top_leaderboard

საიდუმლო ოპერაცია „ბიბლია“

ხვალ 7 იანვარი, ანუ, ჩვენებური შობაა. 

ეგებ უპრიანი იყოს 36 წლის წინანდელი ისტორიის გახსენება, როცა კომუნისტურ საქართველოში რეალურად გაკეთდა საშვილიშვილო საქმე – პატრიარქის სიტყვები რომ მოვიშველიო, პირველად მეოცე საუკუნეში, საქართველოში გადაწყდა (და სულ მალე, განხორციელდა კიდეც) „ბიბლიის“ გამოცემა ქართულ(!) ენაზე. 

გავიმეორებ ადრინდელ ფბ-პუბლიკაციას. განსაკუთრებით იმათთვის, მოკრეტინ-მოჩარკვიანო კლასტერს რომ წარმოადგენენ, ანუ, მედროვეთა სამარცხვინო და უტიფარი კასტას. 

ყველა ნაღდ ჩვენებურს კი გულწრფელად გილოცავთ შობა-ახალი წლის დღესასწაულებს.

იდღეგრძელეთ! გაიხარეთ! 

საიდუმლო ოპერაცია „ბიბლია“

(ციკლიდან „ახლა მე ცეკაში ვარ?“. წერილი მეორე)

ამჯერად კიდევ ერთ ისტორიას გავიხსენებ და, მომავალში, ამ მოგონებებს გავერთიანებ ერთ რუბრიკაში საერთო სათაურით: „ახლა მე ცეკაში ვარ?!“

ამ ფრაზის ავტორი მე არ გახლავართ. მისი ავტორი ერთი ცნობილი მეცნიერი, მრავლისმნახველი მოღვაწე გახლდათ. იგივე „წამოცდა“, რვა წლის შემდეგ სხვა „სტუმარსაც“, სახელმწიფო საგეგმო კომიტეტის წამყვან მოხელეს, როცა „შევაპარე“ მისი სასაუბროდ მოწვევის მიზეზი. მისთვისაც იმდენად მოულოდნელი იყო ის საქმე, რაც შევთავაზე, რომ გაოგნებულს წამოცდა იგივე ფრაზა, რაც რამდენიმე წლით ადრე სხვას. მესამე ისტორიაში კი ეს ფრაზა მე წარმოვთქვი რესპუბლიკის მაშინდელი ხელმძღვანელთან პირისპირ დარჩენილმა…

პირველი ისტორია ბატონ ალექსანდრე ღლონტის სიბრძნესა და რაინდობას ეხება. ეს წერილი უკვე გამოვაქვეყნე).

ახლა, მეორე ისტორია: რა საერთო ჰქონდა კომპარტიის ცეკას… „ბიბლიასთან“?

******************************************

ისე წავიდა ჩემი ცხოვრება, რომ სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ინტრონიზაციის (25.12.1977) შემდეგ მას არცთუ იშვიათად ვსტუმრობდი.

ეს ის პერიოდია, როცა სახელმწიფო და კომპარტიის სტრუქტურების ჩინოსანთა  ოფიციალური (თუნდაც სანქციონირებული) ურთიერთობები ეკლესიასთან არამცთუ წახალისდებოდა, არამედ „საეჭვოც“ კი გახლდათ და, ზოგჯერ, მიწევდა კიდეც „ზემოთ“ თავის მართლება და ახსნა-განმარტების მიცემა სტუმრობის მიზეზებთან დაკავშირებით. განსაკუთრებულ ინტერესს, რა თქმა უნდა, უშიშროება იჩენდა და რელიგიის საქმეთა სახელმწიფო რწმუნებულის აპარატი, პრაქტიკულად სუკ-ს სტრუქტურა გახლდათ. თავად რწმუნებული კი  ერთხანს  უშიშროების სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის ძმა ბრძანდებოდა. მისი მოადგილე კი არცთუ დაბალი წოდების უშიშროების ოფიცერი. ასე ადვილად „საყვედურებს“ ვერ მიბედავდნენ ტელერადიოკომიტეტის თავმჯდომარეს, მაგრამ მომენტს არ უშვებდნენ, რომ სადაც ჯერ არს არ „დაეჩივლათ“ ამ სტუმრობასა და კონტაქტებთან დაკვშირებით ჩემგან მიღებული „ინფორმაციის“ მეტისმეტად სიმწირეზე (ხანდახან, უბრალოდ, უარზეც). მაინცდამაინც სასიამოვნო ეს „ჩაშვებები“, რა თქმა უნდა, არ გახლდათ.

