top_leaderboard

მერაბ შარიქაძე: ვულოცავ ფეხბურთელებს და მთელ საქართველოს

“ვულოცავ ფეხბურთელებს და მთელ საქართველოს. ძალიან რთულ მისიას გაართვეს თავი და მადლობა ამისთვის. ისეთი სირთულე გადაილახეს, რომ დარწმუნებული ვარ, ევროპის ჩემპიონატზე დიდ სიურპრიზებს მოუწყობენ ყველას”, – ამის შესახებ საქართველოს მორაგბეთა ნაკრების კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ „იმედი Live“-ში საქართველოს საფეხბურთო ნაკრების 26 მარტის თამაშთან დაკავშირებით განაცხადა.

„ვულოცავ ფეხბურთელებს, მთელს საქართველოს. მართლა ძალიან საჭირო და დამსახურებული გამარჯვება იყო და ძალიან რთული. ძალიან დიდ წნეხს და დიდ პასუხისმგებლობას გაართვეს ბიჭებმა ძალიან წარმატებით თავი. იმდენად დიდი მნიშვნელობა მივანიჭეთ ყველამ ამ თამაშს, რომ ვნერვიულობდი, რაღაც ისე რომ არ წასულიყო. ყველაფერი გააკეთეს იმაზე მაგრად, ვიდრე წარმოდგენილი ჰქონდა ნებისმიერ ჩვენგანს. ისე ვნერვიულობდი და იმდენად დაძაბული ვუყურებდი, ალბათ ფეხბურთელი რომ ვყოფილიყავი, კარში ვერ დავარტყამდი. ძალიან რთულ მისიას გაართვეს თავი და მადლობა ამისთვის. ისეთი სირთულე გადალახეს, რომ დარწმუნებული ვარ, ევროპის ჩემპიონატზე დიდ სიურპრიზებს მოუწყობენ ყველას. ყველაზე რთული გადაილახა, გავედით და ახლა გულშემატკივრების მხრიდან წნეხიც ნაკლები იქნება და მაგარი შედეგებით დაბრუნდებიან. 2024 წელი ქართული სპორტისთვის ძალიან კარგად დაიწყო, იმედი მაქვს კარგად გაგრძელდება და კიდევ უფრო კარგად დასრულდება“, – აღნიშნა შარიქაძემ.

საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთის ნაკრები დაამარცხა და პირველად ისტორიაში ევროპის ჩემპიონატზე გავიდა.

ასევე იხილეთ