top_leaderboard

საქართველო-ლუქსემბურგის მატჩს ესპანელები იმსაჯებენ

საქართველოს ნაკრების ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მატჩს, ევრო 2024-ის პლეი ოფის ნახევარფინალში, ლუქსემბურგის წინააღმდეგ, ესპანელ მსაჯთა ბრიგადა იმსაჯებს.

როგორც უეფას ვებგვერდი იტყობინება, მთავარი არბიტრი ესპანელი ხოსე მარია სანჩესი იქნება. გვერდითი მსაჯის ფუნქციებს რაულ კაბანიერო და ინიგო პრიეტო შეასრულებენ, ხოლო მე-4 მსაჯი ხესუს ხილ მანსანო იქნება.

გარდა ამისა, გაირკვა, რომ VAR-ის ოთახში ხუან მარტინეს მუნუერა და ალეხანდრო ერნანდესი იმუშავებენ.

40 წლის სანჩესი ძალიან გამოცდილი არბიტრია, რომელმაც ბოლოს, 18 მარტს, მადრიდის ატლეტიკოს და ბარსელონას შეხვედრა იმსაჯა, რომელშიც 4 ყვითელი და 1 წითელი ბარათი უჩვენა ფეხბურთელებს. უახლოეს პერიოდში მან ასევე იმსაჯა სპარტა-ლივერპული, სელტა-ალმერია, ბილბაო-ჟირონა, კოპენჰაგენი-მანჩესტერ სიტი, რეალი-ატლეტიკო და ბილბაო-ბარსელონა.

საქართველოს ნაკრების მატჩზე მუშაობა სანჩესს პირველად მოუწევს. ბოლო სანაკრებო შეხვედრა კი, გასული წლის 16 ოქტომბერს განსაჯა, სწორედ ლუქსემბურგის მონაწილეობით სლოვაკეთის წინააღმდეგ. ეს შეხვედრა სლოვაკებმა 1:0 მოიგეს.

საქართველოსა და ლუქსემბურგის ნაკრებთა მატჩი 21 მარტს, “დინამო არენაზე” გაიმართება. გამარჯვების შემთხვევაში ვილი სანიოლის გუნდი ფინალში გავა, სადაც 26 მარტს, ისევ თბილისში, მეორე ნახევარფინალურ წყვილში, საბერძნეთსა და ყაზახეთს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შემთხვევაში, საქართველოს ნაკრები F ჯგუფში ითამაშებს, სადაც მისი მეტოქეები თურქეთის, პორტუგალიის და ჩეხეთის ნაკრებები იქნებიან. ევრო 2024 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით გერმანიაში გაიმართება.

 

ასევე იხილეთ