პატრიარქს აინტერესებდა ჩვენს არქივებში დაცული და  ეკლესიასთან დაკავშირებული რადიო-ტელე ჩანაწერები და, რა თქმა უნდა, სიამოვნებით ვაკმაყოფილებდით მის ინტერესსა და სურვილებს. ეს გულწრფელი მონდომება უპასუხოდ არ რჩებოდა და უწმინდესისგანაც ვგრძნობდით სითბოს, უფრო მეტიც, გარკვეულ შინაურულ დამოკიდებულებას.

1986 წლის დასაწყისში ტელერადიოდან ცეკას პროპაგანდის განყოფილების ხელმძღვანელად გადამიყვანეს და, მაშინდელი რეალობების გათვალისწინებით, ჩემს საკურატორო სფეროშიც აღმოჩნდა რელიგიის საკითხები, ანუ, რელიგიის სახელმწიფო რწმუნებული ვალდებული იყო „რაღაც-რაღაცეები“ უშუალოდ ჩემთან შეეთანხმებია. ამას დაუმატეთ ადრეული პირადი კონტაქტები და… უკვე „ვიღაც-ვიღაცეებისთვის“ გასაკვირი არ უნდა ყოფილიყო საპატრიარქოსთან  გახშირებული  სატელეფონო კონტაქტები და არცთუ იშვიათი შეხვედრები ცეკასა თუ საპატრიარქოში.  „პერესტროიკა“ ძალაში შედიოდა და თავისუფალი ფიქრის და მოქმედების არეალი თანდათანობით იზრდებოდა, მათ შორის ეკლესიასთან ურთიერთობაშიც. ობიექტურობისთვის უნდა ისიც აღვნიშნო, რომ ცეკას პირველი მდივანი ჯუმბერ პატიაშვილი ყველაფერ ამას რეალურად აფასებდა და „ხელს არ მიშლიდა“.

ასე დაწვრილებით ამ მომენტს იმიტომ აღვწერ, რომ მკითხველს, განსაკუთრებით ახალთაობას,  არ გაუკვირდეს ის კონკრეტული ფაქტი, რაც დღეს მეტისმეტად გაიოლებულია და რის გამოც ეს მოგონება იწერება…

… პატრიარქმა ცეკაში შეხვედრის სურვილი  გამოთქვა და ჩემი შეთავაზება, რომ მას  თავად ვესტუმრებოდი, უარყო. რა თქმა უნდა დავხვდით ისე, როგორც ერის სულიერ მოძღვარს ეკადრებოდა. ბევრი საჭირბოროტო საკითხი განვიხილეთ. აშკარად კმაყოფილი ჩანს. შეხვედრის ბოლოს კი მეუბნება, რომ არის ერთი პრობლემა, რომლის გადაჭრასაც რეალობიდან გამომდინარე ამ ეტაპზე პერსპექტივა, ალბათ, არ აქვს, მაგრამ… აი, თუ შენ პირადად(!!!) მოინდომებ, შესაძლოა ხმაურის გარეშე გადაწყდესო. დააკონკრეტა: ამ საუკუნეში „ბიბლია“ მშობლიურ ენაზე საქართველოში არ დაბეჭდილა. ჩვენ შვედეთში, „ბიბლიის“ საერთაშორისო ცენტრზე ვართ დამოკიდებული. იმათ თავიანთი გეგმები, მიზნები, შეხედულებები აქვთ და… ერთი სიტყვით, ამ საქმეს მოვლა-პატრონობა ჭირდება და, ეგებ, ითავოთო…

შევთანხმდით: ეს საკითხი არავისთან (არც „ზემოთ“ და არც „ქვემოთ“) არ უნდა დაგვეყენებინა, უხერხულ დღეში ჩავაგდებდით და  ხმაური  მხოლოდ ხელს შეგვიშლიდა.

