logo_geo
eng_logo
მაია ბათიაშვილი: 2007 წლის 7 ნოემბრის დილა... არასდროს დამავიწყდება! არასოდეს!
- +

7 ნოემბერი. 2019. 12:34

 

ირაკლი ბათიაშვილის მეუღლე მაია ბათიაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„2007 წლის 7 ნოემბრის დილა. რუსთაველზე გავიგეთ, რომ გოგა ხაინდრავა დაიჭირეს. მე და ნანა კაკაბაძე სასამართლოში გავვარდით. ამასობაში რუსთაველზე ხალხი დაარბიეს. სასწრაფოდ წამოვედით რუსთაველზე, იქიდან რიყეზე. ფარებზე საშინელი კეტების ბრახუნით გვიახლოვდებოდნენ. წინ ჭავლის მანქანა მოუძღოდათ. ხალხი სამებისკენ გაიქცა. მონუსხული ვუყურებდი სცენიდან ამ საშინელებას და ირინას ვეძებდი, მეგობრებთან ერთად იყო. ვერც კი მივხვდი, როგორ აღმოვჩნდი მარტო სპეცრაზმების წინ, არაადამიანური ღრიალი და ფარების რახარუხი... წყლის ჭავლი სახეზე, საშინლად გავბრაზდი. მათკენ დავიძარი. პირისპირ აღმოვჩნდი. „როგორ ბედავთ!“ - მახსოვს, როგორ მივახალე. ერთმა კეტი ასწია. უცბად გავიგონე: ირაკლი ბათიაშვილის ცოლია. ბათიაშვილის ცოლია. მომკიდეს ხელი და კედლისკენ გამიყვანეს. მობილური გამწარებით რეკავს. გოგონას ხმაა. „მაია, მაია, რას აკეთებ?!“ ზემოდან მიყურებდნენ. „ირინა ჩვენთან ერთად არის. სამებისკენ წაიყვანეს ბავშვებმა“. ცოტა დავმშვიდდი. ნინო იყო, რუხაძე. ცოტათი დავმშვიდდი. სამებისკენ წავედი. ბარათაშვილის ხიდთან სპეცრაზმი გამხეცებით ურტყამდა საცოდავს. ტვინი გადამეკეტა და აღარ მახსოვს, რას ვეუბნებოდი: „თქვენ მკვლელები ხართ!“ „თქვე ბანდიტებო!“ ვიღაცეები მომვარდნენ. გაჩერდი, გაჩერდი, ბაჩო დგას ათ ნაბიჯშიო. „მერე მოვიდეს და პასუხი გამცეს! მე, მაია ბათიაშვილს, პასუხი გამცეს, რატომ ხოცავენ ქართველებს! გაიხადოს ფორმა, იქ დადგეს, სადაც ხალხია! როგორ ბედავენ ეს არაადამიანები!“ არ ვცხრებოდი. ზონდერებს ერთი „ვერზილა“ გამოეყო, მაგრამ გააჩერეს. ბაჩო ახალაია ათ ნაბიჯში იდგა, მაგრამ ხმა არ ამოუღია... იმ საწყალს თავი დაანებეს. საშინლად ნაცემი იყო. გაგიჟებული ამ ყველაფრით სამების ასასვლელთან აღმოვჩნდი. აქაც ზონდერების არმია. ორი ბერი შუა გზაზე იდგა და აწყნარებდნენ სამების ასასვლელთან დარჩენილ წყობიდან გამოსულ რამდენიმე ახალგაზრდას. ისინი ქვემოთ ლამობდნენ ჩამოსვლას. ქვემოთ მღვდელი ზონდერებს ეხვეწებოდა, რომ დამშვიდებულიყვნენ. მახსოვს, თვალცრემლიანი ვეხვეწებოდი ბავშვებს, ზემოთ აბრუნდით, არც ერთს დაგინდობენ. როგორც იქნა, დაგვიჯერეს. საღამოს გავიგეთ, რომ „იმედთან“ იკრიბებოდნენ. ჯაბა და ლევანი ვერ გავაჩერე. სადარბაზომდე მოგვდევდნენ ზონდერები კეტებით. ირაკლი - ციხეში „სამშობლოს ღალატის“ - დახვრეტის მუხლით. კომენდანტის ჯოჯოხეთური დღეები. ჯაბა ჯიშკარიანი, ლევან გოგიჩაიშვილი, დათო დალაქიშვილი ჩემთან სახლში დავმალე, რომ არ დაეჭირათ ბავშვები. მითვლიან: შემოსვლას აპირებენ ჩემთან ძალოვნები. ვუთვლი: კარს არ გავაღებ, ყველა ელჩს, ყველა ჟურნალისტს, „BBC“-ს, „CNN“-ს გავაგებინებ, პირდაპირ ხაზზე ვიქნები, შემომიმტვრიონ მაშინ! - არასდროს დამავიწყდება! არასოდეს!“ - წერს ბათიაშვილი.

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner