს ხელოვნებაა. არისტოტელემ ბრძანა: „ხელოვნება მიმბაძველობა – კეთილშობილი ტყუილიაო“. მას იმდენად დიდი ძალა აქვს, რომ ზოგჯერ რეალურსა და გამოგონილს შორის ზღვარი იშლება. ერთხელ მახსოვს, ვიღაც ბლოგერებმა სრული სერიოზულობით დათა თუთაშხიას ზუგდიდიდან თბილისში გადმოსვენების საკითხი დასვეს და ქუჩაში გამოკითხვა ჩაატარეს. გამოკითხულთა უმეტესობა აღშფოთდა: რატომ უნდა გადმოასვენონ თუთაშხია ზუგდიდიდანო. ჩვენ ვიგონებთ პერსონაჟებს, რომლებსაც ხალხის გარკვეული ნაწილი რეალურ ადამიანებად აღიქვამს“.

რეჟისორი, რომელიც მუსიკას წერს

„სულ ვამბობ, რომ მუსიკოსი ვარ და არა კომპოზიტორი-მეთქი. ერთხელ მახსოვს, როცა იაშა ბობოხიძესაც იგივე ვუთხარი, მან გადამიშალა ენციკლოპედიის წიგნი და ამოიკითხა განმარტება: „კომპოზიტორი – კაცი, რომელიც წერს მუსიკას“. ამის მერე იმ თემაზე მასთან კამათი არ გამიგრძელებია. არ დავიწყებ იმის ახსნას, თუ რა დატვირთვა აქვს მუსიკას კინოში, ეს ისედაც ცნობილია. ამიტომ მუსიკას ჩემი ყველა ფილმისთვის თვითონ ვწერ. ჩემს სათქმელს, დრამატურგიასთან ერთად, ამ ფორმითაც გამოვხატავ. კინომუსიკა ხომ მუსიკალური დრამატურგიაა?!“

ასევე იხილეთ