top_leaderboard

რატომ არის ჩია ორგანიზმისთვის სასარგებლო?

ჩიას თესლს მაიასა და აცტეკების ოქროსაც უწოდებენ, რადგან ის მათი მთავარი საკვები იყო, თანაც იმდენად ფასეული, რომ გადახდის საშუალებადაც კი იყენებდნენ.

ჩიაში შემავალი ნახშირწყლების დაშლა ორგანიზმში ნელ-ნელა ხდება, რაც ხელს უწყობს დიდი ხნის განმავლობაში ნაყროვანების შეგრძნებას.

ჩიაში შემავალი ამ მინერალებისა და ვიტამინების (B ჯგუფის ვიტამინების) წყალობით, ის უზრუნველყოფს ტვინისა და ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას, ხელს უწყობენ სისხლის წითელი უჯრედების რეგენერაციას.

ჩიას თესლის ხანგრძლივი მიღება აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, აძლიერებს გულის კუნთს, დაბლა სწევს არტერიულ წნევას, აქვეითებს სისხლში ცუდი ქოლესტერინის დონეს და ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენციას. დადებითად მოქმედებს გულძმარვისა და უძილობის დროს. აჯანსაღებს თმასა და ფრჩხილებს. ენერგიის კარგი წყაროა.

ცნობილია, რომ ომეგა-3 და ომეგა-6 უზრუნველყოფს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ნორმალურ მუშაობას, იცავს სისხლძარღვებს, აქვეითებს ცუდი ქოლესტერინის დონეს, ფუნქციობაში ეხმარება ტვინს და ამცირებს დეპრესიისკენ მიდრეკილებას. ომეგა-3-ისა და ომეგა-6-ის დღიური ნორმის მისაღებად საკმარისია 7 გრამი ჩიას თესლი.

ჩიას თესლი მდიდარია ძვირფასი ცილებითაც, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია სხეულის ნორმალური ზრდა-განვითარებისთვის. ამ ცილებიდან ორგანიზმი იღებს საჭირო ამინომჟავებს, რომელთა წარმოქმნა თავად არ შეუძლია. ცილები კუნთოვანი ქსოვილის საშენი მასალაა და განსაკუთრებით საჭიროა დიდი ფიზიკური დატვირთვის დროს.

ჩიას თესლში შემავალი უჯრედისი დიდ როლს ასრულებს საჭმლის მონელებაში, არეგულირებს, ამიტომ დიდად სასარგებლოა ყაბზობის დროს.

ჩიას თესლში თავმოყრილია ორგანოთა ნორმალური ფუნქციობისთვის საჭირო მინერალები: სპილენძი, რკინა, მანგანუმი, მაგნიუმი, კალციუმი.

ჩიას თესლი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ვიტამინების უმრავლესობას შეიცავს. A ვიტამინი აუცილებელია თვალებისა და იმუნური სისტემისთვის, B ჯგუფისა – ნივთიერებათა ცვლისა და ნერვული სისტემისთვის, კანისა და თმისთვის, C აძლიერებს იმუნურ სისტემას და აქვს ანთების საწინააღმდეგო თვისება, E იმუნურ სისტემასთან ერთად, ძალიან სჭირდება სისხლძარღვებსა და კუნთოვან ქსოვილს.

როგორ მივიღოთ ჩია

ჩიას თესლი უნდა ჩაალბოთ. აუცილებელი არ არის, რომ მდუღარე წყალი დაასხათ. ასევე, შეგიძლიათ დაალბოთ ის მაწონში, რძეში, იოგურტში, შეურიოთ საკვებს, ხილის წვენებს, ასევე, დიდი მოცულობის ჭიქაში მომზადებულ ჩვეულებრივ ჩაის 1 კოვზი ჩიას თესლი დაუმატოთ.

ჩალბობიდან 30-40 წუთში ის გელისმაგვარი ხდება, თუმცა მიღება უკვე 10 წუთშიც შეიძლება.

შეგიძლიათ, ჩიას თესლი კარგად დაღეჭოთ და ისე მიიღოთ, ოღონდ აუცილებლად დააყოლეთ საკმარისი რაოდენობით წყალი.

რამდენი ჩია შეიძლება მივიღოთ? ამასთან დაკავშირებით სხვადასხვა მოსაზრება არსებობს – ერთი ჩაის კოვზიდან დაწყებული ოთხი (და ზოგან ექვსიც) სუფრის კოვზით დამთავრებული. ამიტომ უმჯობესი იქნება, თუ მიღებას 1 ჩაის კოვზით დაიწყებთ და შემდეგ ოპტიმალურ ვარიანტზე – 2-4 ჩაის კოვზზე შეჩერდებით.

ჩია შეგიძლიათ, შეურიოთ სხვადასხვა კერძში, მისგან მოამზადოთ ფაფები და სხვა.

ჩიას მიღება არ შეიძლება ინდივიდუალური აუტანლობის, კუჭ-ნაწლავის დაავადებების გამწვავებისას, დაბალი არტერიული წნევის, ორსულობისა და ძუძუთი კვების, კბილების მკურნალობის, ალერგიის, დიარეის, მოწამვლის, თირკმელებისა და ღვიძლის დაავადებების დროს.

ბავშვებისთვის ჩიას თესლი რეკომენდებულია სამი წლიდან.

ასევე იხილეთ