logo_geo
eng_logo
თენგიზ ცერცვაძე: შეიმჩნევა ტენდენცია, რომ საზღვარგარეთ მოღვაწე ზოგიერთი ქართველი ექიმი თავს ვალდებულად თვლის ნეგატიურად წარმოაჩინოს საქართველოს ჯანდაცვის სისტემის და ექიმების საქმიანობა
- +

23 ნოემბერი. 2020. 01:52

 

 

 

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს სახელწოდებით: „ჩვენთან ავსტრიაში“.

 

განცხადებაში ის ავსტრიასა და გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმების კრიტიკას პასუხობს.

 

ცერცვაძის თქმით, შეიმჩნევა ტენდენცია, რომ საზღვარგარეთ მოღვაწე ზოგიერთი ქართველი ექიმი თავს ვალდებულად თვლის, საქართველოში COVID საწინააღმდეგო ღონისძიებების შეფასებისას ნეგატიურად წარმოაჩინოს საქართველოს ჯანდაცვის სისტემის და ექიმების საქმიანობა და ხაზი გაუსვან, რომ მათთან ყველაფერი გაცილებით უკეთ კეთდება. ქვეყნის მთავარი ინფექციონისტი მიიჩნევს, რომ ეს უკეთეს შემთხვევაში ტენდენციური დამოკიდებულებაა მათი მხრიდან, ხოლო უარეს შემთხვევაში - დიდი ტყუილი.

 

ის ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს წარმატებას კორონავირუსთან ბრძოლაში ევროპისა და ამერიკის წამყვანი სპეციალისტები, მათ შორის ენტონი ფაუჩიც აღიარებს, მაშინ, როდესაც იმავე ქვეყნებში მცხოვრები ქართველი ექიმები მხოლოდ ნაკლოვანებებს ხედავენ.

 

„ა.წ. 21 ნოემბერს ქ-ნმა ირმა კვიცარიძემ, რომელიც ავსტრიაში. ქ. ინსბრუკში საქმიანობს „მთავარი არხის“ ეთერში საუბრისას აღნიშნა, რომ საქართველოში COVID-19-ს „მოძველებული პროტოკოლებით მკურნალობენ“. ქ-ნო ირმა, ავსტრია - ევროპის და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე სამაგალითო ქვეყანაა, შეიძლება ითქვას ამქვეყნიური სამოთხეა, COVID-ის მართვაშიც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია. ხო და, თუ საქართველოში COVID-ს მოძველებული პროტოკოლებით ვმკურნალობთ, როგორ მოხდა, რომ საქართველოს აქვს, მართალია მცირედით, მაგრამ მაინც ავსტრიაზე დაბალი COVID სიკვდილობის მაჩვენებელი (საქართველოს 0,93%, ავსტრიას - 0,97%, რაც COVID19-ის კლინიკური მართვის ეფექტიანობის პირდაპირი კრიტერიუმია და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, საქართველოს ჰყავს 1 მილიონ მოსახლეზე გადაანგარიშებით COVID-19-ით გარდაცვლილთა ნაკლები რაოდენობა (233), ვიდრე ავსტრიას (258). ვიმეორებ, სხვაობა დიდი არ არის, მაგრამ მაინც საქართველოს სასარგებლოდაა, რაც ცალსახად იმაზე მეტყველებს, რომ საქართველო თავისი „მოძველებული პროტოკოლებით“, როგორც მინიმუმ ტოლს არ უდებს ავსტრიას. სინამდვილეში და ამას მსოფლიოს ყველა ობიექტური ექსპერტი ადასტურებს, საქართველოში COVID პაციენტების კლინიკური მართვა ხორციელდება მსოფლიოში ყველაზე მაღალი სტანდარტებით და თან, უახლესი და ინოვაციური მიდგომების გამოყენებით. მნიშვნელოვანი კომპონენტია ე.წ. კოვიდ სასტუმროების ფართოდ გამოყენება, რომლებიც შუალედურ როლს ასრულებენ კლინიკებსა და ბინაზე მყოფ პაციენტებს შორის და სადაც შედარებით მსუბუქი მიმდინარეობის მქონე ავადმყოფები იმყოფებიან სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ. თუ ქ-ნი ირმა სურვილს გამოთქვამს, მე სიამოვნებით შევხვდები მას ტელედებატებში (ცხადია, ჩემი განკურნების შემდეგ) და შევეცდები ავუხსნა მას, რომ „ჩვენთან საქართველოში“ COVID-19-ს უკეთესად, ყოველ შემთხვევაში არაუარესად მკურნალობენ, ვიდრე „მათთან ავსტრიაში“, - წერს ცერცვაძე.

 

მის წერილში გერმანიაში მოღვაწე გიორგი გრიგოლიას კრიტიკის შესახებაც არის საუბარი, რომელმაც სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.

 

„ამ შემთხვევაში მე მთლიანად ვიზიარებ ბ-ნი გიორგის გულწრფელ შეშფოთებას და წუხილს საქართველოში COVID შემთხვევების მკვეთრ ზრდასთან დაკავშირებით. მიმაჩნია, რომ ეს უკანასკნელი გამოიწვია რამოდენიმე ფაქტორმა - საქართველომ ევროპის სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, საზოგადოების განწყობისა და საარჩევნო პერიოდის სპეციფიკის გათვალისწინებით უარი თქვა განმეორებით ლოკდაუნზე და მკაცრ შეზღუდვებზე, აგრეთვე იმან, რომ საქართველოს მოსახლეობამ ნაადრევად ირწმუნა, რომ COVID ქვეყნისთვის სერიოზულ საფრთხეს არ წარმოადგენს და პრაქტიკულად უარი თქვა იმ აუცილებელი რეგულაციების შესრულებაზე (პირბადის ტარება დახურულ და ღია სივრცეში, სოციალური დისტანცირება, ხალმხმრავალ შეკრებებისგან თავის შეკავება და სხვ.), რამაც მნიშვნელოვნად განაპირობა COVID-19-ის ახალი შემთხვევების სწრაფი მატება და შესაბამისად კლინიკური სექტორის სერიოზული გადატვირთვა, რასაც ქვეყანა ჯერჯერობით მართალია სერიოზული შეფერხებებით, მაგრამ მაინც უმკლავდება, რაზეც მეტყველებს თუნდაც სიკვდილობის ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი და ჰოსპიტალს გარეთ (ბინაზე, კოვიდ სასტუმროებში და სხვ.) გარდაცვლილი პაციენტების ძალიან მცირე რიცხვი - სულ 7-8 შემთხვევა. მაგრამ ასე გაგრძელება არ შეიძლება. მინდა დავარწმუნო ბატონი გიორგი გრიგოლია და საქართველოს ყველა კეთილის მოსურნე, რომ ქვეყნის და ჯანდაცვის სისტემის ხელმძღვანელობა ყველაფერს აკეთებს მდგომარეობის შესაძლო მოკლე ვადაში გამოსასწორებლად“,-აღნიშნულია თენგიზ ცერცვაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში“, - აცხადებს ცერცვაძე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner