top_leaderboard

უსამშობლო არსება

პოლიტიკაზე მაგარ-მაგარი დასკვნების ფრქვევა რომ ყველასგან მოსულა – არახალია. მაგრამ ფაქტებს აცდენილი, მიზანმიმართული, ქვეყნის დამაზიანებელი „ნააზრევის“ საჯარო სივრცეში გამოტანისთვის, ამ ურთულეს, ფეთქებადსაშიშ გეოპოლიტიკურ გარემოში, დროა, კანონის ძალით, პასუხისმგებლობა ავტორსაც და გამავრცელებელსაც მკაცრად მოეთხოვებოდეს. წინასწარ ვაცხადებ, თვალცრემლიან პროტესტს – ოჯახს რა აჭამონო – არ მივიღებ.

არის ასეთი „პოლიტიკური ექსპერტი“, სანდრო თვალჭრელიძე. ადრე ეკონომიკის ექსპერტად რომ გვევლინებოდა, იმ სანდროზეა საუბარი. ნაცმავნებლებზე „სტავკის“ დამდებმა „საქართველოს მეგობრებმა“, ქუჩა-ქუჩა რომ დაიწყეს „ექსპერტების“ ძებნა, ეტყობა, ჩვენ სანდროსაც მაშინ გამოსდეს ხელკავი – „ეკონომიკაზე დაწერილი შენი ნაშრომები ვის რაში აინტერესებს, მიდი, პოლიტიკას მიაწექიო“. „პოლიტიკისა მე რა გამეგება, ამ სფეროსთან ახლოსაც არ ვარ ჩავლილიო“ – ყოველი შემთხვევისთვის გაიოცებდა სანდრო. „ეს სწორედ ის მიმართულებაა, ჩვენო სანდრინო, სადაც ცოდნა ზედმეტი ტვირთიცააო, ანუ შენი ტვინის გამორეცხვაზე დრო არ დაგვეკარგებაო. ჩვენ საქმეში მთავარი კადრებაა და კოჭებში გეტყობა, მაგარი „მერზავეცი“ ვინმე უნდა იყოო“.

ჰოდა, გლობალური ომის პარტიის თბილისის შტაბიდან რიხინ-რიხინით წამოვიდა „ოლიგარქის გავლენებისგან ქვეყნის გადარჩენის“ მესიჯბოქსები. „ის“ კანონი რომ მიგვეღო, ხომ ვიტყოდი, აგენტი სანდრო-მეთქი, მაგრამ ოფიცერი დეგნანის კალთას ამოფარებულს, იძულებული ვარ, ექსპერტად წოდებულ სანდროთი მივმართო.

მაშ ასე, ამ ექსპერტად წოდებულის ბოლო პერიოდის „დასკვნებიდან“ იკვეთება, რომ მისი მესიჯბოქსის ძირითადი თემებია დიდი გლობალური მიზნების ნომერ პირველი მტრის, „ოლიგარქი“ ივანიშვილის და ნომერ მეორე მტრის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის სხვადასხვა ფორმით „მხილება“. (ისე, ჩვენში დარჩეს და… თვალჭრელიძის, ზაქარეიშვილის, დ.ზურაბიშვილის, ხუხაშვილის, ძაბირაძისა და სხვა მათი მსგავსი პოლიტიკური ცვედანების გარდა, „საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედებისთვის“ სხვას რომ ვერავის შეარჩევ, მართლა მაგრად უმუშავია „ქართულ ოცნებას“). 

უვიცობის გამოაშკარავება იოლი საქმეა. რასაკვირველია, ამით დაქირავებულ უცოდინრებს დისკომფორტს ვერ შეუქმნი, რადგან ჯერ შუბლის ძარღვის გაწყვეტა ხდება და მერე დავალებების შესრულება. მაგრამ, მეორე მხრივ, უზნეობის მხილებას ქვეყნისა და მშვიდობის სადარაჯოზე მდგომი დიდი ერთობის მაკონსოლიდირებელი ძალა აქვს.

ინტერვიუში, სადაც ხსენებული „ექსპერტი“ ბატონი ბიძინას პოლიტიკაში დაბრუნებას „აფასებს“, ერთ-ერთი „მომაკვდინებელი დასკვნა“ არის ის, რომ „ოლიგარქი“ – „წინასაარჩევნოდ ფიქრობს, რომ პარტიის ამჟამინდელ თავმჯდომარეს არა აქვს საკმარისი ორგანიზატორული შესაძლებლობებიდა ამაში ნამდვილად არ ცდება. დამეთანხმებით, „ექსპერტულ შეფასებაში“ მთავარი სიტყვებია – „და ამაში ნამდვილად არ ცდება“. 