ორი ძირითადი საკითხი: ტექსტი გამოსაცემად საპატრიარქოს  უნდა მოემზადებინა, ხოლო ქაღალდის (ანუ მთავარი პრობლემის გადაჭრა), გამომცემლობის და სტამბის საკითხები ჩემი „სატკივარი“ უნდა ყოფილიყო. პატრიარქმა სურვილი გამოთქვა, რომ გამოცემის ფორმატი(!!!) ყოფილიყო უნიკალური(!!!), ანუ აქამდე, საუკუნეების მანძილზე „გამოცემული წიგნებიდან“ განსხვავებული ფორმისა და სიდიდის…

ახლა მცირეოდენი გადახვევა: ახალთაობისთვის ცოტა გაუგებარი შეიძლება აღმოჩნდეს ამ „სიძნელეებზე“ საუბარი. უბრალოდ, შევახსენებ მას, რომ საუბარია 35 წლის წინანდელ ვითარებაზე, სსრ კავშირის შემადგენლობაში საქართველოს ყოფნის ეპოქაზე, კომუნისტური პარტიის მმართველობაზე, პარტიულ და სახელმწიფო დისციპლინაზე,  გეგმიურ რესურსებზე. მით უმეტეს, საგამომცემლო-პოლიგრაფიული ქაღალდი სტრატეგიულ პროდუქტად ითვლებოდა და მისი განაწილება და ხარჯვა უმკაცრეს კონტროლს ექვემდებარებოდა. არა მარტო პარტიული ორგანოების მხრიდან, არამედ უშიშროების სტრუქტურებიდანაც.

სახელმწიფო საგეგმო კომიტეტს (რომელიც იღებდა და ანაწილებდა სახალხო მეურნეობისთვის საჭირო ყველა, მათ შორის ქაღალდის რესურსს) ერთი „გრამის“ გაცემის უფლება არ ქონდა ცეკას ნებართვის გარეშე, ცეკაში კი ამ სფეროზე პერსონალურად პასუხს აგებდა პროპაგანდის განყოფილების გამგე.

…საგეგმო კომიტეტში ქაღალდის რესურსის პრობლემატიკას ვინც განაგებდა, იმ მოხელესთან სისტემატური კავშირი ქონდა ჩვენს განყოფილებას. იცვლებოდნენ ცეკას მდივნები, განყოფილების გამგეები, მაგრამ არ იცვლებოდა სწორედ ის მოხელე – საგეგმო კომიტეტის წამყვანი სპეციალისტი, რომელიც ამ საქმეს ათეული წლები განაგებდა და არა მარტო საქართველოში, მთელი საბჭოთა კავშირის ქაღალდის მრეწველობის ობიექტებთან, მათ ხელმძღვანელებთან ქონდა უმჭიდროესი კავშირი, ბევრთან მეგობრობდა და… სწორედ ეს კაცი მოვიწვიეთ სასაუბროდ. ეს ვიზიტი მისთვის ჩვეულებრივი მოვლენა გახლდათ, რამეთუ კვარტალში ერთხელ ისედაც გვიწევდა კორექტირება, რესურსების ოპერატული „გადაადგილება“… ის მომზადებული მოვიდა და ყველა ჩემს შეკითხვაზე პასუხი არგუმენტებით, ციფრებით, რეალობის და პერსპექტივის „დახატვით“ შემომაგება.  აშკარაა, საქმისა და ვითარების ღრმად მცოდნე პროფესიონალია, წვრილმანებშიაც კი ფლობს ინფორმაციას და რეალობას.

არც ჩვენ დავხვდით მოუმზადებელი. პატრიარქის სურვილისა და მოსაზრებების გათვალისწინებით დაანგარიშებული გვაქვს გამოცემის ხარჯები, რესურსი და… 5 ტონა ქაღალდი გვჭირდება რომ იმ ფორმატით გამოვცეთ ერთი-ორი ათასი ეგზემპლარი.

