logo_geo
eng_logo
გიორგი ცუცქირიძე: სავალუტო ფონდის პროგნოზი პასუხია ოპოზიციის წინასაარჩევნო სპეკულაციებზე - ქვეყნის ეკონომიკას რეგიონში ყველაზე მაღალი ზრდის ტენდენცია ექნება
- +

15 ოქტომბერი. 2020. 16:34

 

 

„საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზი ფაქტობრივად პასუხია ოპოზიციური სპექტრის წინასაარჩევნო სპეკულაციებზე არაეფექტურ ანტიკრიზისულ მენეჯმენტზე, ეკონომიკის მოსალოდნე კოლაფსსა თუ კრიტიკულად გაზრდილ სამთავრობო ვალზე. თითქოსდა, მთავრობის ვალი მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში, მომავალ წლებში ჩვენი გადასახდელების ხარჯზე არის გაზრდილი. პირიქით, როგორც ვხედავთ, გლობალური რეცესიის გამოწვევების და გაურკვევლობის ზრდის მიუხედვად, საქართველო არის იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც შედარებით ნაკლები დანაკარგებით მოახერხებენ ეკონომიკური რეცესიიდან გამოსვლას და ეკონომიკური აქტივობის ზრდასთან ერთად, ქვეყნის ეკონომიკას რეგიონში ყველაზე მაღალი ზრდის ტენდენცია ექნება“, - ასე ეხმაურება „ფეისბუქზე“ ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე, სავალუტო ფონდის მიერ მსოფლიო ეკონომიკის ყოველწლიურ მიმოხილვაში საქართველოს ეკონომიკური განვითარების საპროგნოზო ინფორმაციას.

 

„ნიშანდობლივია, რომ IMF-ის შეფასება, გაცილებით ოპტიმისტური შეფასებაა, ვიდრე მსოფლიო ბანკის პროგნოზი, რომელიც 2021 წელს შედარებით ნაკლებ 4%-იან აღდგენას ითვალისწინებს. შედარებისათვის მიმდინარე წლის რეცესიის შემდეგ, რეგიონის ქვეყნების ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2 % დან 3 %-ის ფარგლებში მერყეობს. თვით ბელორუსის შემთხვევაშიც კი, რომელმაც არ ჩაკეტა თავისი ეკონომიკა 2020 წელს ვარდნა 3%, 2021 წელს აღდგენა მხოლოდ 2.2% იქნება, ხოლო ყაზახეთში 3 %“, - აღნიშნავს ექსპერტი.

 

გიორგი ცუცქირიძის განცხადებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზი, ოპტიმისტურია საშუალოვადიან პერიოდშიც. თვალსაჩინოებისათვის, 2021-2025 წლებში საქართველოს ექნება ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა რეგიონის ქვეყნებს შორის, და შესაბამისად საქართველოს ეკონომიკა ყველაზე სწრაფადაც გადალახავს პრეკრიზისულ მაჩვენებელს. ეს ფაქტორი კი რეგიონში დაწყებული საომარი მოქმედებების კონტექსტშია მნიშვნელოვანი.

 

„რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, უკვე, მომავალი 2021 წლიდან ქვეყნის ეკონომიკა ვალის შემცირების ტენდენციაზე გავა და საქართველო ექნება იმ ქვეყნებს შორის, რომელიც საშუალოვადიან პერიოდში ეფექტურად მოახერხებს ვალის მართვას, მისი შემდგომი შემცირებით, და რაც გასულ წლებში ფისკალური რეფორმის შედეგად ფისკალური ბუფერების დაგროვებით გახდა შესაძლებელი. ეს ფაქტორი იმითაც არის აღსანიშნავი, რომ ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა თუნდაც ევროკავშირის წევრი ქვეყნები ჩეხეთი, ესტონეთი, რუმინეთი, პოლონეთი ვალი 2020 წლის შემდგომაც ეზრდებათ,“ - განაცხადა გიორგი ცუცქირიძემ.

 

შეგახსენებთ, 14 ოქტომბერს გამოქვეყნდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის გლობალური ეკონომიკის ოქტომბრის თვის მიმოხილვა, რომლის მიხედვითაც საქართველოს ეკონომიკა ევროპასა და რეგიონში 2021-2025 წლებში ყველზე მაღალი ტემპებით გაიზრდება.

 

 

right_banner
არქივი
right_banner