top_leaderboard

გერმანული მედია: საქართველო მოდის!

საქართველოს ნაკრებს და ქართველ ქომაგებს გერმანიაში უმაღლეს დონეზე ორგანიზებული ტურნირი გველოდება. ევროპის ჩემპიონატზე ჩვენს ეროვნულ გუნდს ისეთ გადასარევ სტადიონებზე მოუწევს თამაში, როგორებიცაა დორტმუნდის “ვესტფალენშტადიონი”, ჰამბურგის “ფოლკსპარკშტადიონი” და გელზენკირხენის “არენა აუფ შალკე”.

გერმანელები უკვე გველოდებიან! აი, როგორ გამოეხმაურა გერმანული სპორტული მედია საქართველოს ნაკრების გამარჯვებას:

BILD: “სიგიჟე! საქართველო გერმანიაში მოდის! დღეს ევროპის ჩემპიონატის ბოლო საგზურები გათამაშდა. პლეი ოფების პირველ ფინალში საქართველომ საბერძნეთი გიჟურ ტრილერში დაამარცხა. ვილი სანიოლის გუნდმა ევროპის 2004 წლის ჩემპიონს პენალტების სერიაში, 4:2 მოუგო. გადამწყვეტი თერთმეტმეტრიანის შემდეგ, სტადიონზე ათასობით ქომაგი შეიჭრა, საქართველოს დედაქალაქი თბილისი კი დიდმა ზეიმმა მოიცვა. ქვეყანაში უდიდესი სიხარულია, რადგან საქართველო პირველად გავიდა დიდ ტურნირზე.”

Kicker: “ისტორიული გამარჯვება პენალტების სერიაში – საქართველო ევროზე პირველად ითამაშებს! დაძაბული 90 წუთის შემდეგ, დამატებით ტაიმებში ქართველებმა ბერძნებს არაფერი გააბედინეს და პენალტების სერიაში უკეთესი ნერვები აღმოაჩნდათ. ისტორიული მოგების შემდეგ დედაქალაქი თბილისი თავდაყირა დგას! ათასობით ქომაგი მოედანზე შეიჭრა, გულშემატკივრები თავიანთ გმირებთან ერთად ზეიმობდნენ ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად გასვლას. გერმანიაში ქართველებს ჯგუფში პორტუგალიასთან, ჩეხეთთან და თურქეთთან მატჩები ელით.”

Sport1: “სანიოლის გუნდმა ისტორია დაწერა! საქართველო პირველად ითამაშებს ევროპის ჩემპიონატზე. ბაიერნის ყოფილმა ვარსკვლავმა ქართველებს ნატვრა აუსრულა. ქართველებმა პლეი ოფის ფინალში საბერძნეთი დრამატულ მატჩში, პენალტების სერიაში დაამარცხეს. სამი წელია, რაც სანიოლი საქართველოში მუშაობს. ბაიერნის ფანების ყოფილი საყვარელი ფეხბურთელისთვის ეს მწვრთნელის რანგში ყველაზე დიდი მიღწევაა.”

Spox: “უსაზღვრო ზეიმი! საქართველო პირველად გავიდა დიდ ტურნირზე. ვილი სანიოლმა ქართველებს ოცნება აუსრულა – ნაკრები ევროზე გაიყვანა!”

Sport Bild: “ბერძნების დრამა, საქართველო ევროზე მოდის! დღეს ბოლო საგზურებიც გათამაშდა და პირველ ფინალში ქართველებმა ბერძნები პენალტების სერიაში დაამარცხეს. გამარჯვების შემდეგ, თბილისის სტადიონზე სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ფანები მოედანზე შევარდნენ, რომ თავიანთ ვარსკვლავებთან ძალიან ახლოს ყოფილიყვნენ და მათთან ერთად იზეიმეს. ეს ქვეყანა პირველად ითამაშებს დიდ ტურნირზე და ბედნიერებაც შესაბამისია.”

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე F ჯგუფში ითამაშებს, სადაც ჩვენი ეროვნული გუნდის მეტოქეები თურქეთის, პორტუგალიის და ჩეხეთის ნაკრებები იქნებიან. ევრო 2024 გერმანიაში 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით გაიმართება.

პენალტების სერია
საქართველო: ქოჩორაშვილი ✅ დავითაშვილი ✅ მიქაუტაძე ❌ დვალი ✅ კვეკვესკირი ✅
საბერძნეთი: ბაკასეტასი ❌ მასურასი ✅ ბუხალაკისი ✅ იაკუმაკისი ❌

საქართველო (3-4-1-2): მამარდაშვილი – კვერკველია, კაშია (კაპ), დვალი – კაკაბაძე, კიტეიშვილი (104. დავითაშვილი), ქოჩორაშვილი, შენგელია (86. წიტაიშვილი) – ჩაკვეტაძე (104. კვეკვესკირი) – ზივზივაძე (75. მიქაუტაძე), კვარაცხელია (109. ქვილითაია)

საბერძნეთი (4-3-3): ვლახოდიმოსი – ბალდოკი (60. როტა), მავროპანოსი (98. ბუხალაკისი), ჰაციდიაკოსი (106. პეცოსი), ციმიკასი – ბაკასეტასი (კაპ), კურბელისი (67. სიოპისი), მანტალოსი – მასურასი, იოანიდისი (91. იაკუმაკისი), პელკასი (61. კონსტანტელიასი).

ასევე იხილეთ