ნელ-ნელა ვუახლოვდები ძირითად, ანუ „უხერხულ“ თემას. ვეუბნები, რომ 5 ტონა თეთრი, საგამომცემლო, მაღალხარისხოვანი ქაღალდი მჭირდება. თანაც აქცენტს ვაკეთებ არა კოლექტიურ „გვჭირდებაზე“, არამედ პერსონალურ „მჭირდებაზე“. მიპასუხა: თქვენ ხელში არ არისო ამ რესურსის განაწილება-მოხმარების გასაღებიო? მითხარით ვის ჩამოვაჭრათ, ვის დავუმატოთ და…

მეცინება. არა, ეგრე არ მინდა-მეთქი. 5 ტონა ისე უნდა მიშოვო, რომ არავის არაფერი ჩამოვაჭრათ და… არც არავინ უნდა გაიგოს, სად და რატომ წავიდა ეს ქაღალდი!

ვერ მიხვდა. ერთი რამ კარგად იცის, სადმე რომ ერთი ტონა „ლევად“ წავიდეს  და გავიგოთ, უმკაცრეს პასუხს მოსთხოვს სწორედ ცეკა, სწორედ ჩვენი განყოფილება და… ახლა, სწორედ ამ ცეკაში, სწორედ კურატორი ეუბნება, რომ 5 ტონა ქაღალდი „ლევად“ უნდა იშოვოს და…

ორივე ვდუმვართ. ერთმანეთს შევცქერით. ის ცოტა გაოგნებული, მე ეშმაკური ღიმილით. ის იმაზე ფიქრობს, რა ხდება, რაში სჭირდება ცეკას ეს „საიდუმლო თამაში“, თანაც ხვდება, რომ უარი არ უნდა მითხრას, ხვალინდელ დღეზეც ფიქრობს… მე კი ჩემს თავს ვეჭიდავები, გავენდო თუ არა…

რაც არის, არის, უნდა გამოვუტყდე: ეს ქაღალდი ისე „შეუმჩნევლად“ უნდა გამოიყოს, მამაზეციერმა ვერ აღმოაჩინოს მისი კვალი. და თუ „საიდუმლო“ გასკდება, მე შენ მარტო არ დაგტოვებ და ყველაფერს საკუთარ თავზე ავიღებ-თქო… მოვუყევი პატრიარქის ვიზიტზე და გავენდე, რომ ამ რესურსით ამ საუკუნეში პირველად „ბიბლია“ უნდა დავბეჭდოთ ქართულად-მეთქი. ამის შესახებ არც შენმა უფროსებმა უნდა იცოდნენ რამე, ისევე, როგორც არც აქ მინდა ვინმე უხერხულ დღეში ჩავაყენო-თქო.

გაოცებული მიცქერს. არ არის ახალგაზრდა, 50-ს გადაცილებული, გამოცდილი, ცხოვრებაგამოვლილ კაცია. უკვე ყველაფერს მიხვდა. მითხრა, ორი დღე მაცალეთ, რაღაცებს „მოვტვინავ“, პარტნიორ ქარხნებთან გადავრეკავ და…

კარებამდე მივაცილე, ხელი მაგრად ჩამოვართვი და ღიმილით, გულწრფელი კმაყოფილებით ვეუბნები: ახლა ორივე „შეთქმულთა ბანაკში“ ვართ-თქო… მიპასუხა:  ოც წელზე მეტია ამ საქმეს ვემსახურები, ამ ხნის მანძილზე ბევრი ხელმძღვანელი გამოვიცვალე, მაგრამ არ მეგონა, თუ ასეთ საქმეზე მომიწევდა აქ საუბარი… ღიმილით დაასრულა: ჰოდა, გამარკვიეთ, ახლა, მე ხომ ნამდვილად ცეკაში ვარ?!

