logo_geo
eng_logo
ირინა ბათიაშვილი: შეიძლება სკოლის ისტორიის წიგნებში ბავშვებს არ ასწავლიდნენ, რას ნიშნავს გმირობა და პატრიოტიზმი?
- +

15 ოქტომბერი. 2020. 12:27

 

 

საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის წევრის, ფილოსოფოს ირაკლი ბათიაშვილის შვილი ირინა ბათიაშვილი, მამამისთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში შემდეგ პოსტს აქვეყნებს:

 

 

„ჩემი მეგობრის ინიციატივაა - დაწერეთ ყველამ: #ირაკლიბათიაშვილიგმირია

 

დავიწყე წერა ამ გულწრფელი სტატუსის, მერე წავშალე... დავიწყე წერა ისევ და მერე ვიფიქრე, ეს ჩემი, ქართველის, ვალია და ბოლომდე დავწერ სათქმელს!

 

ყველას გთხოვთ, ბოლომდე წაიკითხოთ ეს სტატუსი და მამაჩემის, ამ საოცრად თავმდაბალი, თქვენთვის არაერთხელ თავგადადებული გმირის მიმართ, თქვენი პატივისცემა გამოხატოთ და გააზიაროთ ეს სტატუსი.

 

თქვენ ყველამ იცით, რომ ეროვნული მოძრაობა ირაკლი ბათიაშვილის სახლში აღორძინდა, თქვენ ყველამ იცით, რომ არა მამაჩემის, ირაკლი ბათიაშვილის  და იმ 21 ადამიანის თავდადება 9 აპრილს, ალბათ, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვება კიდევ დიდი ხნით გადაიწევდა. ისიც იცით, რომ მხოლოდ ირაკლი ბათიაშვილი დარჩა ბოლომდე 9 აპრილს, რუსთაველის გამზირზე ხალხთან ერთად და ფიზიკურად შეეჯახა რუსეთის ჯარს. ეროვნული ლიდერებიდან მოცელილი და დასისხლიანებული მხოლოდ ირაკლი შეიტანეს მორგში როგორც ცხედარი და ვინც რა უნდა ის თქვას, მაგრამ იმას ვერ წაშლიან, რომ მხოლოდ ირაკლი ბათიაშვილს არ შეეშინდა, არ დაიხია უკან და საკუთარი სისხლი დაღვარა სამშობლოს დამოუკიდებლობის მოპოვებისთვის.

 

მამაჩემი ღმერთის წყალობით რომ არ გადარჩენილიყო მაშინ, ახლა მისი ძეგლი იდგებოდა რუსთაველზე. გულზე მჯიღს დაირტყამდა ყველა და მის გმირობას არაერთ ლექსს თუ პოემას მიუძღვნიდნენ და ფილმებს გადაიღებდნენ. ღმერთმა დღეგრძელი მიმყოფოს ჩემი უღირსეულესი მამა!

 

და რა ხდება ახლა. სასკოლო ისტორიის წიგნი გადავშალე და გაოგნებული დავრჩი. მამაჩემის გმირობის შესახებ არათუ არც ერთი სიტყვა არ არის თქმული, საერთოდ გვარი და სახელიც კი ამოშლილი აქვთ. თურმე სულ თავისით აღორძინდა ეროვნული მოძრაობა, სულ თავისით მოფრენილა საქართველოს დამოუკიდებლობა. ყველას ღვაწლი აქვს თურმე მამაჩემის გარდა...  იმის მაგივრად, ამაყობდნენ კაცით, რომელმაც ამხელა ისტორიული სიკეთე  მოუტანა ქართველ ხალხს. იმის მაგივრად, უხაროდეთ, რომ ცოცხალი გმირი ჰყავთ, ცდილობენ ისტორიის გაყალბებას და მისი გმირობის ამოშლას ისტორიიდან. ვინ არიან ის „მემატიანეები“, როგორც უნდათ, ისე რომ ჭრიან და კერავენ?! რა უფლება აქვთ, საქართველოს ისტორიას თავის ნებაზე და ვიღაცეების დაკვეთით რომ ამახინჯებენ?! როგორც ჩანს, ზოგიერთს უნდა ისტორიაში ღირსეულად დაიმკვიდროს თავი ან ვინმე თავისიანს დაუბევოს ადგილი.

 

სირცხვილია ისტორიის გაყალბება!

 

ჩვენ თუ არ ვიამაყებთ ჩვენი ისტორიით, სხვა ქვეყნებს როგორ უნდა მოვთხოვოთ ჩვენი ისტორიის დაფასება??

