top_leaderboard

ვასილ მაღლაფერიძე: პრორუსი რა არის? ეს არის ხალხის მტერი. პრობლემები რომ გაქვს, მიდის მტრის ძიება – ასე ქნა ჰიტლერმა, მტერს ეძებდა და მერე იპოვა ხალხი, ამათი ბრალიაო. ასე იპოვეს ბოლშევიკებმა…

„ჩვენ ერთ პაწაწინა გემზე ვართ, სამ-ნახევარი მილიონი ადამიანი, გარშემო აისბერგებია და ჩვენ შიგნით ერთი ნაწილი დარწმუნებულია, რომ მეორე ნაწილი მოწოდებული ვართ, ეს გემი გავხვრიტოთ და დანარჩენებს თეთრ ვეშაპთან ბრძოლის საშუალება არ მივცეთ“, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, ვასილ მაღლაფერიძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

 

„ერთია, როცა ადამიანი ცუდად იქცევა და მეორეა, როცა შენ, მედია ამას აქეზებ. მედია ამას არ უნდა აკეთებდეს. იცით, კონკრეტული ადამიანები როგორ არიან? დილით რომ იღვიძებენ, ბოღმით იღვიძებენ და ამბობენ, მე მინდა, შენ იყო ცუდი ადამიანი. უნდა, რომ ცუდი ადამიანი იყოს, ხალხის მტერი და მაშინ, თვითონ იქნება სწორი. ბიძინა ნომერ პირველი მტერია ხალხის, რომელმაც წყლები უნდა მოწამლოს, ან ჩვენ, ვინც ხალხის მტრები ვართ, მისი დავალებით ვენახს ვჭრით და ასეთ რაღაცებს ვაკეთებთ. ამას ამბობენ და ამის სჯერათ ვიღაც ადამიანებს. არიან ადამიანები, რომლებიც ამას ანგარიშით აკეთებენ, ჭადრაკს თამაშობენ და დანარჩენებს იყენებენ, როგორც ფიგურებს. მე ხომ ნამდვილად ვიცი, რომ წყალს არ ვწამლავ და ისიც ნამდვილად ვიცი, ბიძინაც რომ არ წამლავს ამ წყალს?! ჰოდა, ეს უნდა ვამტკიცო ახლა, რომ წყალს არ ვწამლავთ? მათი სტრატეგიის მიხედვით, რადგან ვიღაც ხალხის მტერია, ის უნდა იყოს დემონი და ძალიან ცუდი საქმეები უნდა აკეთოს, ბიძინა კი ცუდად იქცევა, რადგან კარგ საქმეებს აკეთებს ხოლმე ხშირად და ეს ანგრევს სტერეოტიპს. ადამიანი სუსტი არსებაა და მისი სქემა ინგრევა, იმიტომ, რომ მან ეს არ უნდა გააკეთოს. კარგი იქნებოდა, ის პალიმფსესტი დაეწვა. ჩვენ ეს მოცემულობა გვაქვს და ამ მდგომარეობიდან უნდა გამოვიდეთ“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ, რითაც უპასუხა კითხვას, რატომ ვერ თანხმდება საზოგადოება იმ ღირებულ და მნიშვნელოვან შენაძენზეც კი, როგორიცაა კრისტის აუქციონზე ბიძინა ივანიშვილის მიერ შეძენილი პალიმფსესტი, იოანე ზოსიმეს მიერ შესრულებული უძველესი ხელნაწერი, რომელიც სულ მალე საქართველოში ეროვნულ მუზეუმს გადაეცემა და რამ გამოიწვია ამ ეროვნული საგანძურის ირგვლივ პოლიტიზებული აჟიოტაჟი.

მისი თქმით, ბოლო დროს, ხშირია პრორუსის იარლიყის მიწებების ფაქტები, რაც საკრალურ ტერმინად იქცა.

„პრორუსი რა არის? ეს არის ხალხის მტერი. პრობლემები რომ გაქვს, მიდის მტრის ძიება. ასე ქნა ჰიტლერმა, მტერს ეძებდა და მერე იპოვა ხალხი, ამათი ბრალიაო. ასე იპოვეს ბოლშევიკებმა და ხალხს უთხრეს, თქვენ რომ პრობლემები გაქვთ, ამათი ბრალიაო. ახლაც რაღაც პრობლემებია, მტერს ეძებენ და იძახიან, ამათი ბრალიაო, იმ ადამიანების, რომლებიც რაღაც კითხვებს ვსვამთ და რაღაცას ვსაუბრობთ. ეს ვინც მოიფიქრა, ასე დაალაგა, მოდი, ახლა ამათ საერთოდ გამოვთიშავთ და დავარქმევთ პრორუსებსო. თან, დოსტოევსკი და ტოლსტოი გიყვარსო, ამას კი არ გეუბნება, გეუბნება, რომ ოკუპანტთან თანამშრომლობ და ამას პირდაპირ თვალებში გეუბნება. აბსურდი იქამდეა მისული, რომ პრორუსებს უწოდებენ იმ ადამიანებს, რომლებიც რუსეთის წინაღმდეგ ომებში იბრძოდნენ და დაჭრილიც იყვნენ. ის ადამიანები, რომლებიც ამ დროს ჩირგვებში ისხდნენ და იცოდნენ, ამ ამბავს როგორ უნდა გარიდებოდნენ, ამბობენ, ეგ არაფერი არ არისო“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.

ასევე იხილეთ