ორივეს გულიანად გაგვეცინა, დავამშვიდე: ცეკაში კი ხარ, ოღონდ ეს ის ცეკა აღარ არის, შენ რომ დიდი ხნის  წინათ დადიოდი. სხვა დრო დადგა, სხვა თაობები მოვიდნენ-თქო, სხვა მენტალიტეტით, გაბედულებით…

… ორი დღის შემდეგ ზარი საგეგმო კომიტეტიდან: ხუთი ტონა ქაღალდის პრობლემა აღარ იდარდოთ, თვის ბოლოს რა მისამართზეც მეტყვით, იქ გადაიტვირთებაო…

გახარებული ვურეკავ  პატრიარქს, მოვუყევი, ვინ და როგორ გადაწყვიტა პრობლემა და… ხომ არ შეიძლება, შევხვდე და პირადად გადავუხადო მადლობაო… პირობა მივეცი, რომ ამ ვიზიტს რაღაც ფორმით მოვაგვარებდი…

გადის დაახლოებით ორი კვირა და ისევ ზარი საგეგმო კომიტეტიდან – „შეთქმულების“ მეორე მონაწილე შეხვედრას მთხოვს. მოვიდა. თვალები ეშმაკურად უბრწყინავს: 25 ტონა ქაღალდი ვიშოვე და უკვე შეგიძლიათ სერიოზულ ტირაჟზე იფიქროთო. გადავეხვიე. ვეცი ტელეფონს, მინდა, პატრიარქი გავახარო, იქიდან გასაოცარი რეაქცია: ბიჭო, რაიმე უსიამოვნებას არ გადაეყარო შენ და ეგ ღვთისნიერი კაციო…

ამ ღვთისნიერმა კაცმა კი გამომშვიდობებისას ისეთი რამ მითხრა, რომ სწორედ  მის საპასუხოდ დაიწერა ეს მოგონება: „ჩემს ცხოვრებაში არ დაგივიწყებთ იმ მადლს, თქვენ რომ ამ დიდებულ საქმის მონაწილე გამხადეთო“. არც მე მავიწყდება მისი როლი, მისი გაბედულება, მისი უანგარობა, მისი რაინდობა…

საპატრიარქოს მაშინ გამოცემის უფლება არ ქონდა. ბეჭდვითი სიტყვის და გამომცემლობების სახელმწიფო კომიტეტს შევუთანხმდი, რომ „ბიბლიას“ როგორც სასწავლო ლიტერატურას, გამომცემლობა „განათლება“ დასტამბავდა და ის 25+5 ტონა ქაღალდი საპატრიარქოს სახელით მას გადაეცემოდა. არც ეს გადაწყვეტილება იყო ადვილად მისაღები, იმიტომ რომ ამ სტრუქტურაშიც ზოგიერთი ხელმძღვანელი (მათ შორის პირადად ჩემი პროტეჟეც კი) თავის სკამს ნამეტნავად უფრთხილდებოდა, უყვარდა სირბილი მაშინდელ სუს-ში და  მისთვის და ზოგიერთი მისი „კოლეგისთვის“ „ხელების გადაგრეხვის“ მეთოდი რომ არ გამოგვეყენებია, სერიოზულ უსიამოვნებას წავაწყდებოდით.

ყველაფერი ეს  ხდება 1987 წლის ივნისში.

ერთ თვეში ცეკადან მეც გადამიყვანეს გაზეთ „კომუნისტის“ რედაქტორად და მისვლისთანვე რაც გავაკეთე, ამ გაზეთის ისტორიაში პირველად დავბეჭდე დიდი ინტერვიუ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან. კომპარტიის ორგანოში პატრიარქის ინტერვიუ ბომბივით აფეთქდა და… პირველად სწორედ იმ დროს გაჟღერდა ახალი „ბიბლიის“ დასტამბვის იდეა-სურვილი.

„ბიბლიის“ ტექსტზე მუშაობას საპატრიარქო აგრძელებდა. საქმის კურსში ვიყავი. მაშინაც და შემდგომშიც, როცა ცეკას მდივნად ამირჩიეს და როცა კიდევ უფრო მჭიდრო გახდა საპატრიარქოსთან, პირადად უწმინდესთან თანამშრომლობა. თხოვნებმა იმატა, ურთიერთვიზიტებმაც და, გულწრფელად უნდა ვთქვა, რომ ჩვენი მხრიდანაც მხარდაჭერას წინ არაფერი ედგა. ზემოთაც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ: ამ მხრივ ჯუმბერ პატიაშვილთან სასაყვედურო არაფერი მაქვს.