ირაკლი ბათიაშვილი - ადამიანი, რომელიც ეროვნული მოძრაობის 5 ლიდერთაგან (ეროვნულ მოძრაობას სულ ჰყავდა ხუთი ლიდერი: მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდია, ირაკლი ბათიაშვილი, გია ჭანტურია და ირაკლი წერეთელი) ერთადერთია, რომელმაც 9 აპრილს საკუთარი სისხლი დაღვრა და ჩახტა ხალხში ტრიბუნიდან და მორგიდან მკვდარი ამოიყვანეს. ამ ფაქტის თვითმხილველებიც არიან, ამის გარდა, უამრავი ადამიანი წერდა და ამბობდა ხმამაღლა ამ გმირობაზე. ბატონმა ელდარ შენგელაიამ პარლამენტის ტრიბუნიდან პირდაპირ გააჟღერა ეს ფაქტი და ჩვენი ტელევიზიის არქივში უნდა ინახებოდეს ეს მასალა. რომ არა ერთ-ერთი ლიდერის - ირაკლი ბათიაშვილის ასეთი თავგანწირვა, ზვიად გამსახურდიას სახლთან მეორე დილას მივარდნილი გამწარებული ნატანჯი  ხალხის სიბრაზეს ვერაფერი ჩააცხრობდა, რადგან მათმა პატარა სულ  ახალგაზრდა შვილებმა 9 აპრილს სიცოცხლე გაიღეს, ხოლო ლიდერები სახლში აღმოჩდნენ. იქ, ზვიადის სახლთან მისულ ხალხში გავრცელდა, რომ მათი ირაკლი, ერთ-ერთი ლიდერი, 9 აპრილს რუსთაველის გამზირიდან ნახევრად მკვდარი წაიყვანეს რეანიმაციაში და სიკვდილს ებრძოდა. ცნობილი ფოტოგრაფი იური როსტის გადაღებული ფოტოებიც არის საავადმყოფადან. ეს რომელიმე ლიდერის გმირობას კი არ აკნინებს, მათ ასევე ბევრი გააკეთეს ამ ქვეყნისთვის! მერაბი 9 აპრილამდე „გულაგებში“ იჯდა! სიტყვა ვერ დააცდენინეს ამ ბუმბერაზ კაცს!

 

მაგრამ, მითხარით, შეიძლება სკოლის ისტორიის წიგნებში ბავშვებს ასწავლიდნენ ეროვნულ მოძრაობას და ირაკლი ბათიაშვილის გმირობა, რომელმაც საქართველოს ბედი გადაწყვიტა, არ აღნიშნონ??? არ მოუყვნენ ბავშვებს, რას ნიშნავს გმირობა და პატრიოტიზმი? არ აღნიშნონ, სად დაიწყო, სად აღორძინდა ეროვნული მოძრაობა? რომ ზუსტად ირაკლის სახლში მდგარ მრგვალ მაგიდასთან, მის სახლში აღორძინდა და შეიკრა ეროვნული მოძრაობა! შეიძლება ასეთი ისტორიული უსამართლობა არსებობდეს?!

 

სირცხვილია! ეს ჩვენი ქვეყნის ისტორიის და ჩვენი ხალხის შეურაცხყოფაა!

 

ამერიკის შეერთებულ შტატებს ხელისგულზე დაჰყავდა მაკ-კეინი, რადგან ცოცხალი გმირი ჰყავდათ! იმიტომ რომ, ამერიკა, ის ქვეყანაა, სადაც მიუხედავად იმისა, ვინ არის ხელისუფლებაში და რა პოლიტიკას აწარმოებს, ამაყობენ თავისი გმირებით და ჩვენ ამ დროს გვყავდა ბიძინა ჩოლოყაშვილი, ილია მართალი, არგვეთის მთავრები, ქსნის ერისთავები, მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდია, მთლიანად ეროვნული მოძრაობა, ის ხალხი, ვინც სიცოცხლე გაწირა 9 აპრილს და ირაკლი ბათიაშვილი - ერთადერთი ლიდერი, რომელმაც 9 აპრილს თავისი სისხლით მოაწერა დამოუკიდებლობას ხელი და საქართველოს ახლანდელ და მომავალმა ხელისუფლებამ ეს გმირები საქართველოს ერთიანობის სიმბოლოდ  უნდა გაიხადონ!

 

დიახ, როცა გინდა სჯეროდეს შენი შენს ხალხს, სჯეროდეს შენი მიზნების და პატრიოტიზმის, შენ, ხელისუფლებამ უნდა დაანახო შენს ხალხს, თუ როგორ სცემ პატივს შენს წარსულს, შენს ისტორიას და შენს გმირებს! “ - წერს ირინა ბათიაშვილი.

 

right_banner
არქივი
right_banner