top_leaderboard

სამი ფოტოამბავი და მოულოდნელად შეცვლილი ცხოვრება

მასზე ამბობენ, რომ არის ფოტოგრაფი, რომლის გადაღებული კადრებიც რეალურად ცვლის ადამიანების ცხოვრებას. საუბარია ცნობილ ფოტოხელოვან ლაშა შალამბერიძეზე, რომლის გადაღებული კადრები, შეიძლება ითქვას, ერთგვარი ფოტოროლებიცაა. მის არქივში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გადაღებული ბევრი საოცარი კადრია.

როცა პროფესიით იურისტმა ერთ მშვენიერ დღეს ხელში ფოტოაპარატი დაიჭირა, ჩვეულებრივ სიტუაციებში სასწაულების ძებნა დაიწყო. თვლის, რომ საქართველო სასწაულების ქვეყანაა და მათი პოვნა თითქმის ყველგან შეუძლია. ამჯერად, მოგიყვებით მის სამ პოპულარულ საავტორო ფოტოზე, რომელთა მიღმა საინტერესო ამბები, შესაძლოა, არ იცოდეთ.

ერთხელ, ნაგვის ბუნკერთან მდგარ უცნაურად ჩაცმულ ქალბატონს გადაუღო ფოტო და მას შემდეგ, იმ ქალის არაფრით გამორჩეული ცხოვრება მთლიანად შეიცვალა…

კადრი N1

– ეს კაცი ერთხელ ქუჩაში დავინახე, ორ ძაღლთან ერთად,  ვთხოვე, თუ შეიძლება, ფოტოს გადაგიღებთ მეთქი. მკითხა: რისთვის გინდაო? ვუთხარი, ჩემს ფბ-გვერდზე დასადებად-მეთქი. როცა ფოტო სოციალურ ქსელებში დავდე და მთელმა საქართველომ ნახა, ნაწყენი ტონით მომწერა – შენ ხომ შენთვის გინდოდაო? მაგრამ როცა დრო გავიდა, ისე მოეწონა პოპულარობა, რომ მადლობას ყოველ დღე მწერდა. ეს კაცი, იაგო გერლიანი დასუფთავების სამსახურში მუშაობს. ის ორ ძაღლი მისი მეგობრებია, ერთს „ჩორნა“ ჰქვია, მეორეს – „მაილო“. იაგო ლტოლვილია აფხაზეთიდან, ბეთლემის მონასტერში ცხოვრობს და  მსახურობს.

– თქვენი ფოტოს შემდეგ მის ცხოვრებაში რა შეიცვალა?

-ამ ფოტოს შემდეგ, როცა პოპულარული გახდა, სამსახურში დააწინაურეს და რომელიღაც ჯგუფის უფროსად გადაიყვანეს. მერე ერთმა შემოქმედებითმა ჯგუფმა იპოვა ეს კაცი და ძაღლებთან ერთად მასზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო.

კადრი N2

– ერთ ჩვეულებრივ დღეს ქალაქში ვსეირნობდი და შემთხვევით ამ ქალს წავაწყდი, ნაგვის ბუნკერთან იდგა და იქექებოდა. უცნაურად ჩაცმულ, კოპწია ქალბატონს თავზე  გაცრეცილი, ლამაზად დაკემსილი შლაპა ეხურა. რამდენიმე კადრი გადავუღე. როცა მისი ფოტო გამოვაქვეყნე, ისეთი ამბავი ატყდა, რომ გამიკვირდა.

– როგორ შეცვალა ამ კადრმა მისი ცხოვრება?

– ამ ქალის მიმართ ხალხის დამოკიდებულება შეიცვალა, ვინც იცნობდა მას, ისინი კომენტარებში წერდნენ, რომ ხანდახან თურმე ძალიან აგრესიულია. ჩემი ფოტოს შემდეგ ხალხმა ისე კარგად გაიცნო ეს ქალი, როცა ქუჩაში ხვდებოდნენ, თბილად მოიკითხავენ და ყვავილებსაც კი ჩუქნიდნენ. შემდეგ გავიგე, რომ ვიღაც გოგო გამოჩნდა, რომელიც მას დაუახლოვდა და ყოველ წელს, დაბადების დღეს უხდიდა. ერთხელ მეც დამპატიჟეს, მაგრამ ვერ მოვახერხე მისვლა, სამწუხაროდ, იმ ქალბატონის სახელი და გვარი არ ვიცი.

კადრი N3

– გაზაფხულის პერიოდი იყო. ეს პატარა გოგო პირველად  ქორწილში ვნახე, სტუმრად იყო მოსული, გარეთ, ქვიშაში თამაშობდა. როცა დავინახე, გადავირიე, რა მაგარი ბავშვია-მეთქი. მის მშობლებს ვთხოვე, მომიყვანეთ რა, უნდა გადავიღო-მეთქი. უარი მითხრეს – ვერანაირადო, ჩვენ გალში ვცხოვრობთ და ხვალ იქ მივდივართო. ვაჩვენე ჩემი სურათები და ავუხსენი, ვინც ვარ. იქნებ, მერე ჩამომიყვანოთ-მეთქი. ჩემი სავიზიტო ბარათი დავუტოვე. ღამე მომწერეს, აღარ წავალთ გალში და გამოვალთო. მეორე დღეს მეც გავედი და ასე გავიცანი პატარა ლიზიკო საბელუა.

– სავარაუდოდ, თქვენი გადაღებული ფოტო ლიზიკოს ცხოვრებასაც შეცვლიდა…

– ამჯერადაც ასე მოხდა. სასწაული ბავშვია და მისი ფოტოს გამოქვეყნების მერე ერთი ამბავი ატყდა. ამის შემდეგ ხშირად ჩამოდიოდნენ და ფოტოსესიებს ვუწყობდი, დიზაინერებთანაც ვთანამშრომლობდი. მალე ლიზიკოს გალში ყველა ცნობდა, შემდეგ „მის ზუგდიდი“ გახდა და პოდიუმზეც გავიდა, არადა, მანამდე მსგავს რამეს არც აპირებდა. .

– ორი სიტყვით რაშია ფოტოკადრების წარმატების საიდუმლო?

– უბრალოდ, სწორ დროს სწორ ადგილას უნდა აღმოჩნდე და იცოდე ყველაფრის სწორად გადაღება და გადმოცემა. კიდევ, ყველგან, ჩვეულებრივ სიტუაცებშიც კი სასწაულებს ეძებდე…

ასევე იხილეთ