9 აპრილის მოვლენებმა ქვეყნად ვითარება შეცვალა. ყოველნაირად. დაიწყო დოღი: „ვიღაც-ვიღაცეები“ ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ლანძღვა-გინებაში, თავიანთი ცოდვების ყოფილ ხელმძღვანელებზე გადაბრალებაში. ამ „შეჯიბრის“ მიღმა ვერც „ბიბლიის“ გამოცემის საქმე დარჩა. სახელმწიფო კომიტეტმა მოგვიანებით გააფორმა თითქმის ბოლომდე მიყვანილი საქმე. უფრო მეტი: გაზეთებში გამოქვეყნდა ერთი-ორი პასკვილი, თუ როგორ უშლიდა თურმე ხელს „მაშინდელი“ ცეკა და მისი „ზოგიერთი ბოსი“ წმინდა წიგნის გამოცემას. და ამ პასკვილების ავტორები სწორედ ისინი ყვნენ, ვისაც „მუშტით“ ვაიძულებდი ამ საქმის ბოლომდე მიყვანას, ვინც უშიშროებაში დაწერა „დანოსი“ იმის თაობაზე თუ როგორ ვღალატობდი პარტიულ კურსს ეკლესიასთან ურთიერთობისას. ამ ხალხმა ცუდად დაამთავრა, ანუ, ლოგიკურად!

იმ ჩვენი „შეთქმულების“ პროდუქტი კი მალე გამოვიდა და დღეს ბევრ ოჯახში ნახავთ დიდი ფორმატით დასტამბულ „ბიბლიას“.

… ამ რამდენიმე ხნის წინ საპატრიარქოში ქვეყნის პირველ პირთა მონაწილეობით დიდი ზარ-ზეიმით მოეწყო „ბიბლიის“ განახლებული გამოცემის პრეზენტაცია. იყო ტაში, იყო მილოცვები, იყო ქება…

და კაცს არ გახსენებია, რომ ეს ახალი გამოცემა პრაქტიკულად ასლია იმ „ჩვენი“ ნაოფლარი გამოცემისა. არადა, ამ ახალი გამოცემის ბოლო გვერდზე(!!!), შავით თეთრზე წერია სწორედ ის ძველი თარიღი: „ხელმოწერილია დასაბეჭდად 6.06.89“. არც ის ადამიანები გახსენებიათ, (არამცთუ მადლიერებით, მიწვევითაც არ მიუწვევიათ), ვინც იმ დროს გარისკა, თავი არ დაზოგა, ყველაფერი იღონა ამ ისტორიული და საშვილიშვილო საქმის დასაგვირგვინებლად. არადა, საპატრიარქოში ისევ ის ხალხი განაგებს „რაღაც-რაღაცეებს“, ვინც  ახლა მაინც მშვენივრად იცის ისტორია.

უმადურობით დღეს საქართველოში ვერავის გააკვირვებ. აი, რაინდების, პატრიოტების, მოქალაქეების მოფერებით – კი!

ჰოდა, სწორედ ამ გულწრფელ და ფაქიზ მიზანს ემსახურება ამ მოგონების გამოქვეყნება, რომლითაც პირადად მე ვალი მოვიხადე ერთი ჭეშმარიტი მამულიშვილის, მართლა ნაღდი კაცის წინაშე, მისი კეთილი და პატრიოტული საქმისა გამო. მიუხედავად იმისა, რომ მისი კვალი დავკარგე, გვარ-სახელიც გამებნა,  დღემდე მადლიერი ვარ მისი.

ვეძებდი კი, და ამ მონდომებამ სასურველი შედეგიც გამოიღო:  თურმე საერთო მეგობრებიც გვყოლია და მათი მეშვეობით მგონი მივაგენი კიდეც:  ბონდო  ხობელავა!

კიდევ ერთხელ  საჯარო და გულწრფელი მადლობა, „შეთქმულების“ მონაწილე მეგობარს!

დაე,  იამაყოს მან და მისმა ოჯახმა,  შთამომავლობამ, სამეგობრომ მისი რაინდობით!

ასევე იხილეთ