top_leaderboard
left_sabechdi

ლაშა ღლონტის ხელოვნების ლაბორატორია

პროფესიით ექიმია, მაგრამ დღეს მუსიკის სამკურნალო თვისებებს უფრო აღიარებს. ამბობს, რომ კარგი ქართული სიმღერა ფიზიკური აქტივობის მსგავსად განწყობას ამაღლებს და იმუნიტეტს აძლიერებს. მესამე წელია, რაც გახსნა ლაბორატორია, რომელიც ქართულ სცენას საუკეთესო მომღერლებს გაუზრდის. ეს პროცესი დაწყებულია, რადგან მისმა აღსაზრდელებმა უკვე მიიქციეს პროფესიონალების ყურადღება. საუბარია ექიმზე, მომღერალსა და სახელოვნებო სტუდიის ხელმძღვანელზე, ლაშა ღლონტზე. 2025-ში ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში მომღერლის საიუბილეო კონცერტია დაგეგმილი. 2024 წელიც წინასწარ გაწერილი აქვს, ამიტომ მკაცრად განსაზღვრულ მის გრაფიკში რთულია თავისუფალი დროის გამონახვა, თუმცა, მაინც მოვახერხეთ.

 

– ბატონო ლაშა, საუბარი თქვენ მიერ დაარსებულ მუსიკალურ ლაბორატორიაზე დავიწყოთ… 

 – ჩვენი ლაბორატორია არც ისე დიდი ხანია, რაც არსებობს, მაგრამ დადებითი შედეგი უკვე სახეზეა. სამი წლის წინ, ჩემმა მეგობარმა, უნიჭიერესმა პედაგოგმა თამუნა მანჯავიძემ შემომთავაზა, ერთობლივი პროექტი წამოგვეწყო. ადრე ორივეს საბავშვო სტუდია გვქონდა. წლების მერე კი ჩვენი გზები ისევ გადაიკვეთა. დღეს სტუდიაში 70-მდე ბავშვია, რომლებსაც დიპლომსაც ვაძლევთ. ტერიტორიულად პლეხანოვზე არსებულ სამუსიკო სკოლაში ვართ.

– როგორია სტუდიის პირველი წარმატებები?

ამ ეტაპზე სერიოზულად ვმუშაობთ ლაბორატორიის ბაზაზე დაარსებულ ტრიოზე, რომლის შემადგენლობაშიც არიან ნიჭიერი ახალგაზრდები: ლუკა ობგაძე, დათუნა წულუკიძე და გიორგი მღებრიშვილი. ჩვენი ლაბორატორიის აღსაზრდელია მართა ნოზაძე, რომელიც „რანინაში“ გამოდის. ის კონკურსის ათეულში უამრავი ბავშვიდან მოხვდა. ამჟამად მართა გადის რეპეტიციებს, რომელსაც სტუდიის პედაგოგებიც ვესწრებით. მოკლედ, ჩვენთან, დაარსების დღიდან ბევრი ნიჭიერი მოზარდი და ახალგაზრდა მოვიდა, მათი პატარა წარმატებაც კი ძალიან გვახარებს. იმედია, ჩვენი ლაბორატორია მომავალში ქართული მუსიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კერა გახდება.

– ეს არ არის თქვენი პირველი სტუდია, ამ სფეროში მუშაობის ათწლიანი გამოცდილება გაქვთ…

დიახ, ათი წელია, რაც ჩემს მეგობრებთან, ლელა მითაიშვილსა და ლევან ცხოიძესთან ერთად ბათუმში საბავშვო-მუსიკალურ სტუდია „ლა&ლე“ შვქმენით. ამ სტუდიაში ქალაქურ და უცხოურ სიმღერებს პროფესიონალი და საზოგადოებისთვის ცნობადი სახეები ასწავლიან. ჩვენთან ასევე მუშაობს მეტყველების, ხატვის, გიტარასა და ფორტეპიანოზე დაკვრის შემსწავლელი წრეები. 2024  საიუბილეო წელია, რადგან არსებობის ათი წელი გვისრულდება. 30 ივნისს, ბათუმის მუსიკალურ ცენტრში „ლა&ლეს“ ათი წლის იუბილეს მასშტაბურად აღინიშნება.

– 2024 წელი უკვე გაწერილი გაქვთ?

– ბევრი ტურნე და კონცერტია დაგეგმილი. ანსამბლი „ალილო“ 25 წლის იუბილეს აღნიშნავს. 5 მაისს, ჰააგაში, ჩემი სოლო კონცერტი გაიმართება. შემოდგომაზე დავით შანიძესა და ზვიად ბოლქვაძესთან ერთად სერიოზული მუსიკალური პროექტისთვის ვემზადები. ოქტომბრის თვეში „ალილო“ კორსიკაზე მიემგზავრება, ნოემბერში -ამერიკაში. ამას გარდა ოჯახთან ერთად საქართველოს ქალაქებში ტურნეს ვმართავ. გენიალურ მსახიობ მურმან ჯინორიასთან ერთად კომპოზიცია ჩავწერე. მის მიერ წაკითხული ლექსები განსაკუთრებულად სასიამოვნო მოსასმენია. კომპოზიციაში ის ლექსს კითხულობს, მე კი – ვმღერი. მინდა, ასეთი კოლაბორაციები მომავალშიც გაგრძელდეს.

ასევე იხილეთ