ქვეყნის მოქმედი კონსტიტუციის ავტორისა და მმართველი პარტიის თავმჯდომარის უდიერად მოხსენიებამ, ამ და სხვა ნაფტალინიდან ამოღებულების მხრიდან, ბოლო დროს, სისტემატური ხასიათი შეიძინა. ქვეყნის პირველი პირების მიმართ ამგვარი დამოკიდებულების არგატარება ყველა უსამშობლოსთვის კუთვნილი ადგილის მიჩენის უმარტივესი საშუალებაა. კონკრეტულ შემთხვევაში, მოწინააღმდეგეთა ბანაკის „აზრის გიგანტებისთვის“ ცივი შხაპის პროცედურას ახლო წარსულში ერთი მოკლე ექსკურსის ფორმა ექნება:

ირაკლი კობახიძე 2015 წელს გახდა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მმართველი. 2016 წლის არჩევნებიდან მოყოლებული, მისი, როგორც საარჩევნო შტაბის უფროსის ხელმძღვანელობით, „ოცნებამ“ მოიგო ხუთი სხვადასხვა დონის არჩევნები, თანაც, ყველა დიდი უპირატესობით. განსაკუთრებით რთული იყო 20-21 წლები, როდესაც გლობალური ომის პარტიამ გამოაცხადა სრული მობილიზაცია არჩევნებზე მიბმული ამბოხის ორგანიზების მიზნით.

ანტისახელისუფლო პროცესს ღიად ხელმძღვანელობდა ორი „მეგობარი“ ელჩი და მასში ჩართული იყო თვით ევროკავშირის პრეზიდენტი, დემოკრატიული სამყაროსთვის მანამდე უცნობი, „ორიგინალური“ ინიციატივებით (43%-იანი ბარიერით ადგილობრივი არჩევნების საპარლამენტო არჩევნების შედეგებთან მიბმა)(?!). ანტიქართული ისტერიის მონაწილეები მათ გარდა გახდნენ: ევროპარლამენტის თითქმის სრული შემადგენლობა, ევროგაერთიანების აღმასრულებელი სტრუქტურის წამყვანი პირები, აშშ-ის სახელმწიფო დეპატამენტის ძირითადი შემადგენლობა, ომში მყოფი უკრაინის (იმხანად გმირებად შერაცხული) ხელისუფლება და სხვა მრავალი.

ერთი მხრივ, „ოპოზიციასთან“, საელჩოებთან, ევროკავშირის წარმომადგენლებთან მთავარი მომლაპარაკებელი და მეორე მხრივ, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ირაკლი კობახიძე გახლდათ. „ისფედის“ პროვოკაციიდან მოყოლებული, ყველა ეტაპი, ჭადრაკის ენაზე რომ ვთქვათ, დებიუტიც და მიტელშპილიც, „ოცნების“ გუნდის მიერ წარმატებით იქნა გავლილი, ხოლო ენდშპილში ჩატარებული ლამაზი კომბინაციით, ე.წ. შარლ მიშელის შეთანხმების ანულირებითა და საარჩევნო პროცესის მაღალ დონეზე წარმმართვით, მოწინააღმდეგე აღმოჩნდა 47%-იანი შამათის მდგომარეობაში.

ისევ ჭადრაკის ენას დავესესხები – ესეც თვალჭრელიძისა და მისნაირებისთვის, ირაკლი კობახიძის „ორგანიზაციულ შესაძლებლობებთან“ დაკავშირებით ორ მოკლე აბზაცში ჩასმული „ძეცკი მატი“(!).

ეჰ, სანდრო, სანდრო… ასეთ მოკლეფეხიანს რომ დააბრეხვებ სამოცდაათ წელს გადაცილებული კაცი… შეიძლება ყველაზე უნამუსო დავალებების შესრულებაზე გქონდეს ხელი მოწერილი, მაგრამ… ვისი შესაძლებლობების შეფასებაც განგიზრახავს, იმის მეასედი ხომ უნდა გქონდეს გაკეთებული იმ საქმეში და იმის მეასედი ცოდნა მაინც ხომ უნდა გიმაგრებდეს ზურგს? 

მკითხველს შეუძლია წინა აბზაცი რომანტიულ გადახვევად ჩამითვალოს. დიდაქტიკა და შეგონებები ჩემი სტილი არ არის. როცა საქმე ქვეყნის ინტერესს ეხება, უფრო „პროზაული“ დასკვნების მომხრე ვარ ხოლმე, მითუმეტეს მაშინ, როცა ასე თვალსაჩინოა ჩემი რისხვის ადრესატის მდაბიური ქვენა ინტერესები – „ექსპერტი“ თვალჭრელიძე ერთი უსამშობლო, სულგაყიდული არსებაა.

 

ბიძინა  დვალი

05.01.2024 წ.

ასევე იხილეთ