logo_geo
eng_logo
სიმონ კილაძე: ანკარას (და მოსკოვს) აჭარაში და ნახჭივანში ჯარების შეყვანის იურიდიული უფლება არ აქვთ
- +

17 ოქტომბერი. 2020. 17:36

 

 

 

ანალიტიკოსი სიმონ კილაძე სოციალურ ქსელში ყარსის ხელშეკრულების დებულებებს განიხილავს და წერს, რომ აღნიშნულ ხელშეკრულებაში არ მოიძებნება მუხლი, აჭარისა და აზერბაიჯანის ნახჭივნის ავტონომიებში რუსეთისა და თურქეთის ჯარების შეყვანის თაობაზე.

 

როგორ "იბადება" და ვრცელდება დეზინფორმაცია

 

ზოგიერთმა რუსმა (და კიდევ სხვა ეროვნების) ჟურნალისტებმა თუ "ექსპერტ-პოლიტიკოსებმა" ვერადავერ გააცნობიერეს ის ჭეშმარიტება, რომ ყარსის ხელშეკრულებაში არ არის დებულება (მუხლი) საქართველოს აჭარისა და აზერბაიჯანის ნახჭივნის ავტონომიებში რუსეთისა და თურქეთის ჯარების შეყვანის თაობაზე.

 

მაგალითად, გუშინ საღამოს რუსულმა პოპულარულმა გამოცემამ (ინტერნეტ-გაზეთმა) "ვზგლიად"-მა გამოაქვეყნა სტატია სათაურით "თურქეთს შეუძლია კავკასიაში ჯარი შეიყვანოს, ლენინთან დადებული ხელშეკრულების ძალით". მისი ავტორებია მიხეილ მოშკინი და არტურ პრიმაკი.

 

აი, რას წერენ ისინი:

 

"1921 წელს გაფორმებული ყარსის ხელშეკრულების ყველაზე მნიშვნელოვანი დებულება ისაა, რომ (შემდეგ დიდი ასოებით) თურქეთი და რუსეთი იტოვებენ უფლებას აჭარაში და ნახჭივანში თავიანთი ჯარების შეყვანაზე - ამ რეგიონებში სხვა სახელმწიფოების შეჭრის შემთხვევაში".

 

ავტორებს აშკარად დაეზარათ ყარსის ხელშეკრულების ტექსტის გადამოწმება და ბრმად დაუჯერეს გუშინვე რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს "რია ნოვოსტის" მიერ გავრცელებულ მასალას, სადაც იგივეა მითითებული (ამის შესახებ უკვე დავწერე პოსტი) და ახლა ეს მცდარი ინფორმაცია (დეზინფორმაცია) მთელ დუნიაზე "დასეირნობს".   

 

გარდა ამისა, სტატიაში ასევე არასწორადაა მოცემული, რომ ყარსის ხელშეკრულება "100 წლის ვადით არის დადებული" და "2021 წლის 21 ოქტომბრამდე თურქეთს უფლება აქვს ნახჭივანში თავისი ჯარი შეიყვანოს, თუ დაინახავს, რომ მის უსაფრთხოებას რომელიმე სახელმწიფო, ვთქვათ, სომხეთი დაემუქრება".

 

ყარსის ხელშეკრულებაში არც ეს დებულებები არ არსებობს. მასში მოქმედების ვადა მითითებული არ არის (ე.ი. უვადოა) და აღნიშნულია მხოლოდ ის, რომ ნახჭივნის ავტონომია იქმნება აზერბაიჯანის მფარველობით.

 

გასაგებია, რომ დღევანდელი საომარი სიტუაციის გათვალისწინებით, თუ სომხეთი და თურქეთი მოისურვებენ (თეორიულად), პირველს შეუძლია შეიჭრას ან დაბომბოს, მეორეს კი შეუძლია ჯარი შეიყვანოს, მაგრამ თურქეთის სავარაუდო მოქმედების გამართლება ყარსის ხელშეკრულების დამოწმებით არ შეიძლება. ანკარას (და მოსკოვს) არც აჭარაში და არც ნახჭივანში ჯარების შეყვანის იურიდიული უფლება არ აქვთ. ვიმეორებ, ამ დოკუმენტში მსგავსი დებულება არ არსებობს“, - წერს სიმონ კილაძე.

 

right_banner
არქივი
right_banner