“ამ ხალხს ეს ძალაუფლება და არჩევნები არ სჭირდება ქართველი ხალხისთვის, არც ძალაუფლებისთვის, სინამდვილეში, მათი მიზანი არის ის, რომ სხვებს მიატაცებინონ ქართული სახელმწიფო”, – ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტების კითხვას.
შალვა პაპუაშვილს ჰკითხეს, რამდენად დამაზიანებელია სახელმწიფოსთვის ამ ტიპის განცხადებები, როდესაც ვრცელდება ინფორმაცია, რომ ევროკავშირმა შეიძლება საქართველოს უვიზო მიმოსვლა არჩევნებამდე შეუჩეროს, რასაც ოპოზიციონერი ბუკა პეტრიაშვილიც იზიარებს.
„საქმე გვაქვს ხალხთან, რომლებიც ქვეყანას მტრობენ. ვიზის შეჩერება კი არა, ბომბების წვა და ცეცხლი ურჩევნია სხვა გადაწყვეტილებებს. ასეთი ტიპის ხალხთან გვაქვს საქმე. ისინი მოწყვეტილები არიან საერთოდ საკუთარი ქვეყნის ინტერესებს და მოქმედებენ სხვა ქვეყნის ინტერესებით. არათუ ვიზის შეჩერება, ეს იმ ფილოსოფიის ხალხია, რომ როდესაც ვიზალიბერალიზაციის შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიღებულიყო, დადიოდნენ ბრიუსელში კაბინეტ კაბინეტ, რომ როგორმე ჩვენთვის ვიზალიბერალიზაცია არ მოეცათ. დადიოდნენ ასევე ბრიუსელში იმისთვის, რომ დაერწმუნებინათ, კანდიდატის სტატუსიც არ მოეცათ ჩვენთვის 2022 წელს. როდესაც 2023 წლის დეკემბერში გამოჩნდა იმის კონტურები, რომ კანდიდატის სტატუსი უნდა მოენიჭებინათ, მაშინაც გახურებული კამპანია ჰქონდათ როგორც ოპოზიციას, ისე „ენჯეოებს“, რომ ჩვენთვის კანდიდატის სტატუსი არ მოეცათ. როცა მოგვცეს, შემდეგ კამპანია დაიწყეს, რომ ჩამოგვართვან კანდიდატის სტატუსი და ა.შ. ეს ხალხი არიან ჩვეულებრივი მავნებლები, რომლებსაც აქვთ ერთადერთი მიზანი, რომ მოვიდნენ ხელისუფლებაში, ოღონდ არ თავისთვის, ან ხალხისთვის, არამედ გარე ძალებისთვის. ეს არის მთავარი საკითხი, რომ ამ ხალხს ეს ძალაუფლება და არჩევნები არ სჭირდება ქართველი ხალხისთვის, არც ძალაუფლებისთვის, სინამდვილეში, მათი მიზანი არის ის, რომ სხვებს მიატაცებინონ ქართული სახელმწიფო. ამიტომ არის, რომ ისინი სინამდვილეში საარჩევნო კამპანიას ეწევიან უცხო ძალებისთვის“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.